ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის ბრძოლა აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის შესანარჩუნებლად - ვის აქვს უპირატესობა? - კვირის პალიტრა

ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის ბრძოლა აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის შესანარჩუნებლად - ვის აქვს უპირატესობა?

11 თებერვალს გამოქვეყნდა Pew Research Center-ის ანგარიში, სადაც საუბარი არის გლობალურ საფრთხეებზე. გამოკითხვა 26 ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და საკმაოდ საინტერესო შედეგები დაიდო - გლობალურ გამოწვევებსა და საფრთხეებში დასახელდა კლიმატის ცვლილება, "ისლამური სახელმწიფოსგან" მომდინარე ტერორიზმის საფრთხე და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამერიკის ძლიერების, გავლენის ზრდა. ასევე საფრთხედ დასახელდა რუსეთისა და ჩინეთის ზრდაც, თუმცა ამერიკის დაყენება მათ გვერდით საკმაოდ მოულოდნელი იყო.

ამერიკის ძლიერების ზრდას 2013 წელს საფრთხედ გამოკითხულების 25% მიიჩნევდა, 2017 წელს 38%, 2018 წელს კი 45% - 2017 წელთან შედარებით ზრდა საკმაოდ დიდია, თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შედეგები დაკავშირებულია დონალდ ტრამპის პოლიტიკასთანაც. რუსეთის ძლიერება საფრთხებ 2018 წელს 36%-მა დაასახელა, ჩინეთის ძლიერება - 35%-მა, ჩრდილოეთ კორეა კი 55%-მა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ნამდვილად არის გაზრდილი რუსეთისა და ჩინეთის გავლენა მსოფლიოში, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო ამერიკის წინა ადმინისტრაციის მმართველობით. ამიტომაც არის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტით მყოფმა შეერთბული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამ ორი ქვეყნის გავლენის ზრდა ასევე საფრთხედ დაასახელა.

"ბოლო პერიოდში შეერთებული შტატები ხშირად არ ერეოდა აღმოსავლეთ ევროპის საქმეებში, რაც მიუღებელია. ჩვენმა მეტოქეებმა შეავსეს ეს ვაკუუმი. დღეს ვადასტურებთ ჩვენს მისწრაფებას იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ რეგიონში დადებითი გავლენისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ გაძლიერებული დიპლომატიის გზით, რომ ვითანამშრომლოთ სტრატეგიულ საკითხებში. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს რომ გულახდილად ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებით და რაც ჩვენს მოკავშირეებსაც მისცემს სარგებელს. ამას გავაკეთებთ ამერიკის კომერციული დიპლომატიისა და კულტურული კავშირების გაძლიერებით" - ეს განცხადება პომპეომ უნგრეთში, ბუდაპეშტში გააკეთა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად. მაიკ პომპეო და პიტერ სიიარტო

ეს აშკარა მინიშნებაა იმაზე, რომ ამერიკა უკვე აქტიურად შეეცდება აღმოსავლეთ ევროპაში შეამციროს რუსეთისა და ჩინეთის გავლენა, თუმცა ალბათ ღიმილისმომგვრელი აქ შემდეგია - იმ ფონზე, რომ ამერიკის ძლიერების ზრდას საფრთხედ 26 ქვეყანაში გამოკითხულთა 45% ასახელებს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტით იმყოფება და იქ არსებულ ვაკუუმზე საუბრობს, რომელიც ჩინეთმა და რუსეთმა შეავსეს და რაშიც მათ ამერიკამ უნდა გაუწიოს მეტოქეობა.

რა თქმა უნდა, დიდი სახელმწიფოები ყოველთვის ცდილობენ გავლენის სფეროების გაზრდას და ამას შეეცდება ამერიკაც, ჩინეთიც და რუსეთიც, თუმცა ამ ჭიდილში, როგორც ყოველთვის, ისევ პატარა ქვეყნებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

საკმაოდ საინტერესო იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს პასუხი პომპეოს განცხადებებზე:

"რუსეთის გავლენებთან დაკავშირებით ევროპის პოლიტიკურ არენაზე ძალიან დიდი თვალთმაქცობა და პოლიტიკური კორექტულობა არსებობს. უნგრული ან ცენტრალური ევროპის კომპანიები არ ემზადებიან და არ აშენებენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ს გაზპრომთან ერთად. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა დაპატიჟებული პეტერბურგში ეკონომიკურ ფორუმზე როგორც სუპერ-ვარსკვლავი, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტი. უნგრეთის ენერგო კომპანიების წარმომადგენლები არ მსხდარან სცენაზე პრეზიდენტ პუტინთან ერთად რუსეთის ენერგეტიკის ბოლო კვირეულზე, არამედ დასავლეთ ევროპის უდიდესი ენერგეტიკული კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები. შეხედეთ სავაჭრო მონაცემებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რუსეთს შორის და დაინახავთ, რომ ჩვენ, ლეგიტიმური კუთხით რომ ვთქვათ, ყელში ამოგვივიდა ის, რომ წარმოგვაჩენთ, თითქოს გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა რუსეთთან".

აქ უნგრელმა მინისტრმა გასაგებად გააკეთა მინიშნება იმ გარიგებების არსებობაზე, რომლებიც, როგორც წესი კულუარებში ხდება და მედიაში ან არ შუქდება, ან ნაკლებად აშუქებენ ხოლმე. ერთ-ერთ ასეთ გარიგებად კი შეიძლება რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკასთვის სანქციების მოხსნა დასახელდეს. ნიკოლას მადურო

ამ ყველაფრიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ დღეს (და ალბათ ყოველთვის) ამერიკაც ისევე ცდილობს და იბრძვის გავლენის სფეროებისთვის, როგორც ჩინეთი და რუსეთი. ერთადერთი და ძირითადი განსხვავება არის ის ფორმა, რითაც ამას აკეთებენ ეს ქვეყნები - რუსეთი ყოველთვის უხეშ ძალაზე იყო დამოკიდებული, ამიტომაც მას მეზობელი ქვეყნები მტრად აღიქვამენ. საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის სატელიტები როგორც წესი, არიან კორუფციაში ჩაფლული და ავტორიტარული რეჟიმების წარმომადგენლები. ამის ნათელი მაგალითია ნიკოლას მადურო. ამერიკა გავლენის სფეროების გადანაწილებაში ბევრად უფრო მოქნილი და დიპლომატიურია და მათთან მოკავშირეობა უფრო მომგებიანია.

როგორი იქნება ჩინეთთან ურთიერთობა და მათი გავლენის სფეროში ყოფნა? - ევროპის ქვეყნებს ამის გამოცდილება აქ აქვს, თუმცა თუ მაიკ პომპეოს ნათქვამს მოვიშველიებთ:

"აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში ქვეყნებს აქვთ გამოცდილება, რომელიც აჩვენებს, რომ პეკინთან ხელის ჩამორთმევას მოჰყვება ვალდებულებები, რომლებიც უნგრეთს პოლიტიკურად და ეკონომიკურად ვალებში დატოვებს. თქვენ იცით, განსხვავება ის არის, რომ რუსეთი და ჩინეთი ავტორიტარული სახელმწიფოებია, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს ერთობლივ მისწრაფებებს თავისუფლებისკენ".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს