იტალიური ტემპერამენტი ფრანგული დიპლომატიის წინააღმდეგ - რატომ გაიწვია საფრანგეთმა თავისი ელჩი იტალიიდან? - კვირის პალიტრა

იტალიური ტემპერამენტი ფრანგული დიპლომატიის წინააღმდეგ - რატომ გაიწვია საფრანგეთმა თავისი ელჩი იტალიიდან?

საფრანგეთმა იტალიიდან საკუთარი ელჩი გაიწვია, რაც არის უპრეცედენტო მოვლენა. ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. ამ ნაბიჯით საფრანგეთის მთავრობამ გამოხატა სერიოზული უკმაყოფილება იტალიის მთავრობის მიმართ. რა გააკეთეს იტალიელებმა? იტალიის პრემიერ- მინისტრის მოადგილემ და ეკონომიკური განვითარების, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ სურათი გადაიღო "ყვითელ ჟილეტიანების" მოძრაობის ლიდერებთან, მათ შორის ქრისტოფ შალენსონთან. "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში კი დაწერა, რომ "ცვლილების ქარმა ალპებიც გადალახა".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლუიჯი დი მაიომ მხარდაჭერა გამოუცხადა "ყვითელ ჟილეტიანების" მოძრაობას. 7 იანვარს მან განაცხადა, რომ "ახალი ევროპა იბადება - ყვითელი ჟილეტების, მოძრაობებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა".

ლუიჯი დი მაიო არ არის ერთადერთი იტალიის მთავრობაში, ვინც საფრანგეთში კოლეგებს აკრიტიკებენ. იტალიის პრემიერ-მინისტრის მეორე მოადგილემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ ემანუელ მაკრონს "საშინელი პრეზიდენტი" უწოდა და განაცხადა, რომ საფრანგეთს არ სურს მშვიდობა ლიბიაში ეკონომიკური ინტერესების გამო, დი მაიომ კი მაკრონი ლიბიის გაღარიბებაში დაადანაშაულა.

ამ ბრალდებებს საფრანგეთმა დიპლომატიურად უპასუხა და ამიტომაც გაიწვია ელჩი იტალიიდან. მთავარი ახლა არის ის, თუ რას გვიჩვენებს ეს ფაქტი? ფოტო, რომელიც ლუიჯი დი მაიომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

პირველ რიგში - ევროკავშირი აღარ არის ისეთი ერთიანი, როგორიც 5, 10 ან 15 წლის წინ იყო. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის არის მთელი რიგი საკითხებისადმი ერთიანი და შედეგის მომცემი პოლიტიკის არარსებობა. ასეთი მწვავე საკითხია საიმიგრაციო პოლიტიკის არასებობა. იტალიის მთავრობას ხშირად აკრიტიკებენ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარების გამო. არანაკლებ მკაცრი პოლიტიკა აქვს უნგრეთს, ავსტრიას. იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა უკონტროლო მიგრაციის გამო.

წლების განმავლობაში არაკონტროლირებადმა მიგრაციამ გამოიწვია მემარჯვენე ძალების დაწინაურება და მათი მხარდაჭერის ზრდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. საიმიგრაციო პოლიტიკას ემატება სხვა, ის მწვავე სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რაც ევროპის ქვეყნების რიგით მოსახლეობას აწუხებს. ეს უკმაყოფილება კი "ყვითელ ჟილეტიანების" მოძრაობამ გამოაჩინა. გასულ შაბათ-კვირას, 2-3 თებერვალს მათ მე-12 აქცია გამართეს. აქციებს რეგულარული ხასიათი აქვს, მაკრონს კი "ელიტიზმში" ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ მას არ შეუძლია ქვეყნის მართვა და ითვალისწინებს საზოგადოების მხოლოდ მდიდარი ფენის ინტერესებს.

ევროპის ქვეყნებში და ზოგადად ევროკავშირში პოლიტიკური ცვლილებების საჭიროებას აჩვენებს ზოგადი პოლიტიკური ვითარებაც - შიდა დაპირისპირებისა და კრიზისების ფონზე მათ აღარ შეუძლიათ საგარეო პოლიტიკაში ერთობლივი ხედვის შემუშავება. ეს ნათლად გამოჩნდა ვენესუელას საკითხთან დაკავშირებით. მაშინ როცა ხუან გუაიდო 23 იანვარს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარეს შტატებმა, კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა და საქართველომ, ევროკავშირმა ვერ შეძლო ერთიანი პოზიციის შემუშავება.

ღიმილის მომგვრელი იყო მათი გადაწყვეტილება ნიკოლას მადუროსთვის 8 დღიანი ვადის მიცემასთან დაკავშირებით, რომ დაენიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. ამის შემდეგაც კი ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა მართალია აღიარეს გუაიდო გარდამავალ პრეზიდენტად, თუმცა ეს იყო არა ევროკავშირის, არამედ ცალკეული ქვეყნების პოზიცია. კრისტიან მასეტი, ელჩი რომელიც საფრანგეთმა უკან გაიწვია

ზემოთ მოყვანილმა ფაქტმა კი კიდევ ერთხელ აჩვენა ევროკავშირში შიდა ბზარები - მოკავშირე ქვეყნების ერთი ცენტრალური ხელისუფლება მხარს უჭერს და მოქმედებისკენ მოუწოდებს მეორე მოკავშირე ქვეყნის ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ მოძრაობას.

ამის მიზეზი შემდეგი შეიძლება იყოს - ზოგადი გზავნილი ევროპელებისადმი, რომ იტალიის მთავრობა მხარს უჭერს ცვლილებებს ევროკავშირში და რომ ისინი ემიჯნებიან ისეთ პოლიტიკოსებს, როგორიც არის მაგალითად ემანუელ მაკრონი, რომლის ნაბიჯებმაც ვერ მოიტანა შედეგი და რომელსაც უკვე ორ თვეზე მეტია არ შეუძლია გაუმკლავდეს საკუთარ ქვეყანაში გამოწვევებს და ხალხის ნებას შესაბამისად უპასუხოს.

ასეთი შიდა დაპირისპირების გამწვავება კი სავსებით მოსალოდნელია იმის ფონზე, რომ 23-26 მაისს ევროპის პარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. არსებითი მნიშვნელობა კი იმას ექნება თუ ვინ მიიღებს უმრავლესობას, მემარჯვენეები თუ მემარცხენეები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს