უკრაინის ეკლესია გაერთიანდა - როგორი იქნება საეკლესიო და პოლიტიკური შედეგები?
უკრაინის ეკლესია გაერთიანდა - როგორი იქნება საეკლესიო და პოლიტიკური შედეგები?
2018 წლის 15 დეკემბერი უკრაინისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ისტორიული დღეა - წმინდა სოფიას ტაძრში ჩატარდა საეკლესიო კრება და შეიქმნა ერთიანი ეკლესია უკრაინაში, "უკრაინის ავტოკეფალური ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია". ამ საკითხზე მუშაობა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა 2014 წელს მომხდარმა მოვლენებმა პროცესები დააჩქარა. უკრაინის ეკლესიის გაერთიანებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოს I-მა. შეიძლება ითქვას, რომ ახლა უკრაინის ეკლესია ფაქტობრივად დამოუკიდებელია. ამ პროცესში დამაგვირგვინებელი
მოვლენა იქნება კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან ტომოსის მიღება, რითაც ეს უკანასკნელი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალურ ეკლესიად აღიარებს. საზეიმო სიტყვაში პოროშენკომ განაცხადა, რომ ეს 2019 წლის იანვრის დასაწყისში მოხდება.

ვინ არის უკრაინის ეკლესიის ახალი წინამძღოლი?

უკრაინის ეკლესიის ახალ წინამძღოლად 15 დეკემბერს გამართულ კრებაზე აირჩიეს მიტროპოლიტი ეპიფანე, რომელიც ყოფილი კიევის
საპატრიაქროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ფილარეტის მარჯვენა ხელად ითვლება. 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე არის ღვთისმეტყველების დოქტორი, იყო კიევის საპატრიაქროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მუდმივი წევრი.
"ის ძალიან განათლებული ადამიანია, რომელმაც იცის ბერძნული ენა, წლების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონსტანტინოპოლთან, გარდა ამისა გვევლინება ეფექტურ ორგანიზატორად და მმართველად" - ასე ახასიათებს მას ერთ-ერთი რელიგიათმცოდნე იური ჩერნომორეცი.
მიტროპოლიტი ეპიფანე
რას ნიშნავს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება რუსეთისთვის?

რუსეთისთვის უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება არის ძალიან დიდი მარცხი როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკური მნიშვნელობით. ამით რუსეთის ეკლესიამ დაკარგა ერთ-ერთი დიდი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელიც ამიერიდან აღარასდროს იქნება მისი მოკავშირე თუ რუსეთში რამე არ შეიცვალა და ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი სამართლიანად, უკრაინის სასარგებლოდ არ შეიცვალა.

ეს არის პოლიტიკური მარცხი ვლადიმირ პუტინისთვისაც. მან, მიუხედავად აგრესიული პოლიტიკისა, ვერ შეძლო საკუთარი მიზნის მიღწევა და უკრაინის საკუთარ გავლენის სფეროდ ქცევა. უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება არის მარცხი, რომელსაც ვეღარ შეცვლის ვეღარაფერი - ვერც აგრესია და ვერც სამხედრო ტექნიკა.

მიუხედავად ამისა, რუსეთის მხრიდან ადრეც და ახლაც კეთდება განცხადებები და მინიშნებები სავარაუდო შედეგების შესახებ. რუსეთის პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ აღნიშნა, რომ პოროშენკომ ეკლესიის საკითხი საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად და საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად გამოიყენა. მან ისიც აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით გაურკვეველი გახდა უკრაინაში საეკლესიო ქონების საკითხი - თუ ვის ხელში უნდა იყოს და როგორ უნდა გადანაწილდეს ის ეკლესია-მონასტრები, რომლებიც ადრე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში იყო.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მან მინიშნება გააკეთა შესაძლო არეულობებზე და დაპირისპირებაზე. მსგავსი განცხადება გააკეთა უკრაინის რადაში ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც იური ბოიკომაც (პრო-რუსული "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ლიდერმა). რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს საამისოდ ბერკეტები და სამწუხაროდ, შეიძლება სცადოს კიდეც მათი გამოყენება, თუმცა ამით მხოლოდ გააუარესებს ვითარებას და ვერაფერს მოიგებს.

რას ნიშნავს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება პოროშენკოსთვის?

უკრაინის პრეზიდენტისთვის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვებას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ეს არის ის მოვლენა, რომელმაც წესით მისი პოპულარობა უნდა გაზარდოს ხალხში, რაც დადებითად უნდა აისახოს მის რეიტინგზეც.
ახლანდელი ვითარებით პოროშენკო საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. 14 დეკემბერს უკრაინაში სოციალური მონიტორინგის ცენტრმა და სოციალური კვლევების უკრაინულმა ცენტრმა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვით პირველ ადგილზეა პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო 14,8%-ით. მეორე ადგილზე შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი 8,8%-ით. მესამე ადგილზე პარტია სამოქალაქო ინიციატივის ლიდერი ანატოლი გრიცენკო 8,6%-ით. "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ლიდერს იური ბოიკოს 8,3% უჭერს მხარს და მხოლოდ ამის შემდეგ დგას პეტრო პოროშენკო 8,1%-ით.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობა პოროშენკოს არც თავად დაუმალავს. მან საზეიმო სიტყვაში აღნიშნა, რომ "პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან ავტოკეფალიისთვის ბრძოლას განვიხილავდი არა როგორც საეკლესიო საკითხს, არამედ როგორც ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს მშენებლობის საკითხს. რუსულმა აგრესიამ არ დატოვა შესაძლებლობა სხვაგვარად შემეხედა ამისთვის.

რა თქმა უნდა, არც არის გასაკვირი, რომ ეკლესიის ავტოკეფალიას სახელმწიფოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვებასაც ჰქონდა პოლიტიკური მნიშვნელობა, თუმცა ჩემი აზრით, პოროშენოს მხრიდან ამის ასე ხაზგასმა არ იყო აუცილებელი.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ბანერებზე პოროშენკომ უკვე გამოიყენა სამი სიტყვა: "არმია, ენა, სარწმუნოება". ერთ-ერთი უკრაინელი ანალიტიკოსი სერგეი რუდენკო იმასაც აღნიშნავს, რომ ახლა მთავარია პოროშენკომ ეკლესია საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად არ აქციოს.

როგორ შეუძლია პასუხის გაცემა რუსეთს?

"განხეთქილებაში მყოფებმა განხეთქილებაში მყოფი აირჩიეს ახალ მეთაურად. არსებითად, განხეთქილებაში მყოფი ჯგუფისთვის არაფერი შეცვლილა. ადრე უკრაინაში განხეთქილებაში მყოფი ორი შტო იყო, ამიერიდან მომავალში უნდა ველოდოთ მათი რაოდენობის ზრდას" - ასეთი იყო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის პრესმდივნის ალექსანდრ ვოლკოვის განცხადება.
სინამდვილეში განსხვავება ადრინდელ და ახლანდელ ვითარებას შორის ძალიან დიდია, თუნდაც იმიტომ, რომ ახლადშექმნილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის ემზადება კონსტრანტინოპოლი, ამ უკანასკნელთან კი რუსეთის ეკლესიამ უკვე გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი 15 ოქტომბერს.

რუსეთს ასევე შეუძლია შეეცადოს გავლენა მოახდინოს სხვა ეკლესიებზე როგორც პოლიტიკური, ისე საეკლესიო კუთხით, რათა მათ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ აღიარონ და ამით ახალი რეალობა არ დამყარდეს. თუ სხვა ეკლესიებიც აღიარებენ უკრაინის ეკლესიას, მაშინ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთი საეკლესიო კუთხითაც იზოლაციაში მოექცევა, რაც მათთვის წამგებიანია.
ბუნებრივია, თუ გადამწყვეტი არა ერთ-ერთი გადამწყვეტი უკრაინის ეკლესიისთვის იქნება საქართველოს ეკლესიის პოზიცია - თუ საქართველო მათ ავტოკეფალიას აღიარებს, ეს მათთვის სეროზული მხარდაჭერა იქნება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?