ვლადიმირ პუტინი კიმ ჩენ ინს შეხვდა - რაზე მიანიშნებს "ვლადივოსტოკის სამიტი"?
ვლადიმირ პუტინი კიმ ჩენ ინს შეხვდა - რაზე მიანიშნებს "ვლადივოსტოკის სამიტი"?
ფოტო:კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს შეხვდნენ. ამ შეხვედრისადმი ინტერესი აქვთ არა მარტო რეგიონის ქვეყნებს - ჩინეთსა და სამხრეთ კორეას, არამედ ამერიკასაც. პრეზიდნეტ დონალდ ტრამპის მიერ კიმ ჩენ ინთან გამართული ორი სამიტის შემდეგ განსაკუთრებით საინტერესო იქნება, თუ როგორ დასრულდება ვლადივოსტოკის სამიტი.
თუმცა, სანამ კონკრეტულად ამაზე ვისაუბრებდეთ, თვალი გადავავლოთ როგორ განვითარდა ამერიკა-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ჰანოის სამიტის შემდეგ.

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩრდილოეთ კორეასთან
ურთიერთობას. ეს პროცესი საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა - დაიწყო ტრამპის ძალიან მკაცრი განცხადებებითა და მუქარებით კიმ ჩენ ინის მიმართ და დასრულდა ორი სამიტით სინგაპურსა და ჰანოიში, სადაც ორივე ლიდერი ერთმანეთისადმი მეგობრულ დამოკიდებულებას უსვამდა ხაზს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ მეგობრობას 27-28 თებერვალს ჩატარებულმა ჰანოის სამიტმა წყალი
შეუყენა.
სამიტის დღის წესრიგი 28 თებერვალს მოულოდნელად შეიცვალა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენცია გამართა და ამერიკაში დაბრუნდა. მაშინვე გაჩნდა კითხვები, თუ რატომ მოხდა ასე.

ჰანოის სამიტიდან დაახლოებით ერთ თვეში სააგენტო Reuters-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური მასალა, სადაც ახსნილი იყო ამ შეხვედრის ჩაშლის მიზეზები. დახურულ კარს მიღმა დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს ხელიდან ხელში გადასცა ორენოვანი წერილი (ინგლისურ და კორეულ ენებზე შედგენილი), სადაც ახსნილი იყო, თუ რა პოზიცია აქვს ამერიკას კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით. წერილში ნათქვამი იყო, რომ ჩრდილოეთ კორეას სრულად უნდა დაეშალა ბირთვული ინფფრასტრუქტურა, უარი ეთქვა ბიოლოგიური და ქიმიური ბრძოლის წარმოების პროგრამაზე, ასევე ბალისტიკურ რაკეტებზე, მათ გამშვებებზე და ამ ყველაფერთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე.

არ არის გასაკვირი, რომ ჩრდილოეთ კორეამ ამაზე უარი განაცხადა, სამიტიდან მალევე კი ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა ამერიკა განგსტერულ მოთხოვნებში დაადანაშაულეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წერილი წარმოადგენს ტრამპის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონის პოზიციას ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით. ამ მიდგომას "ლიბიის მოდელსაც" უწოდებენ და ამ მოთხოვნების მიხედვით მოლაპარაკებებზე ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს უარი.

17 აპრილს ჩრდილოეთ კორეაში ახალი, ტაქტიკური მართვადი იარაღი გამოსცადეს. ეს ამბავი სიახლეს წარმოადგენს, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეას დაახლოებით წელიწადზე მეტია ახალი იარაღი არ გამოუცდია. არის მოსაზრება, რომ ეს დეტალიც ამერიკასთან ურთიერთობების გაფუჭების მაჩვენებელია, თუმცა ამის გადაჭრით თქმა ნაჩქარევი იქნება. რაც შეეხება იარაღს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს არ ყოფილა ბალისტიკური, კონტინენტთაშორისი რაკეტა. ეს იყო მინიშნება ამერიკის პრეზიდენტისადმი, რომელიც ხშირად ამბობს, რომ მის მიერ დაწყებული პროცესის შემდეგ ჩრდილოეთ კორეას აღარ ჩაუტარებია იარაღის საცდელი გაშვებები.

უკვე 18 აპრილს ჩრდილოეთ კორეამ მოითხოვა ამერიკისგან, რომ ბირთვულ მოლაპარაკებებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს აღარ მიეღო მონაწილეობა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ამერიკასთან ურთიერთობის საკითხებში კვონ ჯონგ გუნმა მოისურვა, რომ მაიკ პომპეო შეცვალოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც უფრო ფრთხილი და მომწიფებული იქნება მათთან ურთიერთობაში.
სერგეი ლავროვი, კიმ ჩენ ინი, ვლადიმირ პუტინი
20 აპრილს ჩრდილოეთ კორეამ უკვე ჯონ ბოლტონი გააკრიტიკეს მისი განცხადებების გამო.
სწორედ ამ კრიტიკისა და ჩაშლილი ჰანოის სამიტის ფონზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

კიმ ჩენ ინის მხრიდან ეს არის გზავნილი ამერიკისთვის - მას ჰყავს მოკავშირეები რუსეთის (და ჩინეთის სახით), რაც ნიშნავს, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებში შეერთებული შტატების მხრიდან რადიკალური მოთხოვნების წამოყენება უშედეგო იქნება.

რაც შეეხება ვლადიმირ პუტინს - მისი მხრიდან შეხვედრა კიმ ჩენ ინთან, მით უმეტეს ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკას შორის გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, არის ხაზგასმა, რომ რუსეთი რჩება ძლიერ საერთაშორისო მოთამაშედ და შეუძლია ისეთ მნიშვნელოვან პროცესებზე ჰქონდეს გავლენა, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება. ასევე, ეს არის მინიშნება, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოკავშირეობა პრიორიტეტულია რუსეთისთვის.

რუსეთის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ერთობლივი განცხადების ან რაიმე დოკუმენტის ხელმოწერა არ იყო მოსალოდნელი.

საკითხზე დამატებითი დეტალების გასაგებად იხილეთ ვიდეო "ვლადივოსტოკის სამიტთან" დაკავშირებით

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა