"საჭმლისა და წყლის გარეშეც რომ დავრჩეთ, გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა" - რატომ დაემუქრა ტრამპი თურქეთს ეკონომიკური აოხრებით?
15-01-2019
"საჭმლისა და წყლის გარეშეც რომ დავრჩეთ, გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა" - რატომ დაემუქრა ტრამპი თურქეთს ეკონომიკური აოხრებით?
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "ტვიტერზე" გაკეთებულმა განცხადებამ ხელახლა გააჩინა ვარაუდები და შიში იმის შესახებ, ხომ არ აპირებს ამერიკის პრეზიდენტი ახალი სავაჭრო ომის გაჩაღებას თურქეთთან.

"სირიიდან ჯარების გაყვანას ვიწყებთ და ამავდროულად სხვადასხვა წერტილიდან ძლიერად ვურტყამთ იმას, რაც "ისლამური სახელმწიფოსგან" დარჩა. თუ "ისლამური სახელმწიფო" ძალებს მოიკრებს, კვლავ დავარტყამთ მათ ახლოს მდებარე ბაზებიდან. თურქეთს ეკონომიკურად ავაოხრებთ თუ ქურთებს დაარტყამენ", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე 13 იანვარს.
ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების გამო
გუშინ ლირა 1.6%-ით გაუფასურდა.

აქ ტრამპი ქურთების დაჯგუფებას სახალხო თავდაცვის დანაყოფებს (YPG) გულისხმობდა, რომლებიც ამერიკის მოკავშირეები არიან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში და რომელთაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად და ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ნაწილად მიიჩნევს.

ასეთი მუქარა საკმაოდ მოულოდნელი იყო, რამაც შესაბამისი პასუხები გამოიწვია თურქეთის ოფიციალური პირების
მხრიდან.
თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა ტრამპის მიმართ მიმართვაში განაცხადა, რომ "ბატონო დონალდ, არ შეიძლება ტერორისტები აშშ-ს პარტნიორები ან მოკავშირეები იყვნენ. თურქეთი აშშ-სგან ვალდებულებების შესრულებას ელოდება, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარეობს. ტერორიზმის პროპაგანდამ ზიანი არ უნდა მიაყენოს თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს".

თურქები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ისინი იბრძვიან არა ქურთების, არამედ PKK-სა და YPG-ს წინააღმდეგ (თუმცა ეს ბრძოლა ქურთების გაძლიერების წინააღმდეგაც არის მიმართული - თუკი ეს მოძრაობები განადგურდება, ქურთები დასუსტდებიან და შესაბამისად, ვეღარც ავტონომიაზე ან მით უმეტეს, დამოუკიდებლობის მიღებაზე იოცნებებენ. 2017 წელს ერაყელ ქურთებში ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. დამოუკიდებლობას მხარი იქ მცხოვრები ქურთების 92.73%-მა დაუჭირა. ამ რეფერენდუმს მხარი არ დაუჭირა ერაყის ხელისუფლებამ, თუცმა დაგვანახა ქურთების სწრაფვა დამოუკიდებლობის მიღებისაკენ. თურქეთის მოსახლეობის დაახლოებით 15-დან 20%-მდე სწორედ ქურთები შეადგენენ. სწორედ აქედან გამომდინარეობს შიში ქურთებთან მიმართებით).

განცხადება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც:
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
"სტრატეგიული პარტნიორობის თემებს სოციალურ ქსელში არ განიხილავენ. აშშ-სთან კომუნიკაციის ყველა არხები ღია გვაქვს. ვხედავთ, რომ ტრამპზე დიდი ზეწოლა ხორციელდება ჯარები სირიიდან რომ არ გამოიყვანოს და ის რთულ სიტუაციაშია. მიუხედავად ამისა, ამგვარი თემების სოციალური ქსელით განხილვა არ შეიძლება. ტერორისტებთან თანამშრომლობა არაფრის მომტანია. საჭმლისა და წყლის გარეშეც რომ დავრჩეთ, გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ თურქეთის მიმართ".

შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია თურქეთზე და ეს გასული წლის აგვისტოშიც დადასტურდა. მაშინ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა პასტორის ენდრიუ ბრანსონის პატიმრობაში დატოვებამ გამოიწვია. ამერიკული სანქციების გამო კი ლირა საგრძნობლად გაუფასურდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მხოლოდ ამერიკული სანქციების შედეგი, თუმცა თავისი როლი ვალუტის გაუფასურებაში ამანაც ითამაშა.

ამ დიპლომატიური კამათის შემდეგ გუშინ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა თურქ კოლეგას, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ეკონომიკა:
"ასევე ვისაუბრეთ შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე - დიდი პოტენციალი არსებობს არსებითი გაფართოებისთვის!"

როგორც ჩანს, ტრამპის განცხადება ეკონომიკურ აოხრებაზე იყო მორიგი შეუთანხმებელი "ტვიტი", რის გამოც საჭირო გახდა ერდოღანთან სატელეფონო საუბარი და ვითარების გამოსწორება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამერიკელი პასტორის შემთხვევაში თურქეთმა ძნელად, მაგრამ მაინც დათმო, თუმცა ქურთების დაჯგუფებებთან ბრძოლას მათთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს და რამდენად დაიხევენ უკან ძნელი სათქმელია.

ერთი რამ კი ფაქტია, თურქეთი ქვეყნის სამხრეთ საზღვრებზე სამხედრო ტექნიკის რაოდენობას ზრდის და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყებისთვის ემზადება. ეს მზადება კი ტრამპის მუქარის შემდეგ არ შეჩერებულა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
Veriko
20 იანვარი 2019 21:44
Qurtebi uzvelesi kulturisa da tvitmyofadi tradiciebis mravalmilioniani eria da turqebisagan gansxvavebit sxvatagan mitacebul teritoriaze ki ara sakutar istoriul mica ckalze arian saxelmcifoebriobis gareshe darchenili. Isini safrtxes ki ara stabilurobis faqtors azliereben regionshi. Raga tqma unda isini absoluturad samartlianad ibrzvian sakutari damoukideblobisatvis.
Murtazi
19 იანვარი 2019 02:15
Turqetma ertxal da samudamod unda tqvas uari teritoriul ambiciebze, erduganma takunebis tamashs da populizms tavi anebos da qveynis misi qveynis problemebze profesionalurad imushaos torem kidev ertxel sheizleba moxvdes bairam dudukshi :)
ბუბუ -ს
17 იანვარი 2019 22:22
ტრამპი ცუდი და გაბოროტებული ადამიანია, რადგან ტერორისტებთან ბრძოლაში თავის მოკავშირე ქურთებს იცავს თურქეთის ხელით განადგურებისაგან?! (და ერდოღანი, ალბათ, კეთილი ადამიანია, რომ 18 მილიონიან ქურთებს ავტონომიის მოთხოვნის გამო ბომბავს და ანადგურებს!).
სწორი კითხვა დასვა ცინცაძემ: 60 000 აფხაზს ეკუთვნის დამოუკიდებლობა და 18 000 000 ქურთს კი ავტონომიაც არაო?

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები