"რასისტი", "უტიფარი" და "თაღლითი" დონალდ ტრამპი - რატომ ვერ შედგა შეთანხმება კიმ ჩენ ინთან? - კვირის პალიტრა

"რასისტი", "უტიფარი" და "თაღლითი" დონალდ ტრამპი - რატომ ვერ შედგა შეთანხმება კიმ ჩენ ინთან?

27 და 28 თებერვალი დონალდ ტრამპისთვის საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა - მაშინ, როცა ის კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს მართვდა, ამერიკაში, კონგრესის წინაშე მისი ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი პრეზიდენტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა და თაღლითსა და რასისტს უწოდებდა.

ეს ორი თემა ცალ-ცალკე განვიხილოთ:

კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის სამიტი შედეგის გარეშე დასრულდა. უფრო სწორად თუ ვიტყვით, ეს იყო ყველაზე უფრო მოულოდნელი შედეგი, რისი წარმოდგენაც კი შეიძლებოდა. ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი მოლოდინები არსებობდა - ტრამპის პოლიტიკის კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტს შეეძლო ძალიან დიდ დათმობაზე წასულიყო გარეგნული წარმატების საჩვენებლად და ისეთ შეთანხმებაზე მოეწერა ხელი, რაც შეერთებული შტატებისთვის წამგებიანი იქნებოდა. ზომიერად განწყობილი ექსპერტების აზრით, სამიტზე დიდი იმედების დამყარება არ იქნებოდა სწორი, ვინაიდან კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება ხანგრძლივი პროცესია და ორი შეხვედრით ვერ დასრულდებოდა.

თუმცა ორივე მხარე გაკვირვებული დარჩა - არათუ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ორმა მხარემ სამიტის ჩაშლის ორი სრულიად განსხვავებული მიზეზი დაასახელა.

დონალდ ტრამპის თქმით, კორეელებმა მოითხოვეს სანქციების სრულად გაუქმება იონგბიონში განლაგებული ბირთვული ობიექტების განადგურების სანაცვლოდ. იონგბიონი ფხენიანიდან დაახლოვებით 100 კილომეტრში მდებარეობს და ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის ცენტრს წარმოადგენს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სადაც ბირთვული პროგრამა ხორციელდება.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგ ჰომ კი განაცხადა, რომ სანქციების სრულად გაუქმებაზე ლაპარაკი არ ყოფილა - მათ მათი ნაწილობრივი გაუქმება მოითხოვეს იონგბიონის ბირთვული ობიექტების განადგურების სანაცვლოდ, თანაც ეს ამერიკელი დამკვირვებლების თანდასწრებით უნდა მომხდარიყო.

ძალიან რთულია იმის ახსნა, თუ რატომ გავრცელდა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები შეხვედრის შემდეგ. ამაზე პასუხის გაცემა ტრამპის განცხადებებს შეუძლია, რომელიც სამიტის შემდეგ გააკეთა. ტელეარხ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ "სათანადო მომენტი არ იყო რაიმე შეთანხმების ხელმოწერისთვის. მათ ბირთვული განიარაღების უზრუნველყოფა სურდათ გარკვეულ რაიონებში, ხოლო მე კი სრულ ბირთვულ განიარაღებას მოვითხოვდი. სანქციები რჩება. მე არ მსურდა სანქციების გაუქმება, ვიდრე ბირთვული განიარაღების სრულფასოვანი პროგრამა არ გვექნება. ისინი ჯერ ამისთვის მზად არ არიან".

ტრამპმა კიმ ჩენ ინი მაინც დადებითად დაახასიათა:

"ჩვენ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. საერთოდ სხვანაირი ადამიანია. მას უბრალოდ ვუთხარი: - მისმინე, ასე არაფერი გამოგვივა-მეთქი. თუმცა, მაქვს შეგრძნება, რომ მომავალში რაღაც კარგი იქნება. დროის განმავლობაში მივაღწევთ რაღაცას". ჰანოის მოსახლეობა დონალდ ტრამპის ესკორტის ჩავლისა და გზის გახსნის მოლოდინში

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და კიმი ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ და მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, საერთაშორის მედიის ნაწილმა სამიტის შედეგები ტრამპისთვის დამარცხებად მიიჩნია და გამოითქვა აზრი, რომ კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებები ახლა უფრო დიდ დროს წაიღებს.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, სადაც მედია ისედაც სახელმწიფოს და პირადად კიმის მიერ კონტროლდება, იქ საერთოდ არ თქმულა, რომ სამიტი შეხვედრის გარეშე დასრულდა. ჩრდილო კორეულმა მედიამ ეს ადგილი გამოტოვა და ძირითადი ყურადღება მიექცა ორმხრივ შეხვედრებს, მეგობრულ განცხადებებსა და მზადყოფნას მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის. ეჭვგარეშეა, რომ ასეთი სამიტები, სულ მცირე შიდა პროპაგანდისთვის მაინც გამოადგება ჩრდილო კორეის ლიდერს.

აქვე საინტერესოა ისიც, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემაც გამოთქვა მზადყოფნა კიმთან შესახვედრად. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან იაპონია არის ქვეყანა, რომელიც ალბათ უფრო მეტად არის კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებით დაინტერესებული, ვიდრე ამერიკა - ვითარების დაძაბვის ან სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში იაპონია ერთ-ერთი პირველი იქნება ვისაც საფრთხე დაემუქრება. ჰანოიში შეკრებილი სკოლის მოსწავლეები კიმ ჩენ ინის ესკორტის მოლოდინში

რაც შეეხება ტრამპს, მას საშინაო და საგარეო პოლიტიკაში დამატებით გამოწვევები აქვს და სწორია ის აზრი, რომ შეიძლება შემდეგი სამიტი კიმთან დიდი დროით გადაიდოს. საშინაო პოლიტიკაში გამოწვევას წარმოადგენს ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატის მაიკლ კოენის ჩვენება კონგრესის წინაშე, რომელიც ჰანოის სამიტის პარალელურად მიმდინარეობდა. კოენი 10 წლის განმავლობაში იყო ტრამპის პირადი ადვოკატი, შესაბამისად, ძალიან კარგად იცნობს მას და მის საქმეებს. კოენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "რასისტი", "უტიფარი" და "თაღლითი" უწოდა, აღნიშნა, რომ მას 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ჰქონდა პირდაპირი გეგმები მოსკოვში ცათამბჯენის აშენებასთან დაკავშირებით. კოენმა ისიც აღნიშნა, რომ კანდიდატობის დროს ტრამპს ჰქონდა ინფორმაცია ვიკილიქსთან დაკავშირებით, რომელიც ჰილარი კლინტონის ელ-ფოსტის მიმოწერის გამოქვეყნებას აპირებდა.

კოენმა წარადგინა $35 000 ღირებულიების ჩეკის ასლიც, რომელიც ყოფილი პორნო-მსახიობისთვის სტეფანი კლიფორდისთვის (სტორმი დენიელსისთვის) იყო განკუთვნილი და აღნიშნა, რომ ეს შეადგენდა იმ $130 000-ის ნაწილს, რომელიც ტრამპმა სტეფანის გადაუხადა საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას მისი სიჩუმის სანაცვლოდ. ჩრდილოეთ კორეაში, ქალაქ პიონგიანგში კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ სტატიებს ადგილობრივები საჯარო გაზეთებში ეცნობიან

ტრამპისთვის საგარეო პოლიტიკაში გამოწვევებს წარმოადგენს "სავაჭრო ომი" ჩინეთთან და დაძაბულობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ეს ორი უაკანსკნელი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებია, კორეის ბირთვული განიარაღების პროცესის ფონზე კი არავის სურს ახალი დაპირისპირება ორ ასეთ ქვეყანას შორის.

ასევე გამოწვევად იქცა ვენესუელაც - უკვე თვეზე მეტი გავიდა მას შედმდეგ, რაც ტრამპმა ხუან გუაიდო აღიარა გარდამავალ პრეზიდნეტად, ნიკოლას მადურო კი დიქტატორად გამოაცხადა. ჩვენთვის, ქართველებისთვის, რა თქმა უნდა, მისაღებიც არის და სასურველიც, თუ ნიკოლას მადურო პოსტს დატოვებს და ვენესუელას ახალი ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას უკან გაიწვევს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ვენესუელაში ორ-პრეზიდენტიანობა დიდ ხანს გაგრძელდება, ეს ამერიკის საერთაშორისო პრესტიჟზე უარყოფითად იმოქმედებს.

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს