ინციდენტი ქერჩის ხიდთან - რამდენად რეალურია ახალი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობა? - კვირის პალიტრა

ინციდენტი ქერჩის ხიდთან - რამდენად რეალურია ახალი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობა?

25 ნოემბერს ქერჩის ხიდთან მომხდარმა დაპირისპირებამ მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. გაჩნდა იმის მოლოდინიც, რომ მცირე დაპირისპირება ახალ კონფლიქტში გადაზრდილიყო, თუმცა საბედნიეროდ ასე არ მოხდა. დღეისთვის გვაქვს შემდეგი შედეგი:

1. რუსეთმა ყირიმში საზენიტო სარაკეტო კომპლექსის С 400-ების რაოდენობა ოთხ დივიზიონამდე გაზარდა;

2. მართალია აღდგა ქერჩის სრუტეში სამოქალაქო და სავაჭრო გემების მიმოსვლა, მაგრამ რუსეთმა ყველას და პირველ რიგში უკრაინას დაანახა, რომ აზოვის ზღვაზე მას სერიოზული პრეტენზიები აქვს და იქ სამხედრო გემების მოძრაობა მათი თანხმობის გარეშე არ მოხდება;

3. უკრაინამ ქვეყნის 10 ოლქში 30 დღიანი სააომარი მდგომარეობა შემოიღო (თუმცა თავიდან იგეგმებოდა, რომ პეტრო პოროშენკოს საომარი მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 60 დღის განმავლობაში შემოეღო), რომელიც 26 დეკემბრის 14:00 საათამდე გასტანს; უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო რადაში გამოსვლისას

4. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს შესვლა აუკრძალა, რაც პეტრო პოროშენკომ იმით ახსნა, რომ რუსეთმა უკრაინაში "კერძო არმიების შექმნა ვერ განახორციელოს".

5. პეტრო პოროშენკომ გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მოუწოდა უკრაინის მხარდასაჭერად აზოვის ზღვაში სამხედრო გემები შეეყვანა, რაზეც უარი მიიღო. მეტიც, რამდენად დაუწესდება რუსეთს სანქციები ქერჩის ხიდთან მომხდარი ინციდენტის გამო ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

პეტრო პოროშენკოს ქმედებები არაერთგვაროვნად შეფასდა დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და 500 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებაც გამოუყვეს, ახალ სანქციებსა და მით უმეტეს, სამხედრო დახმარებაზე საუბარიც კი არ ყოფილა. გარდა ამისა, უარყოფითად შეფასდა უკრაინაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შესვლაზე აკრძალვის დაწესება.

"დოიჩე ველესთან" საუბრისას ექსპერტმა რუსეთის საკითხებში ჰანს-ჰენინგ შროდერმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით უკრაინამ კონფლიქტი გაამწვავა. "ვითარების განმუხტვის ნაცვლად ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა დააწესა, რაც არც ისე გონივრულია".

ბუნდესტაგის დეპუტატმა იურგენ ტრიტინმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"თუ შევხედავთ ვითარებას აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკსა და ლუგანსკში, დავინახავთ შიდა კონფლიქტისა და გარე ინტერვენციის კომბინაციას. ეს არის ის, რისიც უკრაინას ეშინია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ვერ შეჩერდება, მაგალითად, ნათესავებისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვით. ეს მხოლოდ გაამწვავებს კონფლიქტს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილება იყო. აკრძალვა საზღვრის ორივე მხარეს მყოფ ოჯახებს შეეხება".

არ გამორიცხეს ისიც, რომ პეტრო პოროშენკო მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდეს უკრაინაში და რუსეთთან კონფლიქტის გამოყენებას რეიტინგის ასამაღლებლად იყენებდეს. "მეჩვენება, რომ უკრაინის რეაქცია რუსეთის პროვოკაციაზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული უკრაინაში და პოროშენკოს რეიტინგის შემცირებასთან იყოს დაკაშირებული" - ასეთი იყო ტრიტინის შეფასება. უკრაინული სამხედრო ხომალდები, რომლებიც რუსეთს ჯერ არ დაუბრუნებია

რამდენად მართალია თუ მცდარია ეს შეფასება, ამას შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკაც აჩვენებს. ნებისმიერმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს მხარე რუსეთთან არათუ სამხედრო კონფლიქტს არ დაიწყებს, არამედ ყველანაირ დაძაბულობასაც მოერიდება ამ მიმართულებით. ამიტომაც ვნახეთ დასავლეთის ლიდერებისგან მკაცრი დაგმობა და დუმილი ახალ სანქციებთან დაკაშირებით. ეს რა თქმა უნდა, იცის პეტრო პოროშენკომაც, შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ მან შესაძლოა მართლაც წინასაარჩევნოდ გამოიყენოს ქერჩის ხიდთან მომხდარი ინციდენტი.

რატომ გადაიფიქრა ტრამპმა პუტინთან შეხვედრა?

დიდი ყურადღება მიიქცია ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეაქციამ და მისმა გადაწყვეტილებამ აღარ შეხვედროდა "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. ერთი შეხედვით ეს უკრაინის გამო გააკეთა და თავადაც ასე აღნიშნავს, მაგრამ რამდენად მართალია ეს შეფასება? 'ეფ-ეს-ბეს' მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაური

ტრამპის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა და მისმა დიდი ხნის თანამებრძოლმა მაიკლ კოენმა პუტინთან შეხვედრის გაუქმებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალი აღიარა და აღნიშნა, რომ 2016 წლის ამერიკის საპრეზიდნეტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მცდარი ჩვენებები მისცა. ეს გამოძიება, რომელსაც საგანგებო პროკურორი რობერტ მიულერი უძღვება ტრამპისთვის მუდმივად თანმდევ პრობლემას წარმოადგენს (მიუხედავად მისი მხრიდან თავდაუზოგავი მტკიცებისა, რომ ეს ყველაფერი წმინდა წყლის სიცრუეა). არ არის გამორიცხული პუტინთან შეხვედრის გაუქმება სწორედ ამითაც ყოფილიყო განპირობებული. სხვაგვარად რატომ მოხდა, რომ დიდი ხნის დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც 1-ელ დეკემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა 29 ნოემბერს, მაშინ როცა ქერჩის ხიდთან ინციდენტი 25 ნოემბერს მოხდა?

ერთი რამ ნათელია - ორმაგი სტანდარტი არსებობს ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკაში, იქნებიან ეს დასავლეთის დემოკრატიის შუქურები, როგორც შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი თუ ადამიანის უფლებათა უხეშად დამრღვევი პუტინის რეჟიმი ან თურქეთი და საუდის არაბეთი. სწორედ ასეთ დროს აქვს დიპლომატიისა და პოლიტიკური ალღოს გამოყენებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს