"ევროკავშირში ორი ცივილიზაცია იქნება" - იტალია-უნგრეთი გერმანია-საფრანგეთის წინააღმდეგ? - კვირის პალიტრა

"ევროკავშირში ორი ცივილიზაცია იქნება" - იტალია-უნგრეთი გერმანია-საფრანგეთის წინააღმდეგ?

22 იანვარს გერმანიამ და საფრანგეთმა ქალაქ აახენში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აახენის ხელშეკრულება გერმანულ-ფრანგული თანამშრომლობის საფუძველია და ბერლინი და პარიზი ვალდებული არიან, ერთმანეთს ნებისმიერი სახის, მათ შორის სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას, რაც საერთო წესებით, გერმანულ-ფრანგული ეკონომიკური ზონის შექმნას გულისხმობს. შეთანხმების მიხედვით, საფრანგეთი და გერმანია თანხმდებიან, ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ და ერთობლივი განცხადებები გაავრცელონ ევროკავშირის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ორი ქვეყანა ასევე ერთობლივად იმოქმედებს გაერო-ში.

შეთანხმება მოიცავს ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, განათლებას, კულტურას, ტექნოლოგიებს, კლიმატს და სასაზღვრო ზონაში თანამშრომლობის გაძლიერებას. ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი

რამდენად წარმოადგენს ეს პასუხს იტალიის პრემიერ მინისტრისთვის ძნელი სათქმელია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 9 იანვარს მატეო სალვინიმ ახალი, ევროპული გაზაფხულის (არაბული გაზაფხული და მისი შედეგები ყველას გვახსოვს) შესახებ ისაუბრა ვარშავაში სტუმრობისას. ახალი ევროპული გაზაფხული კი ჭეშმარიტ ქრისტიანულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული. ასეთია სალვინის ხედვა. მართალია პოლონეთმა ახალი კავშირისა თუ ღერძის შექმნაზე საუბრისგან თავი შეიკავა, სამაგიეროდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოთქვა იმედი და მიესალმა იტალიურ-პოლონური ალიანსის შექმნას, რომელსაც უნგრეთიც დაუჭერს მხარს, სალვინის კი გმირი უწოდა.

"ევროკავშირში ორი ცივილიზაცია იქნება - ერთი შერეული ისლამურ-ქრისტიანული დასავლეთში და მეორე ტრადიციული, ევროპულ-ქრისტიანული ცენტრალურ ევროპაში" - ასეთი იყო ორბანის შეფასება. "დიდ იმედებს ვამყარებ იტალიურ-პოლონურ თანამშრომლობაზე. ყელში ამომივიდა რომ ევროპის სახალხო პარტია (EPP) მხოლოდ ლიბერალებთან თანამშრომლობს. ევროპის სახალხო პარტიისგან მარჯვნივ უნდა გავიხედოთ".

რამდენად მოხდება ან რამდენად შესაძლებელია ევროკავშირში ურთიერთდაპირისპირებული ბლოკების შექმნა ძნელი სათქმელია, თუმცა დღევანდელი რეალობა აჩვენებს, რომ არსებობს ძალიან დიდი უთანხმოება დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის, უთანხმოების მთავარი მიზეზი კი არის დამოკიდებულება არალეგალურ მიგრაციასთან - უნდა მიიღონ თუ არა მიგრანტები? უნდა გახსნან თუ არა საზღვრები? ეს არის ის კითხვები, რომელზეც საერთო აზრი არ არსებობს და რის გამოც ჩნდება დაპირისპირება.

რამდენად შეძლებენ წამყვანი ქვეყნების, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას და როდემდე შეინარჩუნებენ პირველობას ესეც ძნელი სათქმელია. ანგელა მერკელი გადადგა საკუთარი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან და კანცლერობაზე კენჭს აღარ იყრის, ხოლო ემანუელ მაკრონს ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები აქვს მოსაგვარებელი - "ყვითელი ჟილეტიანების" აქციები არ წყდება, პრობლემის გადაუჭრელობა და გადაჭრის უნარის არქონა კი მაკრონის, როგორც ლიდერის ისე საერთაშორისო პრესტიჟს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვიქტორ ორბანი და მატეო სალვინი

უნგრეთის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერები მუდმივად არიან კრიტიკის ქარცეცხლში. განსაკუთრებით მათი განცხადებების გამო. ვიქტორ ორბანის განცხადებამ, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გააკეთა, დიდი აღშფოთებაც გამოიწვია:

"ჩვენ არ აღვიქვამთ ამ ადამიანებს როგორც მუსლიმ დევნილებს. ჩვენ ვხედავთ მათ, როგორც მუსლიმ დამპყრობლებს. მაგალითად, სირიიდან უნგრეთში მოსახვედრად მათ ოთხი ქვეყანა უნდა გადაკვეთონ, ყველა მათგანი არ არის გერმანიასავით მდიდარი, მაგრამ სტაბილურია. ასე რომ ისინი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად არ ზრუნავენ".

ამ ხედვას ეხმაურება ებრაელი აღმოსავლეთმცოდნის მარდოშე კედარის ხედვა მიგრაციასა და ევროპაში მიგრანტების შესვლასთან დაკავშირებით:

"ისლამში ემიგრაციის ცნება "ეფუძნება წინასწარმეტყველი მუჰამედის პრეცედენტს. მშობლიურ მექაში მას ამცირებდნენ, კიცხავდნენ, კინაღამ მოკლეს მისი მრისხანე წინასწარმეტყველებების გამო, რომელსაც მოქალაქეებს უქადაგებდა მათივე გონზე მოსაყვანად. 622 წელს ის მედინაში წავიდა, ემიგრაციაში, სადაც ორი წლის შემდეგ გახდა მმართველი, სამხედრო მეთაური და წინასწარმეტყველი.

ისლამში მუჰამედი აღიქმება როგორც იდეალური ადამიანი, რომელიც არასდროს ცდება, რომლის მოქმედებები წარიმართებოდა იმის მიერ, ვინც ზეცაშია. ამიტომაც ყოველი მუსლიმი ყველგან, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში უნდა ბაძვდეს მუჰამედს და მის ქმედებებს. იმ ფონზე, რომ ემიგრაციამ საშუალება მისცა მუჰამედს საკუთარი სტატუსი აემაღლებინა, დაეპყრო მედინა და ისლამურ ქალაქდ ექცია, მუსლიმი მოაზროვნეები დღევანდელ მიგრაციას განიხილავენ, როგორც შესაძლებლობას მუსლიმებისთვის ხელში აიღონ იმ ადგილებზე კონტროლი, სადაც ისინი ხვდებიან და იქ ისლამის ძალაუფლება გაავრცელონ".

საინტერესოა, რომ ებრაელი მეცნიერისა და უნგრეთის პრემიერის ხედვა ერთმანეთს ემთხვევა, ისრაელს კი საკმაოდ მკაცრი კონტროლი აქვს დაწესებული საკუთარ საზღვრებზე...

მიუხედავად მრავალი ვარაუდისა და აზრისა, არალეგალურ მიგრაციასთან გამკლავება დღეს ევროპისთვის გამოწვევად რჩება, ამის გარეშე კი შეიძლება არც იყოს გამორიცხული ევროკავშირში დაპირისპირებული ბლოკების გაჩენა, რამაც კავშირის დაშლაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს