რა აკავშირებს ყირიმს, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და გოლანის მაღლობებს? - კვირის პალიტრა

რა აკავშირებს ყირიმს, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და გოლანის მაღლობებს?

თითოეულ ჩვენგანს ხშირად მოგვისმენია აზრი, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სამართლიანობა იმარჯვებს და ისტორია ყველას გამოუტანს დამსახურებულ განაჩენს, არ აქვს მნიშვნელობა ვისზეა ლაპარაკი - კონკრეტულ პიროვნებაზე, პიროვნებათა ჯგუფზე თუ ქვეყანასა და სახელმწიფოზე.

ასე მოხდა სირიის შემთხვევაშიც:

2018 წლის 29 მაისს სირიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. ახსნა არ სჭირდება იმას, რომ ეს რუსეთის გავლენით გააკეთა.

არ გასულა 10 თვე ამ მოვლენიდან და ზუსტად იგივე რეალობის წინაშე აღმოჩნდა სირია - 2019 წლის 25 მარტს ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მან ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა გოლანის მაღლობებზე. ეს არის 1800 კვადრატული კილომეტრის სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია როგორც სირიისთვის, ისე ისრაელისთვის. ეს ტერიტორია ისრაელმა 1967 წელს, 6 დღიანი ომისას დაიკავა, 1981 წელს კი მისი ანექსირება მოახდინა.

ეს ძალიან დიდი დარტყმაა სირიისთვის, მით უმეტეს ახლა, როცა "ისლამური სახელმწიფო" ტერიტორიულად უკვე განადგურებულია და ბაშარ ასადს შანსი მიეცა მომხრეებისთვის დაესაბუთებინა, რომ ძლიერი ლიდერია.

მაგრამ რას ნიშნავს ამერიკის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის ოფიციალურად აღიარება?

დონალდ ტრამპის ამ ნაბიჯმა კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი გააჩინა ევროკავშირთან და ევროკავშირის ქვეყნებთან.

"ევროკავშირი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ ცნობს ისრაელის სუვერენიტეტს 1967 წლის ივნისში ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის არც გოლანის მაღლობებზე და არ განიხილავს მას, როგორც ისრაელის ტერიტორიას", - ასეთი იყო ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება. ბენიამინ ნეთანიაჰუ და დონალდ ტრამპი

"გოლანი ისრაელის მიერ არის ოკუპირებული 1967 წლის შემდეგ. საფრანგეთი არ აღიარებს 1981 წელს ისრაელის მიერ გოლანის ანექსიას", - ასეთი იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.

ამ აზრს იზიარებენ არაბული ქვეყნებიც, მათ შორის ამერიკის ახლო პარტნიორი საუდის არაბეთი, ირანი და ბუნებრივია რუსეთიც.

"სახეზეა იმის დემონსტრაცია, თუ რა წესებით აპირებს ამერიკა თამაშს - ვისაც გვინდა, იმას ვაღიარებთ. იქნება ეს დედაქალაქი, ტერიტორია თუ სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტი. ამიტომაც ნებისმიერი დემაგოგია ყირიმის ანექსიაზე ან სხვა "ოკუპაციების" შესახებ დღეიდან ყველანაირ საფუძველს კარგავს - ყველასთვის ცხადია, რომ ყირიმს (აფხაზეთს, "სამხრეთ ოსეთს", დნესტრისპირეთს) არ აღიარებენ და გოლანსა და კოსოვოს აღიარებენ ერთადერთი კრიტერიუმის მიხედვით - ჩვენ ასე გვაწყობს", - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩევმა.

ყველაზე საშიში გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებაში არის ის, რომ დაირღვა საერთაშორისო სამართალი, თანაც ერთ-ერთი ზესახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

რა სარგებელი ნახა ამით ამერიკამ და ისრაელმა - რეალურად არაფერი შეცვლილა. გოლანის მაღლობებს ისედაც ისრაელი აკონტროლებდა და ახლაც ის გააკონტროლებს, თუმცა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ტრამპის მხრიდან ეს ნაბიჯი ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის წინასაარჩევნო საჩუქარი იყო. 9 აპრილს ისრაელში არჩევნები იმართება, ნეთანიაჰუს კი ძალიან სჭირდება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან.

თუმცა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებას შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს.

"ისრაელის მიერ გოლანის ანექსიის ლეგიტიმაციითა და აღიარებით ვაშინგტონი, ფაქტობრივად, მოუწოდებს სხვა საერთაშორისო მტაცებლებს მიიტაცონ ის, რაც უნდათ. მაშინ, ამ ლოგიკით, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ არის ის, რომ საკმარისად დიდხანს შეინარჩუნონ ასეთი ტერიტორიები, რათა შემდეგ ეს "რეალობა" გახდეს და სხვა ქვეყნებისგან მოითხოვონ "რეალობის აღიარება" მათ მიერ მიტაცებული მიწის ლეგიტიმაციით", - აღნიშნა ვაშინგტონში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ჰუსეინ იბიშმა.

დღეს არსებობს აზრი, რომ საერთაშორისო სამართალი მოირყა და მასზე გამოკიდება აღარ ღირს. თუმცა ეს ლოგიკა საფრთხესაც შეიცავს - თუ რეალობა ნამდვილად ასეთია, მაშინ ყველაზე მეტად შეიძლება ისევ პატარა ქვეყნებმა იზარალონ, ვინაიდან დიდი ქვეყნების სურვილებს ვერავინ გააკონტროლებს და მათი ქმედებების შემაკავებელმა მექანიზმმა შეიძლება საერთოდ შეწყვიტოს არსებობა.

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს