ტრამპის "საჩუქარი" საუდის არაბეთს? - რა სავარაუდო გარიგება შედგა ტრამპსა და ერდოღანს შორის? - კვირის პალიტრა

ტრამპის "საჩუქარი" საუდის არაბეთს? - რა სავარაუდო გარიგება შედგა ტრამპსა და ერდოღანს შორის?

ვის ხელში დარჩება სირია? ვინ შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც ამერიკული სამხედროების გამოსვლის შემდეგ რეგიონში გაჩნდება? არის აზრი, რომ სამხედროების გამოსვლა ნაკლებ მნიშვნელოვანია და ბაშარ ასადის მთავრობაზე დიპლომატიური ზეწოლის შედეგად მაინც შესაძლებელია მისი ხელისუფლების შეცვლა და ამით დასავლეთის ქვეყნების მიერ დასახული მიზნის მიღწევა, მაგრამ აქაც ჩნდება დამატებითი კითხვა - წლების განმავლობაში ამერიკა აფინანსებდა სირიის ოპოზიციას როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო მიმართულებით, ამას თან ერთვოდა საერთაშორისო ზეწოლა ასადსა და მის მხარდამჭერ რუსეთზე, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც ვერ დადგა, მაშინ ამერიკელი სამხედროების გამოსვლის შემდეგ რატომ გახდება შესაძლებელი მხოლოდ დიპლომატიური გზით ასადის შეცვლა?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეერთბული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ ამერიკისთვის 2018 წელი როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში ქაოსით სრულდება - ამ ყველაფერს ამერიკის მთავრობის მიერ მუშაობის ნაწილობრივ შეჩერებაც ემატება (The Government Shutdown), ეს პრობლემები კი 2019 წელსაც გაგრძელდება. ქაოსის შექმნაში კი თავისი წვლილი შეაქვს "ტვიტერის პოლიტიკას", რომელშიც დონალდ ტრამპს ბადალი არ ჰყავს. მისმა ბოლო "ტვიტმა" კი კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა სირიასთან და ზოგადად, ტრამპის საგარეო პოლიტიკურ ხედვასთან დაკავშირებით. თურქი ჯარისკაცები სირიაში

ტრამპის მოულოდნელი "საჩუქარი" საუდის არაბეთს

"საუდის არაბეთი თანახმაა შეერთებული შტატების ნაცვლად დახარჯოს აუცილებელი თანხა სირიის აღორძინებისთვის. ხედავთ? არ არის კარგი, როცა უზარმაზარი სიმდიდრის მქონე ქვეყნები ეხმარებიან მეზობლებს აღორძინებაში დიდებული ქვეყნის, შეერთებული შტატების ნაცვლად, რომელიც 5000 მილის მანძილზე მდებარეობს. მადლობა საუდის არაბეთს?" - ასეთი განცხადება გააკეთა ტრამპმა "ტვიტერზე".

საინტერესო ის არის, რომ ამ ხმამაღალი განცხადების შემდეგ ოფიციალურ ერ-რიადს (საუდის არაბეთის დედაქალაქი) კომენტარი არ გაუკეთებია (ალბათ ფიქრობენ როგორ შეძლონ, რომ არც მწვადი დაწვან, არც შამფური - არც ტრამპი აწყენინონ და ამ უცნაური ვალდებულებისგან თავი დაიძვრინონ). ისიც საინტერესოა, რომ შეერთებულ შტატებში ამ განცხადებაზე კომენტარი არც ერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია. ისიც საინტერესოა, რომ კომენტარი მაშინ გაკეთდა, როცა ტრამპს საუდელ კოლეგებთან საერთოდ არ ჰქონია სატელეფონო საუბარი.

აქვე გავიხსენოთ, რომ სირიაში ასადთან მებრძოლი ქვეყნები არ აპირებდნენ რიამე თანხის გამოყოფას ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის მანამ, სანამ გარდამავალი პროცესი არ დაიწყებოდა და ასადი ხელისუფლებას არ დატოვებდა. საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი და დონალდ ტრამპი

"გვჯერა, რომ ერთადერთი წარმატებისკენ მიმავალი გზა არის ის, რომ დაიწყოს პოლიტიკური პროცესი და ცხადი გახდეს ირანელებისთვის, რუსებისა და ასადის რეჟიმისთვის რომ ჩვენ, ერთ აზრზე მყოფი ჯგუფი, არ დავუჭერთ მხარს სირიის რეკონსტრუქციას, სანამ არ დაიწყება პოლიტიკური პროცესი, რაც ასადის წასვლამდე მიგვიყვანს" - ასეთი იყო დიდი ბრიტანეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადება, რომელიც 2017 წლის 18 სექტემბერს არის გაკეთებული. ერთ აზრზე მყოფ გუნდში კი შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და დანარჩენი ქვეყნები იგულისხმებიან.

თუკი ტრამპის ზემოთ აღნიშნული განცხადების გაანალიზებას შევეცდებით, მაშინ კითხვები უფრო მეტი იქნება, ვიდრე პასუხები, მით უმეტეს ტრამპის ადმინისტრაციასა და ერ-რიადშიც ვერ აკეთებენ ამაზე კომენტარს. ალბათ, ჯეიმს მეტისის გადადგომით გაბრაზებული ტრამპი ვითარების დაბალანსებას ცცდილობს, თუმცა რაც უფრო მეტს ცდილობს ცხელ გულზე, მით უფრო მეტი ფუჭდება.

სავარაუდო გარიგება ტრამპსა და ერდოღანს შორის?

რატომ გადაწყვიტა ტრამპმა სირიიდან გამოსვლა? ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება ისევ ტრამპის "ტვიტერზე" ვიპოვნოთ.

23 დეკემბრის სოციალურ ქსელში ტრამპი წერდა:

"თურქეთის პრეზიდენტთან, ერდოღანთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ვისაუბრეთ "ისლამურ სახელმწიფოზე", სირიაში ჩვენს ორმხრივ ჩართულობაზე, ასევე ამერიკელების ფრთხილ და მაღალ დონეზე კოორდინირებულ გამოსვლასთან დაკავშირებით" - შემდეგ ტვიტში კი აგრძელებს, "თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ერთმნიშვნელოვნად შემატყობინა, რომ ამოძირკვავს ყველაფერ იმას, რაც სირიაში "ისლამური სახელმწიფოსგან" დარჩა. ერდოღანი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება. ამას დამატებული, თურქეთი მეზობლად არის სირიასთან. ჩვენი სამხედროები სახლში ბრუნდებიან!" რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი

ამ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით CNN-იც წერს და ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა სიტყვა მისცა ტრამპს, როგორც მეგობარს, რომ თურქეთი "ისლამურ სახელმწიფოს" გაუმკლავდებოდა.

რა თქმა უნდა, ერდოღანისთვის ამერიკელების გასვლა სირიიდან საჩუქარია - მას სრული თავისუფლება ექნება საიმისოდ, რომ იქ არსებულ ქურთულ დაჯგუფებებზე მიიტანოს შეტევა და განახორციელოს მესამე სამხედრო ოპერაცია, რომელიც ცოტა ხნით გადაიდო. არ არის გამორიცხული, ერდოღანი პირადად, ტრამპთან საუბრებისას ცდილობდა ამერიკელების სირიაში ყოფნის აუცილებლობის არარსებობა დაესაბუთებინა და პირდებოდა, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" თავად გაანადგურებდა. ის, რომ ერდოღანი საჯაროდაც გამოთქვამდა ამერიკელების სირიაში ყოფნისა და ქურთების მხარდაჭერის გამო უკმაყოფილებას, ეს ისედაც ცნობილია.

თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტრამპს თავადაც სურდა სირიიდან გამოსვლა და მიუხედავად მის გარემოცვაში არსებული აზრისა, თავის აზრს ჯიუტად იცავდა, შესაძლოა რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის შედგა პატარა გარიგება.

ამ გარიგების შედეგი კი ის არის, რომ თურქეთს ხელ-ფეხი გაეხსნა სირიაში სამოქმედოდ, ტრამპს კი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს კრიტიკის ატანა.

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს