ერდოღანი ტრამპის წინააღმდეგ - ვის დარჩება სირია? - კვირის პალიტრა

ერდოღანი ტრამპის წინააღმდეგ - ვის დარჩება სირია?

გასული წლის 19 დეკემბერს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ საერთაშორისო გაკვირვება გამოიწვია. ყველა ცდილობდა იმის ახსნას, თუ რა იყო ამის მიზეზი. თავდაცვის მდივნის ჯეიმს მეტისის გადადგომამ კი ყველაფერი უფრო მეტად გაამძაფრა.

მაშინ ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ ამით ტრამპმა რუსეთისა და თურქეთის ინტერესები დაუპირისპირა ერთმანეთს სირიაში, ვინაიდან ამერიკელების გასვლით გამოწვეული ვაკუუმის შევსებას ორივე მათგანი შეეცდებოდა და დაიწყებოდა ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მყიფე ალიანსის რღვევა.

დღევანდელი ვითარების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ სრულიად პირიქით მოხდა - ერთმანეთს არა რუსეთი და თურქეთი, არამედ შეერთებული შტატები და თურქეთი დაუპირისპირდნენ, დაპირისპირების მიზეზი კი კვლავ ქურთების საკითხი გახდა. ამერიკის მხარე მოითხოვს, რომ თურქეთმა უზრუნველყოს ქურთული დაჯგუფების, სახალხო თავდაცვის დანაყოფების (YPG) უსაფრთხოება, თურქეთი კი მათ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს და ამ საკითხზე უკან დახევას არ აპირებენ.

ქურთების უსაფრთხოების დაცვაზე განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა კვირას, ისრაელში ვიზიტისას გააკეთა, შემდეგ კი ის ანკარაში ჩავიდა. მის განცხადებაზე ერდოღანს საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა: ბენიამინ ნეთანიაჰუ და ჯონ ბოლტონი

„ბოლტონმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და ვინც ასე ფიქრობს, ასევე ცდება. ჩვენი მხრიდან შეუძლებელია ამ საკითხზე დათმობებზე წავიდეთ“. ასეთი განცხადების შემდეგ ერდოღანი ბოლტონს საერთოდ აღარ შეხვდა, ბოლტონის ვიზიტი თურქეთში კი, შეიძლება ითქვას, რომ ჩაიშალა.

რამდენად შეძლებს ერდოღანი ამერიკასთან დაპირისპირებაში გამარჯვებას, ძნელი სათქმელია. ამის მაგალითია ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის დაკავებისა და გათავისუფლების საქმე - ერდოღანი იძულებული გახდა პასტორი გაეთავისუფლებინა. თუმცა არსებობს ძალიან დიდი განსხვავება ამერიკელ პასტორსა და ქურთების დაჯგუფებებს შორის - მათ განეიტრალებას ერდოღანისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ჯონ ბოლტონი თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანთან, იბრაჰიმ ქალინთან ერთად

9 იანვარს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ერაყს ეწვია, სადაც გარდა ქვეყნის პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირებისა, ქურთებსაც ესტუმრა ერბილში, ერაყში ქურთების ნახევრად ავტონომიურ რეგიონში და მხარდაჭერა დაუდასტურა.

ამ ყველაფრის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის განცხადება სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ არათუ მთავრობასთან, უახლოეს მრჩევლებთანაც კი არ იყო ბოლომდე შეთანხმებული და ახლა ბოლტონსა და პომპეოს, რომელნიც ჩვეულებრივ იცავენ ხოლმე ტრამპის პოლიტიკას, ახლო აღმოსავლეთში ფრენები და არეული საქმის ხელახლა დალაგება და განცხადებების კეთება უწევთ, რომ სირიიდან გასვლა თანმიმდევრულად მოხდება, ისე რომ შტატების მოკავშირეებს საფრთხე არ შეექმნებათ.

ამ ყველაფრის ფონზე რუსეთი ხმამაღალი განცხადებებისგან თავს იკავებს. ბუნებრივია, ვლადიმირ პუტინისთვის სავსებით მისაღებია, თუკი ერდოღანისა და შეერთებული შტატების ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდება - რაც უფრო დიდი იქნება მათ შორის განხეთქილება, მით უფრო მყარი იქნება რუსეთისა და თურქეთის ალიანსიც, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის კი ასეთი მოკავშირე აუცილებელია.

რაც შეეხება ბაშარ ასადს - უკვე შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეეგუა ფაქტს, რომ ის სირიის პრეზიდენტად რჩება და თუკი მომავალი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, ამ მოლაპარაკებებში ასადიც მიიღებს მონაწილეობას.

გასული წლის 27 დეკემბერს არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა საკუთარი საელჩო გახსნეს დამასკოში, რომელიც თითქმის რვა წელი დახურული იყო. არ არის გამორიცხული მალე დაიწყოს საუბარი და მოლაპარაკებები არაბული ქვეყნების ლიგაში სირიისთვის წევრობის სტატუსის აღდგენის შესახებ. ლიგაში წევრობის სტატუსი სირიას 2011 წელს შეუჩერდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს