დებატები "ცარიელ" ტრიბუნასთან - პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის "დუელი" ვერ შედგა - კვირის პალიტრა

დებატები "ცარიელ" ტრიბუნასთან - პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის "დუელი" ვერ შედგა

უკრაინის არჩევნები საკმაოდ დაძაბულ და ამავდროულად კომიკურ ვითარებაში მიმდინარეობს. ორივე ფაქტორი კი არჩევნებში ყოფილი კომიკოსისა და შოუმენის ვლადიმერ ზელენსკის მონაწილეობამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ბევრად დიდი გამოცდილება აქვს, როგორც პოლიტიკოსს, მან ჯერ მაინც ვერ შეიმუშავა ის მიდგომა, რაც ზელენსკისთან საბრძოლველად არის საჭირო და რაც წარმატებას მოუტანს.

ეს 14 აპრილის მოვლენებმაც აჩვენა - ზელენსკი კიევში, "ოლიმპიისკის" სტადიონზე პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე არ მივიდა. მოქმედმა პრეზიდენტმა ზელენსკი, ამჯერად,15 აპრილს ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე დებატებისთვის მიიწვია, სადაც თავად არის დაპატიჟებული.

დებატები ალბათ ერთადერთი საშუალებაა პოროშენკოსთვის საზოგადოებას ცხადად აჩვენოს, რომ ზელენსკი არის არაკომპეტენტური და მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში წამგებიანი იქნება უკრაინისთვის, მაგრამ ამას ბუნებრივია ხვდება ზელენსკიც და ის ადამიანებიც, ვინც მას ზურგს უმაგრებენ - მაგალითად, ოლიგარქი იგორ კოლომოისკი. ამ უკანასკნელებმა იციან, რომ მათი უპირატესობა პოროშენკოსთან ბრძოლის ასეთ "უხერხულ" მეთოდებთან არის დაკავშირებული.

მართალია პოროშენკოს ზელენსკის მიმართა, რომ "თუკი ხვალაც ვერ შეძლებთ, ზეგაც დაგპატიჟებთ დებატებზე. შესაძლებლობა გექნებათ, თავი კი არ აარიდოთ, არამედ მოხვიდეთ და უთხრათ უკრაინის მოქალაქეებს თქვენი გეგმების შესახებ", მაგრამ არ არის გამორიცხული, ზელენსკი დღესაც არ მივიდეს პოროშენკოს მიერ შემოთავაზებულ დებატებზე.

ამის თქმის საფუძველს იძლევა თავად ზელენკის პოზიცია - ერთ-ერთ უკრაინულ ტელეშოუში პოროშენკოსთან სატელეფონო კამათისას მან დააზუსტა, რომ დებატებს მხოლოდ 19 აპრილს გამართავს იმავე სტადიონზე, სადაც პოროშენკო გუშინ ცარიელ ტრიბუნას "ეკამათებოდა".

საინტერესოა როგორ მოიქცევა ასეთ შემთხვევაში პოროშენკო - კიდევ მივა დებატებისთვის "ოლიმპიისკის" სტადიონზე, თუ იტყვის, რომ დებატები მან უკვე გამართა, ოპონენტს საშუალება უკვე ჰქონდა მას შეხვედროდა და ახლა სტადიონებზე მის დევნას და "კატა-თაგვობანას" თამაშს აღარ აპირებს. არ არის გამორიცხული ასეც მოხდეს. ვლადიმერ ზელენსკი

რაც შეეხება მოლოდინებს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ზელენსკი აქაც ინარჩუნებს ლიდერობას, თანაც ძალიან დიდი სხვაობით. ორგანიზაცია "რეიტინგის" მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მეორე ტურში ამომრჩეველთა 51% – ზელენსკის, 21% პოროშენკოს მისცემს ხმას. იმ ამომრჩევლებს შორის, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, 61 პროცენტი ზელენსკის აძლევს ხმას, ხოლო 24 პროცენტი – პოროშენკოს.

ეს რეალობა ნათლად აჩვენებს უკრაინელი ხალხის სურვილს - პოლიტიკაში მოვიდეს ძალა, რომელიც არ იქნება შავ-ბნელი წარსულის მატარებელი და შეეძლება თანამედროვე რეალობის უკეთ შეფასება, თანამედროვე გამოწვევების მიღება და გადაჭრა. ამ მხრივ ვითარება ძალიან ჰგავს ქართულ რეალობასაც, სადაც ბოლო პერიოდი აქტიურად ეძებენ "მესამე ძალას", მაგრამ ჯერ უშედეგოდ...

რა განაპირობებს ზელენსკის ასეთ პოპულარობას?

პირველ რიგში მისი წარსული - კომიკოსსა და შოუმენს ყველა იცნობდა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთსა და საქართველოშიც. რაც მთავარია, მას ყველა დადებითად იცნობდა, მისგან ყოველთვის მხიარული განწყობა მოდიოდა. ზელენსკისთვის ბევრად უფრო ადვილია დადებით ცვლილებებთან ასოცირდებოდეს, ვიდრე პოროშენკოსთვის, რომელსაც "შოკოლადის მეფესაც" უწოდებენ მისი საკონდინდიტრო საქმიანობის გამო. პოროშენკო უკრაინელებისთვის განუხორციელებელ დაპირებებთანაც ასოცირდება, იქნება ეს კორუფციასთან ბრძოლა თუ სხვა გზავნილების შეუსრულებლობა.

ზელენსკის წარმატების მეორე მიზეზიც არსებობს - განსხვავებული, "არატრადიციული" მეთოდებით ბრძოლა. თუკი პოროშენკო ამ ხნის განმავლობაში მართავდა გამოსვლებს, ხვდებოდა ამომრჩევნებს და მოკლედ რომ ვთქვათ, სტანდარტულად, ტრადიციულად ატარებდა წინასაარჩევნო კამპანიას, ზელენსკი ასე არ მოქცეულა.

თუკი პოროშენკოს აქვს პოლიტიკოსის გამოცდილება, ზელენკის აქვს შოუს დადგმის გამოცდილება, წინასაარჩევნოდ კი შეიძლება ეს უკანასკნელი უფრო ამართლებდეს. ყოველ შემთხვევაში ასეა ყოფილი კომიკოსის შემთხვევაში. ზელენსკიმ იცის, როგორ მიიქციოს ყურადღება მასის ყურადღება და როგორ გააკეთოს ეს რაც შეიძლება სწრაფად.

კანპანიის წარმოებისთვის ზელენსკი აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას, რაც მოსახლეობის ახალგაზრდა თაობამდე სათქმელის მიწოდებას უადვილებს. ამ მხრივ ის შეიძლება ამერიკის პრეზიდნეტს, დონალდ ტრამპსაც შევადაროთ, რომელიც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე ახლაც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს "ტვიტერს".

ზელენსკის გამომწერების რაოდენობა "ინსტაგრამზე" 3,7 მილიონს შეადგენს, რაც გაცილებით მეტია, თუკი შევადარებთ სხვა პოლიტიკოსებს, მაგალითად ანგელა მერკელს (861 ათასი), ემანუელ მაკრონს (1,3 მილიონი) ან პეტრო პოროშენკოს (262 ათასი).

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ზელენსკიმ ყველა პოლიტიკოსი დაჩრდილა წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ რამდენად შეძლებს იმედების გამართლებას, ეს უკვე ძნელი სათქმელია, მით უმეტეს ქართველებსაც გვაქვს იმის გამოცდილება, რომ პოლიტიკაში ახალი სახეები, შოუ-ბიზნესიდან, სპორტიდან თუ ბიზნესიდან ყოველთვის ვერ ამართლებენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

იხილეთ გადაცემა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც ჩაწერილია ა.წ. 1-ლ აპრილს