არის თუ არა ისლამი საფრთხე და ემუქრება თუ არა ევროპის ქვეყნებსა და ევროპულ ცივილიზაციას გადაშენება? - კვირის პალიტრა

არის თუ არა ისლამი საფრთხე და ემუქრება თუ არა ევროპის ქვეყნებსა და ევროპულ ცივილიზაციას გადაშენება?

არის თუ არა ისლამი საფრთხე და ემუქრება თუ არა ევროპის ქვეყნებსა და ევროპულ ცივილიზაციას გადაშენება? ეს კითხვა ევროპის ქვეყნებში სულ უფრო აქტუალური ხდება, მით უფრო არაკონტროლირებადი უკანონო მიგრაციის ფონზე. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიგრანტების ნაკადმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარებულია. რატომ?

მოვიყვან პირველ მაგალითს:

"ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, 15 წლის შემდეგ რუსეთის მოსახლეობის 30% მუსლიმი იქნება" - ეს განცხადება გააკეთა რუსეთის მთავარმა მუფტიმ შეიხ რავილ გაინუთდინმა მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ მუსლიმების რაოდენობა რუსეთში ყოველდღიურად იზრდება, ამას კი ორი მიზეზი აქვს:

1. შობადობის მაღალი მაჩვენებელი მუსლიმ ოჯახებში;

2. ცენტრალური აზიიდან რუსეთში ჩასული ადამიანების ნაკადის ზრდა.

გაინუთდინმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის დიდ ქალაქებში ათობით ახალი მეჩეთის აშენების საჭიროება ჩნდება.

ახლა გადავიდეთ მეორე მაგალითზე: გერმანიაში, "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის რალფ ბრინკჰაუსის განცხადებამ გერმანიის პოლიტიკურ ელიტაში ახალი საკამათო თემა გააჩინა. ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას კითხვაზე, თუ შეძლებდა რელიგიით მუსლიმი, "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ლიდერობასა და კანცლერობას 2030 წლისთვის, მან ასეთი პასუხი გასცა:

"თუკი კარგი პოლიტიკოსი იქნება, ჩვენი ღირებულებებისა და პოლიტიკური ხედვის მატარებელი იქნება, რატომაც არა?" ამ პასუხმა თავად პარტიაშივე ძალიან ბევრი გააკვირვა, ზოგმა კი განაცხადა, რომ ისლამისა და გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ღირებულებები შეუთავსებელია.

"ისლამის ღირებულებები ძალიან განსხვავდება ჩვენი ღირებულებებისგან, მაგალითად როცა საქმე ეხება მამაკაცსა და ქალს შორის თანასწორობას" - აღნიშნა ელიზაბეთ მოტშმანმა, "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მუსლიმურ ქვეყნებთან ურთიერთობის ისტორიული გამოცდილება განსხვავდება რეგიონების მიხედვით - მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის მუსლიმები ძირითადად ასოცირდებიან დევნილებთან, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, რომელნიც საკუთარ ქვეყანაში არსებულ არამდგრად ვითარებას (ადამიანის უფლებების დაცვისა თუ ეკონომიკური მიზეზების გამო) გაურბიან და ამ ქვეყნებში ცდილობენ თავშესაფრის პოვნას. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ უფრო ახლო, წარსულის განმავლობაში მტრული ურთიერთობა ჰქონდათ ისლამთან და ოსმალეთის იმპერიასთან. შესაბამისად, ისტორიული მახსოვრობის გამო, აღმოსავლეთ ევროპელისთვის, მაგალითად უნგრელებისთვის, მუსლიმი დევნილიც კი უარყოფითად აღიქმება, გერმანელისა და ფრანგისთვის კი მუსლიმი თავშესაფრის მაძიებელია.

რა თქმა უნდა, ამ ბლოგის მიზანი არ არის შიშის გაჩენა ისლამის მიმართ ან რაიმე სახის სიძულვილის გამოხატვა კონკრეტული რელიგიის მიმართ, თუმცა ეს მაგალითები აჩვენებს, რომ როგორც ევროპის ქვეყნების, ისე რუსეთის წინაშეც ძალიან დიდი გამოწვევები დგას და ეს გამოწვევები მხოლოდ შიდა პოლიტიკური ბრძოლებით არ შემოიფარგლება. ვლადიმირ პუტინი და რავილ გაინუთდინი

ძალიან საინტერესოა, თუ როგორ მოაგვარებს ამ გამოწვევას ვლადიმირ პუტინი, რომელიც ყოველწლიურ გამოსვლებში ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ რუსეთს დიდი გამოწვევები აქვს და რომ ამ გამოწვევებში დაბალი შობადობა ერთ-ერთი პრობლემაა.

თუ პუტინი შობადობის პრობლემის მოგვარებას, გაინუთდინის თქმის არ იყოს, მუსლიმების ხარჯზე აპირებს, ეს ნამდვილად არ იქნება სირთულე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანი იქნება როგორც რუსეთისთვის, ისე თავად პუტინისთვის.

სხვათა შორის, შობადობის პრობლემის გარდა, პუტინს პირადი პოპულარობის პრობლემაც მოსაგვარებელი აქვს. წინა თვესთან შედარებით მისმა რეიტინგმა 1%-ით დაიკლო და ნდობას ახლა გამოკითხულთა 32% უცხადებს.

რაც შეეხება ევროპას, დღევანდელი რეალობა აჩვენებს, რომ რაც უფრო გვიან მოგვარდება არალეგალური მიგრაციის პრობლემა და რაც უფრო უკონტროლოდ გაიზრდება არალეგალი მიგრანტების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გაუჩნდება, როგორც თავად ევროპელები უწოდებენ, "პოპულისტურ, რადიკალურ, მემარჯვენე კონსერვატორულ" პარტიებს. ამ პარტიებს, როგორც წესი, უწუნებენ გრძელვადიანი და სახელმწიფოს განვითარების გეგმების არქონას, თუმცა ფაქტია ისიც, რომ მათი გავლენა იზრდება და ბოლო გამოკითხვებით, მაისის ევროპის პარლამენტის არჩევნებზე მათ შესაძლოა ხმების მესამედი დააგროვონ.

მემარჯვენე იდეოლოგიის დაწინაურებასა და პოპულარიზებაში კი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს. როგორც მან აღნიშნა, არალეგალი მიგრანტები მას არ მიაჩნია დევნილებად - "ჩვენ არ მიგვაჩნია ეს ხალხი მუსლიმ ლტოლვილებად. ჩვენ მათ მუსლიმ დამპყრობლებად განვიხილავთ".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს