"შეაჩერეთ ზღვაზე სიკვდილი!" - ვინ არის და რატომ აპირებდა 51 ბავშვის დაწვას სასკოლო ავტობუსის მძღოლი? - კვირის პალიტრა

"შეაჩერეთ ზღვაზე სიკვდილი!" - ვინ არის და რატომ აპირებდა 51 ბავშვის დაწვას სასკოლო ავტობუსის მძღოლი?

მემარჯვენე რადიკალიზმი არის გამოწვევა, რომელსაც დღეს ებრძვის ევროპა. ძნელი სათქმელია, რომელი უფრო დიდი საფრთხეა - ულტრამემარჯვენე იდეოლოგია თუ მემარჯვენე რადიკალიზმი. რეალურად, ყველაფერი რადიკალური ისედაც საფრთხეს წარმოადგენს.

ეს გამოწვევები პირდაპირ არის დაკავშირებული ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასთან. ჩვენ სხვა ბლოგებშიც გვითქვამს და ახლაც ვიტყვით, რომ მიუხედავად გარეგნული ერთიანობისა, რეალურად ევროკავშირი დღეს ორ ბანაკად არის გაყოფილი. ერთ ბანაკს წარმოადგენს გერმანია, საფრანგეთი და მათი თანამოაზრეები, რომელნიც ტრადიციულ, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს ემხრობიან, მეორე ბანაკში არიან უნგრეთი, პოლონეთი, ახლა უკვე იტალიაც, ავსტრია და სხვები, რომელნიც უკვე დაუფარავად ებრძვიან ლიბერალურ ღირებულებებს. მათ ხშირად მემარჯვენე პოპულისტებსაც უწოდებენ.

ამ ორ ბანაკს შორის გაუგებრობის მიზეზი კი არის დამოკიდებულება არალეგალურ მიგრაციასთან - არალიბერალებს საზღვრების მკაცრად კონტროლი სურთ, ლიბერალებსაც სურთ საზღვრების კონტროლი, ოღონდ ისე, რომ არალეგალ მიგრანტებსაც მისცენ თავშესაფარი.

გუშინ იტალიაში, მილანთან მომხდარი შემთხვევა კი ეჭვგარეშეა, რომ არალიბერალების წისქვილზე დაასხამს წყალს.

რა მოხდა გუშინ მილანთან ახლოს?

47 წლის სენეგალური წარმოშობის იტალიის მოქალაქე სკოლის ავტობუსის მძღოლმა 51 მოსწავლე გაიტაცა. ავტობუსში მასწავლებელიც იმყოფებოდა. როგორც მან მოყვა, ოსეინუ საი იტალიის საიმიგრაციო პოლიტიკაზე იყო განაწყენებული და დაიმუქრა:

"შეაჩერეთ ზღვაზე სიკვდილი, ხოცვა-ჟლეტვას დავიწყებ!"

ერთ-ერთი მოსწავლე ყვება, რომ საიმ მათი დაბმა მასწავლებელს დაავალა. საბედნიეროდ, მასწავლებელმა 4-5 ბავშვს ხელები მსუბუქად შეუკრა, ისე რომ გათავისუფლება ადვილად შესძლებოდათ. ერთმა მოსწავლემ მშობლებთან დარეკვაც შეძლო, რამაც ეს ბავშვები სიკვდილს გადაარჩინა - პოლიცია ავტობუსს აედევნა. ავტობუსი პოლიციის მანქანას შეეჯახა, თუმცა საიმ გადმოხტომა მოასწრო და ავტობუსს ცეცხლი წაუკიდა.

კარაბინერების მეთაურის, ლუკა დე მარკისის თქმით, ბავშვების მხნეობამ თავისი გაიტანა. "მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბავშვების მხნეობის დამსახურებით შემთხვევა, რომელიც შესაძლოა ტრაგედიით დასრულებულიყო, ბედნიერად დასრულდა", - აღნიშნა მარკისმა.

მართლაც, ვითარება უარყოფითი სცენარით რომ განვითარებულიყო და 51 მოსწავლე ავტობუსში დამწვარიყო, ეს არა მარტო იტალიისთვის იქნებოდა ძალიან დიდი ტრაგედია.

როგორი შედეგი ექნება ამ შემთხვევას?

ამას იტალიის მთავრობა გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკის სისწორის დასასაბუთებლად - თავდასხმა განახორციელა სენეგალური წარმოშობის იტალიის მოქალაქემ, რომელიც იტალიას აბრალებს ზღვაში მიგრანტების სიკვდილს.

მართლაც, გაეროს შეფასებით 2018 წელს ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო ან დაკარგულად ითვლება 2297 მიგრანტი.

ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მიხედვით, თავდამსხმელის სამი ქალიშვილიც ზღვაში დაიღუპა, მაშინ, როცა იტალიამდე სურდათ მიღწევა. "მას თავისი სამი ქალიშვილის გამო შურისძიება და ჩვენი მოკვლა სურდა", - აღნიშნა მოსწავლემ.

სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ადამიანურ ტრაგედიასთან, მაგრამ აქ არც იტალიაა დამნაშავე, არც უნგრეთი და არც გერმანია, არც ევროპის რომელიმე ქვეყანა.

დამნაშავეები არიან ის ადამიანები, რომლებიც მიგრანტების ჰპირდებიან ევროპის ქვეყნებში ცხოვრებას, მათ ატყუებენ, ახდევინებენ დიდ თანხას, ითანხმებენ სარისკო მგზავრობაზე, შემდეგ ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიან და ამ პასუხისმგებლობას ჰკიდებენ ევროპის ქვეყნებს.

იხილეთ ასევე: "გვემუქრებოდა, რომ თუ არ დავუჯერებდით, ავტობუსს ჩვენთან ერთად გადაწვავდა. ამბობდა, რომ ხმელთაშუა ზღვაში მისი შვილები დაიღუპნენ"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს