"ანკარასთვის მიუღებელია აშშ წვრთნიდეს ტერორისტებს" - რატომ იწყებს თურქეთი სამხედრო ოპერაციებს სირიის ჩრდილოეთში? - კვირის პალიტრა

"ანკარასთვის მიუღებელია აშშ წვრთნიდეს ტერორისტებს" - რატომ იწყებს თურქეთი სამხედრო ოპერაციებს სირიის ჩრდილოეთში?

12 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, ეს ოპერაცია ძალიან მალე უნდა დაიწყოს და მიმართული იქნება ტერორისტების წინააღმდეგ - "ისლამური სახელმწიფოს" წევრებისა და "სახალხო თავდაცვის დანაყოფების" (YPG) წინააღმდეგ. YPG წარმოადგენს ქურთისტანის მშრომელთა პარტიის (PKK) ნაწილს, რომელიც სირიელებისგან არის დაკომპლექტებული. ორივე მოძრაობას თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

სირიის კონფლიქტში თურქეთი აქტიურად 2016 წელს ჩაერთო, როცა დაიწყო სამხედრო ოპერაციის განხორციელება სახელწოდებით "ევფრატის ფარი". ეს ოპერაცია 24 აგვისტოდან 2017 წლის 29 მარტამდე გაგრძელდა. მეორე სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის რტო" ერდოღანმა 2018 წლის 20 იანვარს დაიწყო და 18 მარტამდე გასტანა. ეს რიგით მესამე ოპერაცია იქნება, რომელსაც ერდოღანი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე განახორციელებს.

რატომ იწყებს თურქეთი სამხედრო ოპერაციებს სირიის ჩრდილოეთში?

სირიაში სამხედრო ოპერაციების ჩატარებას ერდოღანის მხრიდან რამდენიმე მიზეზი აქვს.

1. ბრძოლა ქურთებისა და მათი დაჯგუფებების წინააღმდეგ წინააღმდეგ;

2. თურქეთში მყოფი სირიელი დევნილების ისევ სირიაში დაბრუნება;

3. სუნიტურ არაბულ სამყაროში ლიდერის როლის მოპოვება და მთავარი მოწინააღმდეგის, საუდის არაბეთის ჩამოშორება.

ეს არის ის სამი მიზეზი, რის გამოც ერდოღანი სირიაში სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად

ქურთების საკითხი თურქეთისთვის ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ატარებდა, თუმცა სირიაში სამოქალაქო ომისა და კონფლიქტის დაწყების შემდეგ მათი საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა. ქურთებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში, 2017 წლის 25 სექტემბერს კი ერაყელმა ქურთებმა ჩაატარეს რეფერენდუმი იმასთან დაკაშირებით, სურდათ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონოდათ. იქ მცხოვრები ქურთების 92%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას.

რეფერენდუმის შედეგების განხორციელება ვერ მოხერხდა როგორც ერაყის ხელისუფლების, ისე მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან წინააღმდეგობის გამო, თუმცა ამ რეფერენდუმმა სიგნალი მისცა ერდოღანს, რომ თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა ერაყში, მაშინ იგივე შეიძლებოდა მომხდარიყო თურქეთშიც. ამ რეფერენდუმიდან მალევე, 2018 წლის 20 იანვარს ერდოღანმა სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის რტო" დაიწყო.

რუკაზე კარგად ჩანს, რომ ქურთების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ თურქეთის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

ქურთების მოძრაობების გაძლიერებაში თავისი როლი შეიტანა დასავლურმა კოალიციამაც, რომელსაც შეერთებული შტატები უდგას სათავეში. "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ქურთები, კერძოდ კი YPG გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ და ახლაც მათ უპირველეს მოკავშირეებად ითვლებიან სირიის ოპოზიციასთან ერთად.

მიუხედავად ამერიკასთან მოკავშირეობისა ერდოღანი უკან არ იხევს და მაინც ცდილობს სრულიად გაანეიტრალოს ის საფრთხე, რომელსაც მისი აზრით ქურთები უქმნიან თურქეთს.

როგორია ამერიკის პოზიცია?

ამერიკა თურქეთის ამ ახალმა ინიციატივამ ძალიან შეაშფოთა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ერდოღანმა სამხედრო ოპერაცია უნდა განახორციელოს ანუ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, მათ განლაგებული ჰყავთ 2 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, აქ საბრძოლო მოქმედებებმა კი შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს.

"ცალმხრივი სამხედრო მოქმედებები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ნებისმიერი მხარის მიერ, განსაკუთრებით შეერთებული შტატების სამხედრო პერსონალის არსებობის გამო, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს" - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა შონ პიტერსომა. ეს გაფრთხილება ერდოღანის ინიციატივის გაჟღერებიდან მალევე გაკეთდა.

მან აღნიშნა, რომ სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) და YPG შეერთებული შტატების მტკიცე მოკავშირეებად რჩებიან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში.

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი

იმავე დღეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ ანკარასთვის მიუღებელია შეერთებული შტატები წვრთნიდეს YPG/ PKK-ს ტერორისტებს.

ძნელი სათქმელია თუ როგორ განვითარდება მოვლენები და შეძლებს თუ არა შეერთებული შტატები ამ ინიციატივაზე ხელი ააღებინოს თურქეთს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" მსვლელობისას შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გამოთქვა მსგავსი შეშფოთება, თუმცა თურქეთმა მაინც მიაღწია თავის მიზანს და ახლა აფრინის რეგიონი პრაქტიკულად მისი კონტროლის ქვეშ არის.

რას იზამს რუსეთი?

საინტერესოა როგორ პოზიციას დაიჭერს ამ შემთხვევაში რუსეთი. აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა და შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი სირიის საკითხი იყო.

არ არის გამორიცხული, რუსეთისთვისაც მიუღებელი იყოს ქურთების ასე გაძლიერება სირიაში, მით უმეტეს მათდამი მხარდაჭერა ამერიკელების მხრიდან. შესაბამისად თურქეთის სამხედრო ოპერაციები მათაც აძლევს ხელს. სანაცვლოდ მათ შეიძლება სირიის ჩრდილოეთში გარკვეულ ტერიტორიებზე უარი თქვან, დროებით, სამაგიეროდ კი ექნებათ მყარი ურთიერთობები ერდოღანთან.

თურქეთთან ახლო ურთიერთობა რუსეთისთვის სხვა მხრივაც სასარგებლოა. ერდოღანი მიუხედავად შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების მხრიდან ზეწოლისა, მაინც არ ამბობს უარს რუსული С-400-ების შეძენაზე. ეს შეთანხმება დაახლოებით $2,5 მილიარდი ღირს.

გარდა სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა, თურქეთი და რუსეთი ერთად აშენებენ გაზსადენს "თურქეთის ნაკადი", რომლის ღირებულებაც €11,4 მილიარდია.

რუსეთისთვის ეს ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთში გარკვეული მცირე ზომის ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება, შესაბამისად, სავარაუდოა რომ ის თურქეთის ქმედებებზე ამჯერადაც თვალს დახუჭავს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს