ოლეგ დერიპასკას ფირმებს სანქციები მოუხსნეს - ვინ არის დაინტერესებული რუსეთსა და ამერიკას შორის გარიგებით? - კვირის პალიტრა

ოლეგ დერიპასკას ფირმებს სანქციები მოუხსნეს - ვინ არის დაინტერესებული რუსეთსა და ამერიკას შორის გარიგებით?

გასული წლის 6 აპრილს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან მიმართებაში სასანქციო სია გააფართოვა. ახალ სასანქციო სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა. მათ შორის არიან ცნობილი რუსი ბიზნესმენები ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი, იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვექსელბერგი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი. ახალი სანქციების გახმაურებას შედეგი მალევე მოჰყვა და რუსეთის საფონდო ბირჟების რყევა გამოიწვია. სანქციების შემოღების შემდეგ რუსი მილიარდერების ზარალმა 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაზეც მაშინდელი Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგი მეტყველებს.

სანქციების გაფართოებას მოჰყვა ხმამაღალი განცხადებები იმაზე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკამოდ ხისტი პოლიტიკოსია, რომ ეს რუსეთთან ურთიერთობებზეც ისახება. გაჩნდა მოლოდინები, რომ ამერიკული სანქციების შედეგად აღნიშნული რუსი მილიარდერების მდგომარეობა ვეღარ გამოსწორდებოდა, რაც მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის.

და მიუხედავად ამ მკაცრი სანქციებისა და მუქარებისა, გასული წლის 19 დეკემბერს მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ოლეგ დერიპასკას, მის ფირმებსა და შეერთებულ შტატების ხაზინის დეპარტამენტს შორის. 19 დეკემბერს Reuters- ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებული შტატების საზღვარგარეთის აქტივების კონტროლის სამმართველოსა (შტატების ხაზინის დეპარტამენტის განყოფილება, რომელსაც ევალება ფინანსური დაზვერვის საკითხები, ეკონომიკური და სავაჭრო სანქციების დაწესება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე) და დერიპასკას კომპანიებს, Rusal-სა და En+ Group-ს შორის შეთანხმებას მალე მიაღწევდნენ.

საბოლოო შეთანხმებას ორმა მხარემ 28 იანვარს მიაღწია და ოლეგ დერიპასკას ფირმებს Rusal-ს, En+ Group-სა და JSC EuroSibEnergo-ს სანქციები მოუხსნეს. აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ პირადად დერიპასკასთვის დაწესებული სანქციები ძალაში დარჩა.

რატომ მოხდა, რომ რუსეთისთვის აპრილში სანქციების გაფართოებაზე ინფორმაციას საერთაშორისო გამოძახილი მოჰყვა, აღნიშნული შეთანხმება კი პრაქტიკულად ყურადღების მიღმა დარჩა?

პასუხი ძალიან მარტივია - იმიტომ, რომ ასე იყო ჩაფიქრებული.

როგორც აღვნიშნე, შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით 19 დეკემბერს გახდა ცნობილი. "საშობაო არდადაგები მომავალ კვირაში შეიძლება გახდეს კიდევ ერთი მიზეზი იმისათვის, რომ შეერთებული შტატების საზღვაგარეთის აქტივების კონტროლის სამმართველომ შეთანხმებაზე ამ კვირაში განაცხადოს", - წერდა Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით 19 დეკემბერს. ოლეგ დერიპასკა

მართლაც, შემდეგ ისე დალაგდა მოვლენები, რომ აღარავის ეცალა დერიპასკასა და მისი ფირმებისთვის ყურადღების მისაქცევად - 22 დეკემბერს შტატების მთავრობამ ნაწილობრივ შეაჩერა მუშაობა, ეს პროცესი 35 დღე გაგრძელდა და საერთაშორისო მედიის ყურადღება ამერიკის შიდა პოლიტიკურ ბატალიებს დაეთმო. ცალკეა აღსანიშნავია ბრექსიტის პროცესი, რომელიც დეკემბრის თვეში ხელახლა გააქტიურდა და თითქმის გადაფარა ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

ჩემი მიზანი არ არის შეთქმულების თეორიის მსგავსი აზრის განვითარება, თუმცა ფაქტია, რომ შეთანხმებაზე რუსეთის სპეცსამსახურებსა და შეერთებული შტატების საზღვარგარეთის აქტივების კონტროლის სამმართველოს შორის, სავარაუდოდ, აპრილიდანვე დაიწყო მოლაპარაკებები და მისი გასაჯაროებისთვის დროც კარგად შეირჩა.

რა შეთანხმებაზეა ლაპარაკი?

მუშაობა სანქციების შერბილებაზე აპრილშივე დაიწყო. ამერიკის ოფიციალურმა პირებმა აპრილშივე განაცხადეს, რომ თუ დერიპასკა საკუთარ წილს შეამცირებდა აღნიშნულ სამ კომპანიაში, მაშინ კომპანიებისთვის სანქციების მოხსნას განიხილავდნენ, დერიპასკამ კი მალევე გააკეთა განცხადება წილის შემცირების სურვილზე.

შეთანხმების მიხედვით კი, Rusal-ს, En+ Group-სა და JSC EuroSibEnergo-ს სანქციები მოეხსნებოდა, თუ დერიპასკას წილი ამ კომპანიებში შემცირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებას "დემოკრატიული პარტია" ეწინააღმდეგებოდა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ამას მხარი არ დაუჭირა და შეთანხმებაზე ერთსულოვნება არც "რესპუბლიკურ პარტიაში" ყოფილა, სენატმა მაინც დაუჭირა მხარი სანქციების მოხსნას. სენატში კი უმრავლესობა ტრამპისა და "რესპუბლიკელების" ხელშია.

ასევე საინტერესოა, თუ ვინ იყო შუამავალი ამ მოლაპარაკებებში დერიპასკასა და შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტს შორის - ბრიტანელი ლორდი გრეგ ბარკერი - დევიდ კამერონის პრემიერობის დროს დიდი ბრიტანეთის კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის მინისტრი, ახლა კი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი.

საინტერესო ისაა, რომ ოლეგ დერიპასკა არ არის ერთადერთი რუსი მილიარდერი, რომელთანაც გრეგ ბარკერს ჰქონია ურთიერთობა. 1990-იან წლებში ბარკერი რუსეთში იმყოფებოდა და იყო რომან აბრამოვიჩის ფირმის "სიბნეფტის" საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი. ორი ათეული წლის შემდეგ, აბრამოვჩმა რეკომენდაცია გაუწია ბარკერს და ის 2017 წლის ოქტომბერში,  En+ Group-ის აღღმასრულებელ თავმჯდომარედ დაინიშნა. გრეგ ბარკერი

2018 წლის აპრილში დაწესებული სანქციების გამო ბარკერმა დაიწყო მოძრაობა, დაიქირავა ფინანსური და იურიდიული მრჩევლები და ლობისტები საინვესტიციო ბანკ Rothschild & Co-დან და Mercury LLC-დან. მათ შეიმუშავეს გეგმა, რომელსაც შემდეგ "ბარკერის გეგმა" შეარქვეს. ამ გეგმის მიზანი კი სწორედ იმ შეთანხმების განხორციელება იყო, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე.

დერიპასკას კომპანიებსა და შეერთებული შტატების საზღვარგარეთის აქტივების კონტროლის სამმართველოს შორის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კი ის იყო, რომ წილების შემცირების შემდეგ უნდა გაჩენილიყო შუამავალი, დამოუკიდებელი რგოლი დერიპასკასა და მის კომპანიებს შორის, რომელიც მკაცრად გააკონტროლებდა ვითარებას.

ამ კომპანიას კი, Ogier Global Nominee (Jersey) Limited-ს წლების განმავლობაში ახლო თანამშრომლობა ჰქონდა დერიპასკასა და მის ფირმებთან.

მართალია, შეთანხმების მუშაობას შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი გააკონტროლებს და დარღვევის შემთხვევაში მკაცრ ზომებს მიიღებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი თავის დასამშვიდებლად, აღნიშნავს შეერთებული შტატების სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრი, დემოკრატი მარკ უორნერი:

"ჩემს შეშფოთებას ყოველთვის იწვევდა ის, რომ დერიპასკამ შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მაგრამ მაინც შეინარჩუნოს საკუთარ კომპანიებზე კონტროლი და პირადი სარგებელი ნახოს ამ შეთანხმებით. პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი ახალ სამმართველო სტრუქტურაში ახალი მონაცემია, რომელიც აჩვენებს, რომ სენატს უნდა გაეუქმებინა ტრამპის ადმინისტრაციის პროექტი და შეგვენარჩუნებინა სანქციები, ვიდრე ამის საშუალება გვქონდა".

არის კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი - ვინაიდან Rusal-ი ალუმინის უმსხვილესი მწარმოებელია ჩინეთის შემდეგ, ამ უკანასკნელთან კი ამერიკას "სავაჭრო ომი" აქვს გამოცხადებული, ხაზინის დეპარტამენტს სურდა ალუმინზე ფასების დაგდება და ამით ჩინეთისთვის ზიანის მიყენება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, მკაცრი განცხადებებისა და თუნდაც სანქციებისა, რუსეთის სპეცსამსახურებმა, ლობისტებმა იმუშავეს და ამერიკაში დაინტერესებულ პირებზე გავლენით (ხაზინის დეპარტამენტის მდივანი სტივენ მნუჩინია, რომელიც ასევე უჭერდა მხარს შეთანხმების გაფორმებას) შეძლეს ამ უმსხვილესი ფირმებისთვის სანქციები მოეხსნათ. დერიპასკა შეძლებს თუ არა ამ ფირმების მართვას, ეს ცალკე საკითხია, თუმცა იმ მატერიალურ სარგებელს, რასაც რუსეთი იღებდა ამ ფირმებით, ისევ მიიღებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს