პუტინი ვაშინგტონს რაკეტებით ემუქრება - როგორც ქუხს, ისე არ წვიმს?
პუტინი ვაშინგტონს რაკეტებით ემუქრება - როგორც ქუხს, ისე არ წვიმს?
ვლადიმირ პუტინმა 20 თებერვალს რიგით მეთხუთმეტეჯერ მიმართა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას. ასეთ ყოველწლიურ მიმართვებს დიდი მნიშვნებლობა ენიჭება, ვინაიდან გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლებიან ქვეყნის ლიდერები, როგორ აფასებენ შექმნილ რეალობას საშინაო თუ საგარეო არენაზე, როგორია მათი შეფასებები და რა გამოსავალს სთავაზობენ ქვეყანასა და მოსახლეობას.

თუმცა პუტინის გამოსვლამაც აჩვენა და ანალიტიკოსებმაც უკვე აღნიშნეს, რომ ამ გამოსვლაში უკვე აღარაფერი იყო ახალი. ეს გამოსვლა კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის ყოველწლიურ მიმართვას უფრო ჰგავდა კომუნისტური პარტიისადმი, სადაც
სათქმელს არავინ უსმენს, მოსაუბრე რეგლამენტს მიუყვება, ზუსტად იცის, სად უნდა გაჩერდეს, რომ აუდიტორიამ ტაშის დაკვრა მოასწროს...

"ვლადიმირ პუტინის მე-15 მიმართვა ფედერალური კრებისადმი წინას ჰგავდა. წინა კი წინისწინას. უკვე მრავალი წელია პუტინი გვარწმუნებს, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ მიდის, შემდეგ კი დაკონკრეტებას იწყებს - დემოგრაფიული კრიზისი, პროვინციების კვდომა,
სკოლები გათბობის გარეშე და ტუალეტებით ქუჩაში, პირველადი დახმარების პუნქტების არასაკმარისი რაოდენობა",
- ასე მოკლედ დაახასიათა კოსტანტინ ეგერტმა პუტინის მიმართვა. ძნელია არ დაეთანხმო...

რაც უფრო მეტი დრო გადის, რუსეთი მით უფრო ვერ უწყობს ფეხს განვითარებას და საკუთარ თავში იკეტება. ამის მაგალითი კი ინტერნეტთან დაკავშირებული კანონპროექტიც არის, რომელიც რუსული ინტერნეტის გლობალური ქსელისგან დამოუკიდებლობას ითვალისწინებს.

პუტინის მიმართვაში საინტერესო იყო მუქარაც, კერძოდ კი ამერიკისადმი:
"რუსეთი იძულებული იქნება შექმნას და განავითაროს ისეთი იარაღი, რომელიც გამოყენებული იქნება არა მხოლოდ იმ ტერიტორიების წინააღმდეგ, საიდანაც პირდაპირი საფრთხე დაგვემუქრება, არამედ იმ ტერიტორიების მიმართაც, სადაც განლაგებულია გადაწყვეტილების მიღების ცენტრები", - არავის ეპარება ეჭვი, რომ აქ პუტინმა ამერიკა იგულისხმა.

შემდგომ საუბარი კი ირნიულ სტილში გააგრძელა:

"ჩვენ არ ვართ დაინტერესებული და არ გვსურს კონფრონტაცია, მით უმეტეს კონფრონტაცია ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. მაგრამ, როგორც ჩანს ჩვენი პარტნიორები ვერ ხედავენ როგორ და რა ტემპით იცვლება და რა მიმართულებით მიდის მსოფლიო. ისინი განაგრძობენ დესტრუქციული და აშკარად მცდარი პოლიტიკის გატარებას. ეს შეერთებული შტატების ინტერესებშიც კი არ შედის. თუმცა ჩვენი საქმე არ არის ამის გადაწყვეტა.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს აქტიურ, ძალიან ნიჭიერ ადამიანებთან. მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატების მმართველ წრეში ბევრია ისეთი, ვინც შეპყრობილია დანარჩენ მსოფლიოზე საკუთარი გამორჩეულობისა და უპირატესობის იდეით. რა თქმა უნდა, მათი უფლებაა იფიქრონ ისე, როგორც სურთ. მაგრამ თვლა თუ შეუძლიათ? დარწმუნებული ვარ შეუძლიათ. დაე, დაითვალონ იმ იარაღის სისტემების სიჩქარე და მოქმედების მანძილი, რომელთაც ჩვენ ვავითარებთ. რასაც ვითხოვთ ის არის, რომ ჯერ დაითვალონ და მხოლოდ შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის".

რა თქმა უნდა, რუსეთს დიდი სამხედრო პოტენციალი აქვს და მისი შეიარაღებაც საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს, მაგრამ როგორი ახალი რაკეტა ან წყალქვეშა დრონიც არ უნდა დაასახელოს პუტინმა, რომელსაც ბირთვული რაკეტების გასროლა შეეძლება, რეალობა მაინც რეალობად დარჩება.

ერთ ასეთ რეალურ მაგალითზე კი დღეს წერდა Reuters:
ბალტიის ზღვაში უკვე სამი წელია სამი რუსული ფრეგატი დგას, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი, მაგრამ მათი მოხმარება ვერ ხერხდება. რატომ? იმიტომ, რომ 2014 წელს რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაუწესეს, ამის გამო კი რუსეთმა უკრაინისგან ვეღარ მიიღო აღნიშნული ხომალდების ძრავები. ახლა ამ ხომალდების ინდოეთისთვის მიყიდვას ცდილობენ, ძრავის გარეშე...

ახლა წარმოვიდგინოთ, რამდენი ასეთი გაჩერებული პროექტი იქნება რუსეთში სამხედრო თუ სამრეწველო კუთხით, რომელთა ამოქმედება ან სანქციების გამო ვერ ხერხდება ან შესაბამისი ტექნოლოგიების ან კიდევ კორუფციული გარიგებების გამო.

ერთია, თუ რას გამოაჩენს პუტინი წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმების დროს და რას იტყვის ის ყოველწლიურ გამოსვლებში, მეორეა ის, თუ რამდენად შეეფერება ეს ყველაფერი რეალობას და რუსეთი უკვე გარდაუვალი კატასტროფის წინაშე ხომ არ დააყენა ვლადიმირ პუტინის მმართველობამ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
რეზო
26 თებერვალი 2019 01:34
რაც დრო გადის უფრო სასაცილო ხდება ეს კაცი.
მედეა
25 თებერვალი 2019 11:00
ზუსტად მაგ აზრს ვიზიარებ, მაგრამ ნეიტრალიტეტს არ დაგვაცვევინებენო, დამცველი ნატოც აღარ გვეყოლება და რუსეთი ჩაგვყლაპავსო--მპასუხობენ, მე კავკასიაში "შვეიცარია--საქართველო" საოცნებოდ მაქვს, მაგრამ საქმეში ჩახედულები --უტოპიად თვლიან ამ ოცნებას. ფედერალური მოწყობა პირველად რომ შემოგვთავაზეს, მაშინ უნდა დავთანხმებოდით, სანამ აბხაზეთი და სამაჩაბლოს სტატუსი გაურკვეველი იყო, ახლა ისინი არ დაუშვებენ გარანტირებული დამოუკიდებლობის დადაბლებას ფედერაციის წევრის სტატუსამდე, თანაც მტრად მიჩნეულ ქვეყანაში.ჩემი აზრით, რუსეთის მოთოკვას თუ შეძლებენ დ ი დ ი სახელმწიფოები, მაშინ მოგვეცემა შანსი გ ა მ თ ლ ი ა ნ ე ბ ი ს ა, მანამდე ჩვენი სამშობლოს აღორძინება-გაძლიერება უნდა მოვახერხოთ, რომ აქეთ გადმოვიბიროთ აბხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობა. საქმის გაფუჭება 1993-2008 წლებში მოხდა, გამოსწორებას კი 4-ჯერ მეტი დროც არ ეყოფა. რა ვქნათ, ჩვენი ბედი ასეთია, საუკუნეების განმავლობაში --ზოგჯერ დიდი ხნითაც ვკარგავდით რეგიონებს(ტაო კლარჯეთი რა ხნის დაკარგულია), მაგრამ მდგომარეობის გამოსასწორებელი სიტუაცია დგებოდა და კარგად იყენებდნენ მას ჩვენი მეფეები, ალბათ ასე მოხდება ახლაც. მსოფლიო აბობოქრებულია, სიტუაციები ყოველდღიურად დაჩქარებული ტემპით იცვლება, იქნებ კი გავძვრეთ ჩვენ ამ ლაბირინთებში უმტკივნეულოდ, ღმერთი მოწყალეა!
tngh
23 თებერვალი 2019 11:54
ჭკვიანი და გონიერი ბევრი გვყვავს. მთავარია ჩევენ დავუჯეროთ მათ, ხმა მივცეთ არჩევნებზე და არ ავყვეთ "დილეტანტ-პოპულისტებს"...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები