რატომ ტოვებს აშშ რეიგან-გორბაჩოვის მიღწეულ ხელშეკრულებას - მსოფლიო მორიგი "ცივი ომის" მოლოდინში? - კვირის პალიტრა

რატომ ტოვებს აშშ რეიგან-გორბაჩოვის მიღწეულ ხელშეკრულებას - მსოფლიო მორიგი "ცივი ომის" მოლოდინში?

1-ლ თებერვალს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან (INF Treaty) გამოსვლას იწყებენ და ამ პროცესს 180 დღეში დაასრულებენ. ეს 6 თვე რუსეთს "მისცეს" საიმისოდ, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და გაანადგუროს ის რაკეტები, რომლებიც ამ შეთანხმებას არღვევს. თავის მხრივ, უკვე 2 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცადა, რომ რუსეთიც ტოვებს შეთანხმებას:

"ჩვენ შემდეგნაირად ვიმოქმედებთ, ჩვენი პასუხი სარკისებრი იქნება. ამერიკელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ წყვეტენ მონაწილეობას ამ შეთანხმებაში და ჩვენც ასე მოვიქცევით. რუსეთი არ განათავსებს ამგვარ შეიარაღებას არც ევროპაში და არც მსოფლიოს სხვა წერტილში, ვიდრე ამ რეგიონებში მსგავსი ამერიკული შეიარაღება არ განთავსდება".

რაზე მიანიშნებს შეერთებული შტატებისა და რუსეთის მხრიდან ეს გადაწყვეტილება?

რაც ყველაზე ცხადია, ისაა, რომ მსოფლიო გარდამავალ პოლიტიკურ პროცესში იმყოფება და ძველი, ათწლეულების წინ დადებული ხელშეკრულებები უკვე ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, შესაბამისად, საჭიროა მათი განახლება. INF Treaty დაიდო მაშინ, როდესაც მსოფლიოში, უხეშად რომ ვთქვათ, მხოლოდ ორი დაპირისპირებული ბანაკი იყო - აშშ და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები და საბჭოთა კავშირი. მაშინ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ჩინეთი ან თუნდაც ირანი არ წარმოადგენდნენ ისეთ საფრთხეს, როგორც დღეს. ვინაიდან ეს ქვეყნები შეთანხმებაში არ მონაწილეობენ და არ არიან ვალდებულები შეზღუდონ საკუთარი სამხედრო ტექნიკის წარმოება წამგებიან მდგომარეობაში რჩება როგორ შეერთებული შტატები, ისე რუსეთი.

INF Treaty-ის გაფორმების შემდეგ მართალია ორივე მხარემ გაანადგურა შეთანხმებით გათვალისწინებული რაკეტები, თუმცა შემდეგ რუსეთმა კვლავ დაიწყო მათი წარმოება (მათი თქმით, 9M729 ტიპის რაკეტები შეთანხმებას არ არღვევს, ვინაიდან მათი მოქმედების რადიუსი 480 კილომეტრია, ამერიკული მხარე კი აცხადებს, რომ მცირე მოდიფიცირების შემთხვევაში მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრს გადააჭარბებს, შესაბამისად ირღვევა შეთანხმება). საეჭვოა ამერიკის მხარესაც, რომ არ დაეწყო ხელშეკრულების მალულად დარღვევა და აკრძალული რაკეტების გაკეთება. ამის ფონზე INF Treaty-ს შენარჩუნება კი თავის მოტყუებას დაემსგავსებოდა ორივე მხარის მიერ. მაიკ პომპეო

რაც შეეხება ჩინეთს, ამ ქვეყანასთან შეერთებულ შტატებსა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "სავაჭრო ომი" აქვს გამოცხადებული. მთელი რიგი დარღვევები ორმხრივ ვაჭრობაში არაფერია იმასთან შედარებით, რა საფრთხესაც ამერიკის სპეცსამსახურები ხედავენ ჩინეთთან მიმართებით:

"ჩინეთისგან მომავალი კონტრდაზვერვის საფრთხე არის უფრო ღრმა, უფრო მრავალფეროვანი, უფრო შემაშფოთებელი, უფრო რთული, უფრო ყოვლისმომცველი და უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა კონტრდაზვერვის საფრთხე რომელზეც კი შემიძლია ვიფიქრო", - ეს განცხადება FBI-ს დირექტორმა ქრისტოფერ ვრეიმ 29 იანვარს, ამერიკის სპეცსამსახურების ანგარიშის მოსმენაზე შეერთებული შტატების სენატში.

"ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა სულ უფრო ხშირად იყენებენ კიბეროპერაციებს ინფორმაციის მოსაპარად, ჩვენს მოქალაქეებზე გავლენის მოსახდენად ან კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მუშაობისთვის ხელის შესაშლელად. მოსკოვის ურთიერთობა პეკინთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ყოფილა ათწლეულების განმავლობაში.

ჩინეთი რჩება ყველაზე უფრო აქტიურ სტრატეგიულ მეტოქედ, რომელსაც შეუძლია კიბერჯაშუშობის განხორციელება შეერთებული შტატების მთავრობის, კორპორაციებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ. ის ავითარებს კიბერშეტევის შესაძლებლობებს და ცვლის ინფორმაციას ონლაინ, აყალიბებს ჩინურ ხედვებსა და შეერთებული შტატების მოქალაქეების პოტენციურ ხედვებს", - ეს განცხადება კი შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენიელ ქოუთსმა იმავე ღონისძიებაზე გააკეთა. ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი

ჩინეთმა უკვე გამოხატა უკმაყოფილება ამ შეთანხმების გაწყვეტით და მხარეებს მოუწოდა დიალოგით მოაგვარონ უთანხმოება - ბუნებრივია, ეს შემთხვევით არ ყოფილა.

გარდა ამისა, ჩინეთი რომ იყოს INF Treaty-ს ერთ-ერთი მონაწილე, საკუთარი ბალისტიკური და ფრთიანი რაკეტების 95%-ის განადგურება მოუწევდა.

შესაბამისად, ახალი რეალობა აჩვენებს, რომ საჭიროა მსოფლიოს წამყვან პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის გაფორმდეს ახალი შეთანხმება, რომელიც გასცემს პასუხს არსებულ გამოწვევებს და რომელიც დაარეგულირებს ახლანდელ ვითარებას.

INF Treaty-ს გაუქმების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება რუსეთისთვის ეკონომიკური დარტყმის მიყენებაც იყოს. მართალია შეთანხმების არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს გამალებული შეჯიბრი შეიარაღებაში, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთს უკვე აღარ შეუძლია ახალი რბოლის ატანა.

"ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ და არ ჩავერთვებით ჩვენთვის ძვირადღირებულ შეიარაღების შეიჯიბრებაში",- ეს განცხადება ვლადიმირ პუტინმა 2 თებერვალს რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა. სერგეი ლავროვი, ვლადიმირ პუტინი, სერგეი შოიგუ

შესაბამისად, ამ შეთანხმების გაუქმებითა და ახალ შეთანხმებაზე მუშაობის გამოთქმის ინიციატივით შეერთებული შტატები დარჩება მოგებული, ახალ შეთანხმებაზე მინიშნება კი უკვე გააკეთა დონალდ ტრამპმა:

"ვიმედოვნებ რომ შევძლებთ ყველას შეკრებას დიდ და ლამაზ ოთახში და ახალი შეთანხმების შემუშავებას, რომელიც ბევრად უკეთესი იქნება".

ვინ და რატომ რჩება წამგებიან პოზიციაში INF Treaty-ს გაუქმებით?

პატარა, პირველ რიგში კი ევროპის ქვეყნები. მათ ერთხელ უკვე ნახეს, თუ რას ნიშნავს და რა შედეგები მოაქვს ორი დიდი სახელმწიფოს დაპირისპირებას მათივე ტერიტორიაზე, შესაბამისად, არ სურთ, რომ მსგავსი საფრთხე კიდევ დადგეს.

ახალი შეთანხმების დადებამდე კი მსგავსი საფრთხე აუცილებლად დადგება - რუსული რაკეტები, ბუნებრივია, ევროპისკენ იქნება მიმართული, ხოლო თუ ამერიკელები მოინდომებენ ასეთი რაკეტები რუსეთთან ახლოს განალაგონ, ისევ და ისევ ევროპის ქვეყნებში განალაგებენ.

ძნელი სათქმელია რამდენად მიაღწევს ახალი შეთანხმების გაფორმებას დონალდ ტრამპი - გამალებულ "სავაჭრო ომს" ჯერ ბოლო არ უჩანს და ამ ფონზე ჩინეთის პრეზიდენტი რატომ მოინდომებს შეერთებულ შტატებთან ახალი ხელშეკრულების დადებას შეიარაღებაზე ძნელი სათქმელია.

დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება რუსეთზეც - საერთაშორისო სანქციების ქვეშ არსებულმა რატომ უნდა მოინდომოს ახალი შეთანხმების გაფორმება ასევე რთული სათქმელია.

დაბოლოს, რატომ არის საშუალო და მცირე სიშორის რაკეტები ასეთი სახიფათო?

ასეთ რაკეტებს შეუძლიათ მიზანს რამდენიმე წუთში მიაღწიონ და მოწინააღმდეგეს არ რჩება შანსი დარტყმის მოსაგერიებლად. გარდა ამისა, ასეთი რაკეტები საკმაოდ მობილურია და მათი გადატანა სამხედრო ტექნიკით არის შესაძლებელი.

თუ მოწინააღმდეგემ არ იცის, თუ საიდან განხორციელდა რაკეტის გაშვება ეს კიდევ უფრო ართულებს თავდაცვას. ასეთი რაკეტები საშიშია იმიტომ, რომ წუთების განმავლობაში შეუძლიათ ევროპა აქციონ უკაცრიელ უდაბნოდ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს