ამერიკელების მიერ სირიის დატოვება პუტინისთვის ლანგრით მირთმეული გამარჯვებაა
ამერიკელების მიერ სირიის დატოვება პუტინისთვის ლანგრით მირთმეული გამარჯვებაა
ფოტო:დოლანდ ტრამპი, ბაშარ ასადი და ვლადიმირ პუტინი
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანას იწყებენ. ეს გადაწყვეტილება თეთრ სახლშიც დაადასტურეს. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ტვიტერზე გააკეთა: "სირიაში ჩვენ დავამარცხეთ ისლამური სახელმწიფო, რაც ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში იქ ყოფნის ჩემი ერთადერთი მიზანი იყო".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი მსგავს განცხადებას აკეთებს. მან 1-ლ აპრილს იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა, რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება გამოიწვია. მაშინ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ სირიიდან ასე სწრაფად გამოსვლა
დაუშვებელი იყო, თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი კი აცხადებდა, რომ მიუხედავად "ისლამური სახელმწიფოს" დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგებისა, არსებობდა ამ რადიკალური დაჯგუფების მიწისქვეშეთში გადასვლის საშიშროება და ტერორისტული აქტების ორგანიზება, რის გამოც საჭირო იყო შეერთებული შტატების ჯარები იმდენი ხანი დარჩენილიყვნენ სირიაში, რამდენიც აუცილებელი იქნებოდა "ისლამური სახელმწიფოს" სრულიად გასანადგურებლად.

სირიაში კონფლიქტი უკვე მერვე წელია მიმდინარეობს. ყველაფერი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მშვიდობიანი გამოსვლებით დაიწყო, მაგრამ მალე ყველაფერი სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

ამ რვა წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სწორედ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება იქნება.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაბიჯი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო და არა მარტო იმიტომ, რომ "ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალი საფრთხე ბოლომდე არ განეიტრალებულა.

რას ჰპირდებოდა ამერიკა სირიელ ხალხს?
შეერთებული შტატები მთელი ამ რვა წლის განმავლობაში სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის შეცვლას მოითხოვდა. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის ყოფილი პრეზიდნეტის ბარაკ ობამას განცხადებაც, რომელიც მან 2011 წელს გააკეთა:

"სირიის მომავალი სირიელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, მაგრამ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ამას ეწინააღმდეგება. მისი მოწოდებები დიალოგისა და რეფორმების შესახებ უსარგებლოა მაშინ, როცა ის აპატიმრებს, აწამებს და ხოცავს საკუთარ ხალხს. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ პრეზიდნეტი ასადი დემოკრატიულ ცვლილებებს უნდა ჩასდგომოდა სათავეში ან გზიდან მოგვშორებოდა. მან ეს არ გააკეთა. სირიელი ხალხის გულისთვის, დრო დადგა, რომ პრეზიდენტი ასადი გადადგეს".

უკვე 2015 წელს, გაეროში სიტყვით გამოსვლისას ობამა აცხადებდა, რომ შტატები მუშაობს რუსეთთან და ირანთან ერთად იმისათვის, რომ ასადმა დატოვოს ძალაუფლება და რომ დაუშვებელია სირიაში ომამდელი ვითარება და სტატუს-კვო დამდგარიყო. ამერიკა სირიის კონფლიქტში 2014 წლის 22 სექტემბერს ჩაერთო.

პოლიტიკაში ვითარება მუდმივად იცვლება და შესაბამისად იცვლება პრიოროტეტებიც, ასევე იცვლებიან მტრები და მოკავშირეებიც, თუმცა ტრამპის ახლანდელი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, რუსეთისთვის ლანგარით მირთმეული გამარჯვებაა. ამ გამარჯვების გამო კი ვლადიმირ პუტინმა 2015 წელს მასშტაბული სამხედრო ოპერაცია დაიწყო სირიაში.

სირიაში სამი დიდი სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება - შტატების, რუსეთისა და ირანის. ახლა მათ უკვე თურქეთის შეუერთდა. ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო იქ ამერიკული სამხედრო ძალების არსებობა, მით უმეტეს ახლა, როცა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახალი სამხედრო ოპერაცია დააანონსა სირიის ჩრდილოეთში.

ლანგრით მირთმეული გამარჯვება პუტინისთვის
ტრამპის ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტისთვის საერთაშორისო არენაზე მიღწეული ძალიან დიდი გამარჯვებაა, გამარჯვება რომელიც მას ძალიან სჭირდებოდა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. გამარჯვებაში არ იგულისხმება ის, თუ ვინ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაში. პუტინისთვის ეს არის გამარჯვება იმიტომ, რომ ბაშარ ასადი, რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებაში დარჩა, არ მომხდარა ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილება და ძალაუფლების გადაბარება. რვა წლის განმავლობაში დასავლეთის წამყვანი ქვეყნები ამერიკის ლიდერობით აცხადებდნენ, რომ ასადს უნდა დაეტოვებინა ხელისუფლება, პუტინი და ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. თუკი ვითარებას ამ კუთხით შევხედავთ, დავინახავთ, რომ გაიმარჯვა მეორე მხარემ.

შეერთებული შტატების ყველაზე დიდი მოკავშირეები რეგიონში, ასადისა და ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში იყვნენ ქურთები - სირიის ოპოზიცია SDF (სირიის დემოკრატიული ძალები) და YPG "სახალხო თავდაცვის დანაყოფები". ყველაზე სწორად ამერიკის პრეზიდნეტის ნაბიჯი ალბათ SDF-ის წარმომადგენელმა შეაფასა: "ეს არის ღალატი და ზურგში დანის ჩაცემა".

გარდა რუსეთისა, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ირანისთვისაც მისაღებია - შტატები და მისი "ხისტი" პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს და ირანს სანქციებს უწესებს, ვერ ასრულებს პირობას და ვერ ცვლიან ხელისუფლებას სირიაში. შესაბამისად, ვერც ირანის დამარცხებას შეძლებენ. ასეთი რიტორიკით შეიძლება წარიმართოს პრეზიდნეტ რუჰანის პროპაგანდისტული მანქანა.
დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი
"ჩვენი მეზობლების უმეტესობამ, მათ შორის თურქეთმა, ამერიკა მიახვედრა, რომ შეერთებული შტატების დიქტატის ერა დასრულდა. ვაშინგტონს აღარ შეუძლია საკუთარი ნება მოახვიოს თავს რეგიონს, რომელიც მისგან ათასობით კილომეტრზე მდებარეობს", - ასეთი იყო რუჰანის სიტყვები. ის ანკარაში იმყოფება ორდღიანი ვიზიტით.

თუკი ტრამპის "ტვიტერის" გვერდს გადავხედავთ და ზემოთ აღნიშნულ "ტვიტსაც" დავუკვირდებით დავინახავთ, რომ ტრამპს შტატების მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო კამპანიის წარმოჩენა სურს საკუთარ გამარჯვებად. მას სურს აჩვენოს, რომ სირიაში გამარჯვებას მისი პრეზიდენტობის დროს მიაღწიეს და მან დააბრუნა ამერიკელი ჯარისკაცები სახლში. 2020 წლის საპრეზიდნეტო კამპანიის მსვლელობისას ეს ფაქტი ტრამპს ძალიან წაადგება.

ზემოთ აღინიშნა, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი პუტინისთვის ლანგარზე მირთმეული გამარჯვებაა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე კონფლიქტში. რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებაც სწორედ ამ აზრს ამყარებს:
ბაშარ ასადი და ვლადიმირ პუტინი
ამერიკელების გამოსვლა ამ დროს დიდი გამარჯვებაა "ისლამური სახელმწიფოსთვის", ირანისთვის, ბაშარ ალ-ასადისთვისა და რუსეთისთვის. ეს მიგვიყვანს დამანგრეველ შედეგებამდე ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვისა და მსოფლიოსთვის. ეს გაართულებს მომავალში პარტნიორების შეძენას, რომელთაც რადიკალურ ისლამთან სურთ ბრძოლა. ირანი და სხვა ცუდი მოთამაშეები ამას ასევე შეაფასებენ, როგორც ამერიკის სისუსტეს ირანის ექსპანსიის შეკავების მცდელობისას".

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფრანც კლინცევიჩი კი აცხადებს, რომ შტატებმა ვერ შეძლო სირიაში იმ მიზნების მიღწევა, რასაც რეალურად ისახავდნენ, ანუ ხელისუფლების შეცვლა. "რაც შეეხება "ისლამურ სახელმწიფოს", ამერიკელები თავიდანვე არ ცდილობდნენ ამ ნახევრად სახელმწიფოს განადგურებას და ახლაც აგრძელებენ მათთან საკუთარ თამაშებს". რამდენად მართალია ეს სიტყვები ცალკე საკითხია, თუმცა ტრამპის ეს ნაბიჯი მომავალსიც მისცემს რუსეთს, ირანსა და სხვებს მსგავსი განცხადებები აკეთონ ამერიკაზე.

რამდენად სწორია აზრი დონალდ ტრამპის ხისტ საგარეო პოლიტიკაზე?
უკვე დამკვიდრდა აზრი იმაზე, რომ ტრამპი საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ ხისტია. ის გამოვიდა რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმებიდან, სანქციები დაუწესა ირანს, გააჩაღა სავაჭრო ომი ჩინეთთან და ევროპერლ მოკავშირეებთან, თითქოს დათმობებზე წაიყვანა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი. თუმცა არ ჩანს ამ ყველაფრის შედეგი - კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ჩინეთი დიპლომატიურად ცდილობს დროის გაყვანას და არ აპირებს უკან დახევას, ირანსა და რუსეთზე კი უკვე ვისაუბრეთ. პოლიტიკოსის სიხისტე არ უნდა ფასდებოდეს მისი სიტყვებით, მთავარია ის თუ როგორი იქნება შედეგი. ტრამპის საგარეო პოლიტიკაში კი რაიმე არსებითი წარმატება ჯერ არ ჩანს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

გიზო
11 იანვარი 2019 02:52
ლიდა ჯერ შენ გენება და ისტორიაში ჩაგეხედა და მერე გადმოგეფრქვია "ჭკვიანური" აზრები აჯობებდა. და თუ არ იცი ისტორია ენა მაინც დააყენე პირში . არც ეს 27 წელი არ გასულა ღრუსების გარეშე თუ მაგდენი ტვინი არ გიდევს თავში?
Alex.F.
27 დეკემბერი 2018 23:26
ლიდას- შენი თავი შეიცოდე!!! შენი ისტორიული სამშობლო რომ არა,დღეს გაცილებით წინ იქნებოდა საქართველო როგორც ეკონომიკურად ისე სამხედრო და სოფლის მეურნეუბის მხრივაც! შენი ისტორიული სამშობლოს დაუოკებელი ბრძოლა რომ არა საქრთველოს წინააღმდეგ,ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე ვიქნებოდით! ისე თქვენს მოკავშირე და პარტნიორ სომხეთს კი ეტყობა ეკონომიკის სიმყარე და განვითარება!თქვენი ერთადერთი მიზანი კავკასიაში ყოველთვის იყო,არის და იქნება დაყავი და იბატონეს პრინციპი,რომ რაც შეიცლება დიდი ხნით აფათუროთ თქვენი ბინძური ხელები!!!მხოლოდ დაიხსომეთ რომ,ამ ქვეყნად მუდმივი არაფერია და თუ ამ ტემპით განაგრძობთ, ძალიან მალე აღმოჩნდებით ისტორიის სანაგვეზე თქვენი წინამორბედივით!
ლიდა
26 დეკემბერი 2018 07:01
ზოგიერთს ვურჩევ მულტფილმების ყურებას თავი დაანებოს და პოლიტიკაში უფრო ღრმათ ჩაიხედოს. რუსეთი რომ არა, დღეს საქართველოს სახელმწიფოებაც კი არ ექნებოდა. დაიმახსოვრეთ!!! იგივე,თქვენი "საყვარელი"თურქეთი,ნაცარ-ტუტად აქცევდა საქართველოს, რომ არა რუსეთი. ეს ფაქტია, მოგწონთ ეს თუ არა. და 27 წელია რუსეთის გავლენის ქვეშ აღარ ხართ, "დამოუკიდებლები" ხართ, ვინმემ რამე მოგაწოდათ? ფეხზე დაგაყენათ? ეკონომიკა გაგიმყარათ? პამიდვრის, ატმის, ვაშლის, ყურძნის ქვეყანა ხართ და გაიძულებენ სხვისგან იყიდოთ, სხვას გაუსაღოთ პროდუქტი.მეცოდებით, რომ დრომ და ვითარებამ არაფერი გასწავლათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები