დონალდ ტრამპი მექსიკასთან კედლის ასაშენებლად აშშ-ში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს?!
დონალდ ტრამპი მექსიკასთან კედლის ასაშენებლად აშშ-ში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს?!
შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" (მთავრობის მიერ მუშაობის შეჩერება) გასული თვის 25 იანვარს დასრულდა იმ პირობით, რომ 15 თებერვლამდე რესპუბლიკელები და დემოკრატები შეთანხმებას მიაღწევდნენ საბიუჯეტო ხარჯვებთან და რაც მთავარია, მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებელი თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით.

14 თებერვალს ამ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა კედლისთვის საკმარისი თანხების გარეშე - კანონპროექტში მექსიკასთან საზღვრის მშენებლობისთვის $1,4 მილიარდია გამოყოფილი, ტრამპი კი საწყის ეტაპზე $5,7 მილიარდს მოითხოვდა. სრულად კედლის აშენება კი $23 მილიარდი ღირს. შეგახსენებთ,
კედელი 3 200 კილომეტრიან მონაკვეთზე უნდა აშენდეს.

დონალდ ტრამპს ადრევე ჰქონდა ნათქვამი, რომ თუ კონგრესი კედლის ასაშენებლად საწყის თანხას არ გამოყოფდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა. ამით ის გვერდს აუვლიდა კონგრესს და საჭირო თანხებს სხვადასხვა უწყებების რეზერვებიდან მიიღებდა. დღეს ეს მუქარა რეალობა გახდა.

თეთრი სახლის ოფიციალურმა
წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ:
"პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს კანონპროექტს ფედერალური მთავრობის დაფინანსების თაობაზე. ის ასევე მიიღებს სხვა ზომებს, მათ შორის გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობასაც, რათა შეაჩეროს ჩვენს საზღვრებზე ჰუმანიტარული კრიზისი. პრეზიდენტი ასრულებს თავის დანაპირებს ააშენოს კედელი, დაიცვას ჩვენი საზღვრები და ჩვენი დიადი ქვეყანა".

დემოკრატების, რესპუბლიკელებისა და ტრამპის დაპირისპირებაში ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კედლის აშენება-არაშენებამ პრინციპული მნიშვნელობა მიიღო, შესაბამისად, ამის უკან დგას პოლიტიკური მოგება-წაგების საკითხი. იმდენად კედელი აღარ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, თუ ვინ მოიგებს ამ დაპირისპირებას და პოლიტიკური ბატალიებიდან ვინ გამოვა გამარჯვებული.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის თქმით, თუ ტრამპს შეუძლია საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს იმ ილუზიის ასასრულებლად, რაც თავად აქცია საგანგებოდ, რა შეიძლება მოხდეს თუ განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანი გახდება ამერიკის პრეზიდენტი.
ნენსი პელოსი
აქ მინიშნებაა იმაზე, რომ მომავალში დემოკრატმა პრეზიდენტმა შეიძლება სამაგიეროს გადახდის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს კლიმატის ცვლილების ან იარაღზე მეტი კონტროლის დაწესების მოთხოვნით, რასთან დაკავშირებითაც რესპუბლიკურ პარტიას ძალიან რბილი დამოკიდებულება აქვს.

ეს რეალობა კი აჩვენებს, რომ დღეს ამერიკის პოლიტიკური ელიტა გახლეჩილია და კრიზისშია ჩაძირული. ამის მიზეზი არ არის დონალდ ტრამპი - ის მხოლოდ ამ გაორების გამოხატულებაა. კრიზისის მიზეზი არის ის ტენდენციები, რომელიც დასავლურ და ამერიკულ პოლიტიკაში უფრო და უფრო იჩენს თავს.

რეალურად საქმე გვაქვს აშკარა დაპირისპირებასთან მემარჯვენე და რადიკალურ მემარცხენე იდეოლოგიებს შორის.

უკმაყოფილებას იწვევს დემოკრატიული პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი კონგრესსა და წარმომადგენელთა პალატაში, მაგალითად, პალესტინური წარმოშობის რაშიდა ტლაიბი, რომელსაც პოლიტიკოსისთვის შესაფერისი კულტურის ქონას ვერ დავაბრალებთ, ალექსანდრია ოკასიო კორტესი, რომლის სოციალისტური იდეებიც უკვე ამერიკის ბიზნესწრეებსაც აფიქრებს, ერთ-ერთი პირველი მუსლიმი დეპუტატი ილჰან ომარი, რომელიც ანტი-სემიტური განცხადებებით გამოირჩევა.
დონალდ ტრამპი
კედლის აშენება ტრამპს ელექტორატის მხარდაჭერასაც მოაპოვებინებს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მისი რეიტინგი საკმაოდ დაბალია. ამას მოწმობს კომპანია "Morning Consult"-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ტრამპის პოპულარობის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა და 40 % შეადგინა. ამ გამოკითხვით, სწორედ 40 %-ს მოსწონს პრეზიდენტის ქმედებები მაშინ, როდესაც 55 % უკმაყოფილებას გამოთქვამს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებენ მხოლოდ 12 შტატში, 27 შტატში კი - უარყოფითად.

გამოკითხვა 1-ლიდან -31 იანვრის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მიიღო 156 ათასმა ადამიანმა.

კედლის აშენება ელექტორატსა და ტრამპის მხარდამჭერებს დაანახებს, რომ პრეზიდნეტი წინასაარჩევნო დაპირებებს ასრულებს, მართალია სანახევროდ, მაგრამ მაინც. სანახევროდ კი იმიტომ, რომ თავდაპირველი დაპირებით კედლის თანხა მექსიკას უნდა გადაეხადა.
რაშიდა ტლაიბი, ილჰან ომარი, ალექსანდრია ოკასიო-კორტესი
ტრამპს საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ გამოუცხადებია. გამოცხადების შემდეგ კონგრესს მაინც რჩება საშუალება გადაწყვეტილება გააუქმოს, მაგრამ ამას ორივე პალატის მხარდაჭერა დასჭირდება. სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს, მაგრამ რას იზამენ დანარჩენი სენატორები ძნელი სათქმელია (რესპუბლიკელებს სენატში 53 სენატორი ჰყავთ, დემოკრატებს - 47, რესპუბლიკელების განწყობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიმართ კი არაერთგვაროვანია).

გარდა ამისა, დემოკრატებს ტრამპის გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოშიც შეეძლებათ, ასე რომ დონალდ ტრამპს წინ კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური ბატალიები ელის.

ერთი რამ ფაქტია, ახლა კედლის აშენებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დემოკრატებისა და ტრამპისთვის შეიძლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იქცეს. საინტერესოა, რომელი მხარე გაიმარჯვებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ლევანი
22 თებერვალი 2019 16:13
ამერიკა იმიტომ განვითარდა, ემიგრანტებს რომ ღებულობდა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, იაფი და ნიჭიერი მუშახელი ყველა სფეროში ჰყავდა. ახლა რკინის ფარდის ჩამოფარება მას მეორე რუსეთად აქცევს.
კახაბერ კახაბერისძე
20 თებერვალი 2019 13:31
იურა, მიუხედავად იმისა, როგორ ჩამოყალიბდა - ინდიელთა ჟლეტით, მასონური მზაკვრობებითა თუ რითაც გნებავთ, მერწმუნეთ ამერიკელი ნაცია უკვე ერია, მართალია "თინეიჯერი" ჯერაც, მაგრამ ერი.
იურა
17 თებერვალი 2019 23:11
აშშ არის მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ლაბორატორია,სადაც დაჩქარებულ რეჟიმში ტარდება ექსპერიმენტი ცაცობრიობის განვითარებაზე პირველყოფილი ტემური წყობილებიდან თანამედროვე ცივილიზაციამდე..ტრამპის მოღვაწეობით საფუძველი ეყრება ამერიკელი ხალხის ერად ჩამოყალიბების პროცესს. ასეა ეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები