რუსი "სუპერმენის" მორიგი შოუ და ისტორიულ მინიმუმამდე დავარდნილი რეიტინგი - საით მიდის რუსეთი? - კვირის პალიტრა

რუსი "სუპერმენის" მორიგი შოუ და ისტორიულ მინიმუმამდე დავარდნილი რეიტინგი - საით მიდის რუსეთი?

გასული კვირა საერთაშორისო პოლიტიკაში საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. ერთმანეთის პარალელურად გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრები - აღმოსავლეთ ევროპის სამ ქვეყანას - უნგრეთს, სლოვაკეთსა და პოლონეთს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია. სტუმრობის მიზანი და მიზეზი აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთისა და ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსება იყო.

გარდა ამისა, ვარშავაში გაიმართა საერთაშორისო სამიტი - ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის მინისტერიალი. ამ მინისტერიალზე საგანგებოდ ჩავიდა შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი (სხვათა შორის, ივანკა, ისევე როგორც მისი ქმარი ჯარედ კუშნერი, აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკაში, რასაც რატომღაც უფლება დამცველი ორგანიზაციები დიდ ნეპოტიზმად არ აფასებენ). ეს სამიტი რეალურად ირანის წინააღმდეგ იყო მიმართული, რაც ეს ამერიკულ მხარეს არც დაუმალავს. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვარშავაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ "ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის ირანთან დაპირისპირების გარეშე მიღწევა შეუძლებელია" და "ირანს დამანგრეველი გავლენა აქვს ლიბანში, იემენში, სირიაში და ერაყში".

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან ირანის მხარდამჭერი ქმედებები აშშ-სა და ევროკავშირს შორის უთანხმოებების გაღრმავებას გამოიწვევს. "ევროპაში ზოგიერთი პარტნიორი ცდილობს მექანიზმების შექმნას, რათა გვერდი აუარონ ირანისთვის ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებს. ეს ინსტრუმენტი მცდელობაა აშშ-ს სანქციების დარღვევა მოხდეს".

მაიკ პენსის აზრით, "ამგვარი მიდგომა გააძლიერებს ირანს, დაასუსტებს ევროკავშირს და გააღრმავებს უთანხმოებას ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის". აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები გამკაცრდება, თუ ირანი არ იტყვის უარს თავის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე. სოჭში მოსრიალე პუტინი ამის პარალელურად "კონტრ-კონფერენცია" მიმდინარეობდა სოჭში - ერთმანეთს ჯერ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო ხვდებოდნენ, შემდეგ მათ შეუერთდნენ ირანისა და თურქეთის პრეზიდენტები - ჰასან რუჰანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

როგორც ჩანს, "კონტრ-კონფერენცია" არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, რომ პუტინს საკუთარი უპირატესობა ეჩვენებინა ამომრჩევლისა და დასავლეთისთვის, ამიტომ ამ დაძაბული შეხვედრების ფონზე მაინც გააკეთა ის, რასაც უკვე ყველა შეეჩვია და როგორც ჩანს, უკვე აღარ მოაქვს სასურველი შედეგი: ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი

პუტინი ნაცადი პოპულისტური ხერხებით შეეცადა ეჩვენებინა, რომ არათუ მშვენიერ ფორმაშია, როგორც პოლიტიკოსი და ლიდერი, არამედ როგორც მამაკაცი. მან ჯერ ლუკაშენკოსთან ერთად ისრიალა, შემდეგ კი სოჭში ერთ-ერთი სპორტული ცენტრი მოინახულა და მონაწილეობა მიიღო ძუდოისტთა ვარჯიშში.

რა თქმა უნდა, ყველა წააქცია, როგორც ძლიერმა და გამოცდილმა ფალავანმა... რამდენად მოუტანს ასეთი შოუები შედეგს პუტინს ძნელი სათქმელია, ფაქტი კი ის არის, რომ მისი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე არის დავარდნილი (მას ნდობას რუსების 33,4% უცხადებს, მის საქმიანობას კი 62,1% იწონებს. გამოკითხვა 18 იანვარს ჩატარდა), რაც გამოწვეულია არა იმიტომ, რომ ძიუდო არ იცის კარგად, ან თხილამურებზე ვერ სრიალებს, ან ჰოკეის ვეღარ თამაშობს და ან ვეღარ ნადირობს ციმბირის ტყეებში, არა, ეს  გამოწვეულია იმით, როიმ ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და რუსეთი რეალურად რომ ვთქვათ, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის მსგავსი სახელმწიფოსკენ მიჰყავს, სადაც სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე კონტროლი სულ უფრო იზრდება, გარე სამყაროსთან ურთიერთობა სულ უფრო მცირდება და ქვეყანა სულ უფრო თვითიზოლირებული ხდება.

თვითიზოლაციის კარგი მაგალითი კი რუსეთის პარლამენტში ბოლოს წარდგენილი და უკვე პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტია, რომლის მიხედვით რუსეთმა შიდა ინტერნეტი უნდა შექმნას, რომელიც საერთაშორისო ინტერნეტისგან დამოუკიდებელი იქნება. ეს იდეა როგორ განხორციელდება ინიციატორებმაც ჯერ არ იციან, მაგრამ ფაქტი ერთია - ამ მიმართულებით მიმავალი ქვეყანა გარდაუვალ კრახს ვერ ასცდება, პუტინი კი უკვე აღარ არის ის ლიდერი, ვისაც რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს