"აშშ-ის პრეზიდენტი რომ არ ვყოფილიყავი, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომი გვექნებოდა" - კიდევ რაზე ისაუბრა ტრამპმა ყოველწლიური მიმართვისას? - კვირის პალიტრა

"აშშ-ის პრეზიდენტი რომ არ ვყოფილიყავი, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომი გვექნებოდა" - კიდევ რაზე ისაუბრა ტრამპმა ყოველწლიური მიმართვისას?

"შეერთებული შტატების პრეზიდენტად მე რომ არ ვყოფილიყავი არჩეული, ახლა, ჩემი აზრით, ჩრდილოეთ კორეასთან დიდ ომში ვიქნებოდით ჩართული და პოტენციურად გვეყოლებოდა მილიონობით გარდაცვლილი ადამიანი" - ძნელი სათქმელია, რამდენად არის დონალდ ტრამპის ეს სიტყვები მართალი, თუმცა ფაქტია, რომ მის ყოველწლიურ გამოსვლას შეერთებული შტატების კონგრესში საერთაშორისო საზოგადოება და მედია დიდი ინტერესით ელოდა და ყურადღებით გააანალიზა.

ეს დიდი ინტერესი განპირობებულია ერთი მხრივ ამერიკის როლით საერთაშორისო პოლიტიკაში, მეორე მხრივ კი დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი ხასიათისა და განცხადებების გამო. მისი არაპროგნოზირებადობა ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. 29 იანვარს ამერიკის სპეცსამსახურების ანგარიშის მოსმენა შედგა შეერთებული შტატების სენატში, სადაც FBI-ს, CIA-ს, ეროვნული დაზვერვისა და სხვა სამსახურების დირექტორებმა ამერიკის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ანგარიში წარადგინეს.

"დაზვერვის წარმომადგენლები ძალიან პასიურებად და მიამიტებად ჩანან, როცა საქმე ეხება ირანისგან მომდინარე საფრთხეებს. ... ალბათ დაზვერვა სკოლას უნდა დაუბრუნდეს" - საკმაოდ ხისტი და შეიძლება არაკომპეტენტური განცხადებაც იყოს ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან. ეს ციტატები, რა თქმა უნდა, "ტვიტერზე" გაჟღერდა. მოგვიანებით კი ტრამპმა (ალბათ რჩევების მიღების შემდეგ) ეს განცხადება გამოასწორა და აღნიშნა, რომ ირანთან და სხვა გამოწვევებთან მიმართებით მას და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებს ერთი აზრი აქვთ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გამოსვლას უსმენს

კიდევ ერთი მაგალითი, რაც ადასტურებს ამერიკის პრეზიდენტსა და მის გარემოცვას შორის შესაბამისი კოორდინაციის ნაკლებობას უკვე სირიიდან ჯარების გამოყვანას ეხება. გენერალმა ჯოზეფ ვოტელმა სენატში ანგარიშით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მასსა და ტრამპს შორის საუბარი არ ყოფილა, თუმცა მისთვის ზოგადად ცნობილი იყო პრეზიდენტის სურვილი სირიიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ. "ჩემთან კონსულტაცია არ ყოფილა" - აღნიშნა ვოტელმა.

სწორედ ამ ყველაფრის გამო ტრამპის ყოველწლიური მიმართვა კიდევ უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო, თუმცა ვინაიდან ასეთი გამოსვლები წინასწარ იგეგმება და წარმოსათქმელი სიტყვა ასევე წინასწარ არის შეთანხმებული მსგავსი შეუთანხმებელი განცხადებების მოლოდინი ზედმეტი იყო.

დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მის პერიოდში არსებულ ეკონომიკურ წინსვლას. აქ, რა თქმა უნდა, დეტალებს აღარ შევეხები. ის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკის ეკონომიკაში წინსვლა შეინიშნება უდავოა, თუმცა რამდენად არის ეს პირადად ტრამპის პოლიტიკის დამსახურება?

ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ტრამპის მოსვლამდე ამერიკის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაში იყო და 2016 წლის შემდეგ დაიწყო გამოცოცხლება. თითქმის ყველა იმ მაჩვენებლის წინსვლის ტენდენცია, რითაც ამერიკის პრეზიდენტმა "თავი მოიწონა", წინა წლებში იყო დაწყებული, იქნება ეს დამატებითი ადგილების შექმნა წარმოების სფეროში თუ უმუშევრობის დონის ვარდნაში.

მაგალითად, წარმოების სფეროში სამუშაო ადგილების ზრდის ტენდენცია 2010 წელს დაიწყო, უმუშევრობის დონის ვარდნა კი ასევე 2010 წელს დაწყებული ტენდენციის გაგრძელებაა. კონგრესში დონალდ ტრამპის გამოსვლას მისი მეუღლე, მელანია ტრამპიც დაესწრო

"ჩვენ მოვახდინეთ რევოლუცია ამერიკულ ენერგეტიკაში - შეერთებული შტატები ახლა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ნომერ პირველი მწარმოებელია" - მართალია ეს სიტყვები რეალობაა, რევოლუციას მაინც არ წარმოადგენს, ვინაიდან იგივე მაჩვენებელი ამერიკას წინა წლებშიც ჰქონდა - 2013 წლიდან ამერიკა ნავთობის უდიდესი მწარმოებელია, 2011 წლიდან კი ბუნებრივი აირის.

ასევე საინტერესოა ტრამპის განცხადება იმაზე, რომ ამერიკის ეკონომიკას სხვა ქვეყნები ვერ შეეჯიბრებიან. "მაშინ როცა ამერიკის ეკონომიკა ძლიერია, ის არ არის ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი მსოფლიოში, ზოგის აზრით კი არც ყველაზე დიდი" - წერს NBC News-ი ტრამპის სიტყვის მიმოხილვისას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს შორის 2019 და 2020 წელს ინდოეთს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 7.5-დან 7.7% მშპ-ს ზრდით. იმავე პერიოდში ჩინეთის მშპ დაახლოებით 6.2%-ით უნდა გაიზარდოს. შეერთებული შტატების მშპ-ს ზრდა 2019 წელს 2.5% იქნება, 2020 წელს კი 1.8%.

თუმცა ტრამპს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ამერიკის ეროვნული ვალი $2 ტრილიონით გაიზარდა, 2016 წლის ერთ-ერთი დაპირება კი ამერიკის ვალის გასტუმრება იყო.

ეკონომიკის გარდა, საუბარი ასევე შეეხო კედლის მშენებლობასაც მექსიკის საზღვარზე. "წარსულში, ამ ოთახში მყოფთა უმეტესობამ კედლის აშენებას დაუჭირა მხარი, მაგრამ შესაფერისი კედელი არასდროს აშენებულა. მე ავაშენებინებ კედელს" - საინტერესოა, თუ როგორ მოხდება ეს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის ნენსი პელოსის პოზიციის ფონზე. ტრამპის კონგრესში გამოსვლას მისი შვილებიც ესწრებოდნენ

უნდა ითქვას, რომ ამერიკაში ამ კედლის გარშემო აშენება უკვე პირადი გამარჯვების მიღწევის ტოლფასი გახდა - თუ კედელი აშენდება, ამას ტრამპი საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადებს, რაც ნენსი პელოსის დამარცხებად აღიქმება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკულ პოლიტიკაშიც უკვე ძალიან მყარად მოიკიდა ფეხი პოპულიზმმა (ხშირად მხოლოდ მემარჯვენეს ახსენებენ, მაგრამ მემარცხენე პოპულიზმიც ასევე პოპულარულია პოლიტიკოსებში). ამის ფონზე კი რეალური, არსებითი გამოწვევების წინაშე პასუხების მოძებნა რთულდება.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ტრამპი შეეხო ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთთან ურთიერთობებს, სირიასა და ავღანეთში კონფლიქტებს (კოორდინაციის დონე სირიასთან დაკავშირებით ზემოთ ვახსენეთ), ნატო-ს ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდას.

კიმ ჩენ ინთან მეორე შეხვედრას ტრამპი 27-28 თებერვალს გამართავს. მართალია ჩრდილოეთ კორეა აღარ უშვებს ბალისტიკურ რაკეტებს, მაგრამ ამ ქვეყანაში მაინც რჩება ბირთვული არსენალი, რომლის დამალვასაც კიმ ჩენ ინი ცდილობს. ძნელი სათქმელია თუ როგორ განვითარდება ორი ლიდერის შეხვედრა და რაიმე არსებით შედეგს მიაღწევენ თუ ვერა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასეთი რამ აუცილებელიცაა ტრამპის რიტორიკის ფონზე - წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეხვედრები მხოლოდ კიმ ჩენ ინისთვის შიდა პროპაგანდის მასალა გახდება. ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტები აღარ დაფრინავენ, ბევრს არაფერს ნიშნავს ბირთვული არსენალის შენახვის ფონზე.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის პრეზიდენტობის ორი წლის მანძილზე ნამდვილად არის დადებითი ტენდენციები, იქნება ეს ამერიკის შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში, თუმცა რაც ყველაზე მეტ უკმაყოფილებას იწვევს არის ის ფორმა, თუ როგორ ხორციელდება ეს ყველაფერი: ურთიერთგამომრიცხავი და შემდეგ შესწორებული განცხადებების, "ტვიტერისა" და ხანდახან დაუსაბუთებელი ტრაბახის ფონზე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს