დონალდ ტრამპი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით იმუქრება - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით იმუქრება

ამერიკის შეერთებული შტატები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ზღვარზე დგას, მაგრამ ნუ შეგვეშინდება - ამის მიზეზი არ არის არც ომის დასაწყისი, არც ეკონომიკური კრიზისი, არც ტერორისტული აქტი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ექნებოდა მნიშვნელობა. ამის მიზეზია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების შესრულება - მექსიკასთან კედლის აშენება.

2016 წელს ტრამპი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ კედელს მექსიკა ააშენებდა, თუმცა ასე, რა თქმა უნდა, არ მოხდა.

მექსიკასთან კედლის აშენება, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის დაჟინებული მოთხოვნაა. ამ მოთხოვნის გამო გასული წლის 22 დეკემბერს ვერ დამტკიცდა სახელმწიფო ბიუჯეტი, შესაბამისად, შეერთებული შტატების მთავრობამ ნაწილობრივ შეაჩერა მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ 800 000 სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ხელფასის გარეშე მუშაობს. ეს პროცესი მეოცე დღეა გრძელდება, მისი დასასრული კი არ ჩანს.

რატომ?

დემოკტრატიული პარტია, რომელმაც გასული წლის ნოემბრის შუალედურ არჩევნებში შტატების წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა და მისი ლიდერები მხარს არ უჭერენ კედლის აშენებას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულიად ეწინააღმდეგებიან საზღვრებთან უსაფრთხოებას. ტრამპი დაპირებული კედლის ნაწილის აშენებისთვის $5,7 მილიარდს ითხოვს, დემოკრატები კი თანახმა არიან ამისათვის დაახლოვებით $1,3 მილიარდი გამოყონ, რათა შტატების საზღვარი მექსიკასთან აღიჭურვოს უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიებით, ვიდეო კამერებით და ა.შ., რათა ამ გზით გაკონტროლდეს არალეგალი მიგრანტების ნაკადის შედინება ქვეყანაში. 2018 წლის 3 მარტი - ტრამპი კედლის ნიმუშებს ათვალიერებს მაგრამ ტრამპი უკან არ იხევს და ჯიუტად ითხოვს კედელს. გამოდის, რომ ის "მძევლად" ტოვებს 800 000 ადამიანს, იმისათვის, რომ შეასრულოს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირება.

The Washington Post-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იმასაც იუწყება, რომ თეთრი სახლი უკვე ამზადებს ვითარებას საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე უარს არც ტრამპი ამბობს. ეს მას საშუალებას მისცემს გვერდი აუაროს დემოკრატიული პარტიის მოთხოვნებს და შესაბამისი თანხები შეერთებული შტატების საინჟინრო არმიის ბიუჯეტიდან გამოყოს კედლის ასაშენებლად. ეს თანხები კი წესით, უნდა მოხმარდეს შტატებში სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებული ტერიტორიების აღდგენას, მაგალითად, პუერტო რიკოსა და კალიფორნიაში...

ტრამპს კედლის აშენებისკენ მისი მომხრე კონგრესმენებიც მოუწოდებენ. სენატორი ლინდსი გრემი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ემხრობა:

"წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოზის უარმა, მოლაპარაკებები აწარმოოს სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე თუნდაც "შათდაუნის" შეწყვეტის შემთხვევაში, ცხადყოფს, რომ კონგრესის ფარგლებში კედლის დაფინანსების საკითხზე გადაწყვეტილების მოძებნა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ბატონო პრეზიდენტო, "დემოკრატები" კეთილსინდისიერად არ თანამშრომლობენ თქვენთან. გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა და ააშენეთ კედელი".

ტრამპი უკვე შევა ისტორიაში როგორც პრეზიდენტი, რომელმაც მთავრობის მუშაობა შეაჩერა ყველაზე დიდი ხნით - ბილ კლინტონის დროს 21 დღე, 1995 წლის 5 დეკემბრიდან 1996 წლის 6 იანვრამდე იყო შეჩერებული მთავრობის მუშაობა. სავარაუდოდ, ტრამპი ახალ რეკორდს დაამყარებს და 21 დღეს გადააჭარბებს.

ტრამპის პოლიტიკა ძალიან ჰგავს ჭირვეული ბავშვის საქციელს - როცა სასურველ შედეგს ვერ იღებს, ისტერიკას იწყებს და "ფეხების ბაკუნით" ცდილობს მიზნის მიღწევას. მიაღწევს თუ არა მიზანს და ააშენებს თუ არა კედელს, ძნელი სათქმელია (საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში დემოკრატებს უფლება ექნებათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ), თუმცა ფაქტია, რომ კედლის აშენებას ან აუშენებლობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ორივე მხარისთვის.

არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ ისეთი ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფოს მეთაურად, როგორიც შეერთებული შტატებია, დონალდ ტრამპი მოგვევლინა, ადამიანი, რომელიც მუდმივად სკანდალებსა და გაუგებრობებშია გახვეული. მსგავსი პრეცედენტები სხვა ქვეყნების ისტორიაშიც არაერთხელ ყოფილა, მაგალითად, ყველას გვახსოვს რომის იმპეარატორი ნერონი, რომელსაც ქალაქი რომის გადაწვას აბრალებენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს