იომებს ამერიკა ირანთან? - ანუ "რაც გეჯავრებოდეს, ის გეძალებოდეს"
18-05-2019
იომებს ამერიკა ირანთან? - ანუ "რაც გეჯავრებოდეს, ის გეძალებოდეს"
ომი ორ ქვეყანას შორის არც ამერიკაში სურთ და არც ირანში, მაგრამ ამას არც ერთი მათგანი არ გამორიცხავს. ამ ქვეყნებისთვის ახლა ყველაფერი ქართული ანდაზასავითაა - "რაც გეჯავრებოდეს, ის გეძალებოდეს".

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერთ-ერთი საკითხი რაზეც საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება ჰქონდა მიპყრობილი იყო შეკითხვა - რამდენად გაუარესდება ან გამძაფრდება ირანისა და შეერთებული შტატების ბოლო დაპირისპირება? მივა თუ არა საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე? ხომ არ განახორციელებს ირანი საპასუხო მოქმედებებს ამერიკის წინააღდმეგ?

ამ შეკითხვებს ამძაფრებდა
ამერიკის ადმინისტრაციისა და თავად პრეზიდენტის მოქმედებებიც. 8 აპრილს დონალდ ტრამპმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო, რაც უპრეცედენტო ნაბიჯი იყო - ამერიკამ სხვა სახელმწიფოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურა პირველად აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად.

ტრამპმა განცხადებაში თავადვე აღნიშნა, "ეს ნაბიჯი ცხადყოფს იმ რეალობას, რომ ირანი
არა მხოლოდ ტერორიზმის სპონსორია, არამედ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეშვეობით აქტიურად მონაწილეობს, აფინანსებს და ხელს უწყობს ტერორიზმს. ეს აღიარება პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ უცხო ქვეყნის მთავრობის ნაწილს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს".

ამ ნაბიჯს მოჰყვა უკვე 22 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება სრულად აეკრძალათ ირანიდან ნავთობის ექსპორტი. ეს გამონაკლისი ცოტა ადრე დააწესა ამერიკამ, მაშინ როცა ირანი ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა და ირანს სანქცები აღუდგინა. მიუხედავად სანქციებისა 8 ქვეყანას ნება დართო შეეძინა ირანული ნავთობი. 22 აპრილს სწორედ ეს გამონაკლისი გაუქმდა. ამას მალევე მოჰყვა მეორე აკრძალვა ირანის სასარგებლო წიაღისეულის (ფოლადი, რკინა, სპილენძი და სხვა) შეძენაზე.

ამ ნაბიჯებმა ბუნებრივია კიდევ უფრო დაძაბა ირანი-ამერიკის ურთიერთობა, მაგრამ ყველაფერი წინ იყო.

უკვე 6 მაისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდთა მოიერიშე ჯგუფი განათავსა. ამის მიზეზი იყო შესაძლო საფრთხე ირანის სამხედრო ძალების მხრიდან რეგიონში ამერიკის სამხედრო ძალებზე. შედეგად, სპარსეთის ყურეში ამერიკამ გაგზავნა ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი, სამხედრო ხომალდები, B-52 ტიპის ბომბდამშენები, უნივერსალური სადესანტო ხომალდი არლინგტონი და Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო საზენიტო კომპლექსები.

დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი აცხადებდა, რომ "აშშ-ს არ სურს ომი ირანის რეჟიმთან, თუმცა, ჩვენ სრულად მზად ვართ პასუხი გავცეთ ნებისმიერ თავდასხმას".

ამერიკის ნაბიჯებს ირანის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვა. 8 მაისს ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ირანი ბირთვული შეთანხმების იმ პირობებს აღარ დაემორჩილებოდა, რომელიც ეხება მძიმე წყლებისა და გამდიდრებული ურანის მოხმარებას, რაც ბირთვული რეაქტორებისთვის გამოიყენება. მათ 60 დღიანი ვადა მისცეს ვაშინგტონს ახალი პირობების ჩამოსაყალიბებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ურანის გამდიდრების მიმართულებით მუშაობის გაგრძელების პირობა დადეს.

შემდგომ იყო ირანის მუქარები ამერიკასთან მიმართებით, რომ მათ მიერ სპარსეთის ყურეში ჯარების გაგზავნა არა საფრთხე, არამედ შესაძლებლობა იყო საჭიროების შემთხვევაში მტრისთვის დარტყმა ყველაზე უფრო მტკივნეულ ადგილას მიეყენებინათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს რიტორიკა შიდა მოხმარებისთვის იყო გამიზნული. რაც შეეხება ოფიციალურ განცხადებებს, ომის საშიშროება ჯერ ირანმა გამორიცხა, შემდეგ კი ტრმაპმაც განაცხადა, რომ ირანთან ომს არ აპირებდნენ.

ალბათ ყველაზე უფრო სკანდალური იყო The New York Times-ის ინფორმაცია, თითქოს დონალდ ტრამპი 120 000 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებდა ახლო აღმოსავლეთში. ეს ინფორმაცია ტრამპმა მალევე უარყო, თუმცა ისიც დაამატა, ასეთი რამ რომ ჰქონოდა განზრახული, მაშინ "გაცილებით მეტ სამხედროს გავგზავნიდით".

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ვარაუდებისა, როგორი ლოგიკურიც არ უნდა ყოფილიყო, ბოლომდე ნათელი მაინც არ იყო თუ რისთვის გზავნიდა ამერიკა დამატებით სამხედრო ძალებს სპარსეთის ყურეში. თუმცა ერთი რამ რეალობად რჩება: ამერიკას მიზნად აქვს დასახული ირანის დაჩოქება და იქ რეჟიმის შეცვლა. ძნელი სათქმელია რამდენად აქვთ მათ გათვალისწინებული ამ ყველაფრის შედეგები ან რამდენად გამართულია ირანთან მოქმედების სტრატეგია.

ამ თემაზე მსჯელობისას ხშირად იხსენებენ ხოლმე ლიბიის მაგალითს. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეცდომად მოიხსენია ლიბიასთან მიმართებით სამოქმედო გეგმის არარსებობა.

2016 წლის 12 აპრილს Fox News-თან ინტერვიუში ობამამ განაცხადა, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა ალბათ იყო იმის არცოდნა, თუ რა უნდა ექნათ ლიბიაში შეჭრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლიბიაში შესვლა სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნია. ბუნებრივია, მის მიერვე გადადგმულ ნაბიჯზე ობამა არ იტყოდა რომ მცდარი იყო, თუმცა დღევანდელი რეალობა აჩვენებს, რომ ძნელი სათქმელია რამდენად "სწორი" იყო ლიბიაში შესვლა. 2011 წლის შემდეგ რვა წელი გადის. ამ ხნის განმავლობაში უამრავი პრობლემა წარმოიშვა როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში. ამან ევროპაზეც იმოქმედა (იქნება ეს მიგრანტების ნაკადის ზრდის თუ სხვა კუთხით).

ომის საშიშროებას ბოლომდე არ გამორიცხავენ ირანშიც. მოჰამედ ჯავად ზარიფის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "არ მგონია, რომ დონალდ ტრამპს ირანთან ომი სურს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში. ვგულისხმობ იმას, რომ მათ, ვინც ჩამოაყალიბეს ირანთან პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ატარებენ, არ სურთ მოლაპარაკებებით მიღწეული გამოსავალი. მაგრამ ნება მომეცით დავაზუსტო, რომ ირანი არ ეძებს კონფრონტაციას, მაგრამ თავდაცვას არ გაექცევა".

დღეს არავინ გამორიცხავს, რომ გაუთვალისწინებელმა მოქმედებებმა ირანსა და ამერიკას შორის შეიძლება კონფლიქტი გააჩაღოს. ამ შემთხვევაში არც დონალდ ტრამპი და არც ჯონ ბოლტონი არასდროს არ იტყვიან, რომ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ როგორი იქნება მათი "სწორი" ნაბიჯების შედეგები რეგიონისთვის? ეს ალბათ ამერიკის შემდგომი ადმინისტრაციების საფიქრალი იქნება...

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
!
13 ივნისი 2019 11:01
მესამე მსოფლიო ომში გამარჯვებული არავინ გამოვა
....
18 მაისი 2019 22:24
ომებზე ისე წერთ, გეგონება სპორტული შეჯიბრი იყოს, ამერიკა ვინმეს რომ ეომოს მსოფლიოს აღსასრული დადგება.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?