კიმ ჩენ ინის საახალწლო "მუქარა" დონალდ ტრამპს - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინის საახალწლო "მუქარა" დონალდ ტრამპს

ახალი წლის დადგომასთან ერთად, მსოფლიოს ლიდერებმა საახალწლო მილოცვებიც გაავრცელეს, ამ მილოცვებში კი პოლიტიკური შინაარსი ჩადეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა საახალწლო სიტყვა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და მოლაპარაკებების გაგრძელებისათვის გამოიყენა, თუმცა დაიმუქრა კიდეც:

"თუ შეერთებული შტატები არ შეასრულებს საკუთარ პირობას, რომელიც მსოფლიოს წინაშე დადო, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვექნება, გარდა იმისა, რომ ვეძებოთ ახალი გზა საკუთარი ინტერესებისა და სუვერენიტეტის დასაცავად", - ასეთი იყო კიმ ჩენ ინის მუქარანარევი მოწოდება დონალდ ტრამპისადმი.

ძნელი სათქმელია, რა ახალ გზას გულისხმობს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ მათ გაანადგურეს ფუნგიე-რის ბირთვული საცდელი პოლიგონი და სამხრეთ კორეასთანაც დაიწყეს მოლაპარაკებები, მათ ჯერ კიდევ რჩებათ სხვა პოლიგონები, მათ შორის, ბირთვული სამეცნიერო-საცდელი ცენტრი იონბიონში, სიდანაც კონტროლდება ბირთვული რეაქტორები. გარდა ამისა, ის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც გასულ წელს შეიმუშავა ჩრდილოეთ კორეამ ისევ მათ განკარგულებაში რჩება. ერთადერთი, რაც გასული წლის სინგაპურის სამიტის შემდეგ შეიცვალა არის ის, რომ საცდელი გასროლები აღარ ტარდება.

გარდა ამისა, კიმ ჩენ ინი ცდილობს აღადგინოს ეკონომიკური კავშირები სამხეთ კორეასთან და გააფართოვოს თანამშრომლობა. გასული წლის ბოლოს დაიწყო მუშაობა სამხეთ და ჩრდილოეთ კორეას დამაკავშირებელი რკინიგზის საკითხზე, ასევე გამოითქვა სურვილი, განახლდეს კესონის ქარხნის მუშაობა, სადაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელები ერთობლივად მუშაობდნენ.

შეიძლება ითქვას, კიმ ჩენ ინი უკვე ხედავს, რომ საერთაშორისო სანქციებისა და ზეწოლის ქვეშ მყოფი ქვეყანა მუდმივად ვერ შეძლებს დამოუკიდებლად არსებობას, შესაბამისად, ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რაც სინგაპურის სამიტმა მისცა. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან განაახლოს ბალისტიკური რაკეტების სატესტო გასროლები ან გაზარდოს ბირთვული იარაღის განვითარებისთვის მუშაობა.

"ჩვენი პარტიისა და რესპუბლიკის მთავრობის ურყევი პოზიციაა, ასევე ჩემი მტკიცე ნებაა, რომ როგორც 12 ივნისის განცხადებაშია ნათქვამი, ორივე ქვეყანა გადადგამს ნაბიჯებს, რათა დამკვიდრდეს მუდმივი და სტაბილური მშვიდობა და მოხდეს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება", - ამბობს სახალხო სიტყვაში კიმ ჩენ ინი და ამატებს, რომ როგორც ადრეც განაცხადეს, არ გააგრძელებენ ბირთვულ იარაღზე მუშაობასა და მის გამოცდას. კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი

მაშინ რატომ გახდა საჭირო მუქარა და მინიშნება "ახალი გზის" შესახებ? ეს შეიძლება იყოს დიპლომატიური გზით ვაჭრობა ამერიკასთან, რათა, რაც შეიძლება ნაკლები დათმოს ჩრდილოეთ კორეამ და მიიღოს რაც შეიძლება მეტი მოლაპარაკებების პროცესში. ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი წლის დღეებში კიმ ჩენ ინმა მეტი სამიტების ჩატარების სურვილი გამოთქვა დონალდ ტრამპთან - ბუნებრივია, რაც უფრო მეტი ასეთი შეხვედრა გაიმართება, მით უფრო მომგებიანი იქნება ეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის.

თუმცა რამდენადაც მომგებიანი იქნება ეს ყველაფერი კიმ ჩენ ინისთვის, იმდენად წამგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს დონალდ ტრამპისთვის - სინგაპურის სამიტის შემდეგ რვა თვე გავიდა, თუმცა თუკი მასშტაბურად შევხედავთ, რეალობა მცირედით შეიცვალა - ჩრდილოეთ კორეაში საერთაშორისო დამკვირვებლები არ ჩასულან, რათა ბირთვული იარაღის განადგურების მონიტორინგი მოეხდინათ, არც კიმ ჩენ ინს გადაუდგამს რაიმე კონკრეტული ნაბიჯი ამ მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება ფუნგიე-რის პოლიგონის აფეთქებას, ეს იყო ცერემონული ნაბიჯი, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ სინგაპურის შეთანხმებას იცავდნენ.

არ არის გამორიცხული რთული შიდა პოლიტიკური ვითარებისა და მთავრობის მიერ მუშაობის ნაწილობრივ შეჩერების გამო (22 დეკემბერს შეერთებული შტატების მთავრობამ ნაწილობრივ შეაჩერა მუშაობა, ვინაიდან პრეზიდენტმა არ დაამტკიცა ბიუჯეტი მექსიკასთან კედლის ასაშენებელი თანხის არარსებობის გამო), დონალდ ტრამპმა საგარეო პოლიტიკურ "მიღწევებზე" სცადოს მედიის ყურადღების გადატანა. შესაძლოა ამიტომაც განაცხადა, რომ შემდეგი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან შეიძლება მალე გაიმართოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს