ახალარჩეული პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილებები - ახალი პოლიტიკური რეალობა უკრაინაში - კვირის პალიტრა

ახალარჩეული პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილებები - ახალი პოლიტიკური რეალობა უკრაინაში

20 მაისს კიევში ახალი პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია შედგა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენით უკრაინაში ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა. ამას ბევრი რამ განაპირობებს. პირველი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტი ახლა იქნება ყოფილი მსახიობი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე. მეორე ის, რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი იმედები და მოლოდინები უკავშირდება, იქნება ეს კორუფციასთან ბრძოლა თუ ქვეყანაში არსებული ზოგადი რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა. მესამე კი ის არის, რომ ყველა ის პრობლემა, რომელსაც თავი ვერ გაართვა პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ და მთავრობამ, ახლა ახალი პრეზიდენტის მოსაგვარებელი იქნება, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ხალხი აღარ გაიხსენებს, როგორი რეალობა ჩაიბარა ზელენსკიმ, ისინი მხოლოდ შედეგების მიხედვით განსჯიან მას.

გამოწვევებს შორის იქნება რუსეთთან ურთიერთობაც. მან დონბასში ომის დასრულება უპირველეს ამოცანად დაასახელა, მაგრამ ამის მიღწევა როგორ შეიძლება ჯერჯერობით უცნობია.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საკუთარ სიტყვაში ინაუგურაციისას მან სამი მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ გააკეთა განცხადება:

1. პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა;

2. ზელენსკიმ დაავალა პარლამენტის წევრებს მიიღონ კანონი, რომლითაც გაუქმდება დეპუტატების იმუნიტეტი ანუ ხელშეუხებლობა და აიკრძალოს გამდიდრება;

3. პარლამენტმა მიიღოს ახალი საარჩევნო კოდექსი.

ამ განცხადებების შესრულება ზელენსკიმ მალევე დაიწყო. ინაუგურაციიდან ერთი დღის შემდეგ მან ხელი მოაწერა ბრძანებას პარლამენტის ვადამდელი დათხოვნის შესახებ და საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს დანიშნა. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციაზე

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე საუბრობდნენ, ვინაიდან ახალ პრეზიდენტს პარლამენტში არ ჰყავს საკუთარი პარტია (რომელიც იმავე სახელს ატარებს, რასაც ცნობილი სერიალი - "ხალხის მსახური"). ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ეს არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარებულიყო, რათა ზელენსკისადმი არსებული მუხტი და ენთუზიაზმი ხალხში დროთა განმავლობაში არ ჩამქრალიყო და ამით სხვა პარტიებს არ ესარგებლათ. განრიგის მიხედვით საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე უნდა გამართულიყო, ზელენსკიმ კი ამ შემთხვევაში ნამდვილად სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა.

მიუხედავად კარგი დასაწყისისა, მაინც არსებობს კითხვები და ეჭვები იმაზე, თუ რამდენად მოექცევა ან არ მოექცევა ახალი პრეზიდენტი იგორ კოლომოისკის გავლენის სფეროში. მიუხედავად თამამი განცხადებებისა იმაზე, რომ ის ყველას თანაბარი სამართლიანობით მიუდგება ერთი საინტერესო დეტალი მაინც ყურადსაღებია:

საკუთარი ადმინისტრაციის უფროსად მან დანიშნა ანდრეი ბოგდანი, ადვოკატი, რომელსაც, ისევე როგოც ზელენსკის, ახლო კავშირები აქვს იგორ კოლომოისკისთან. ბოგდანი 2014 წელს კოლომოისკის მრჩეველი იყო და "პრივატბანკის საქმეშიც" სწორედ მას წარმოადგენდა.

"პრივატბანკთან" დაკავშირებულმა ამბებმა კოლომოისკი პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირა. 2016 წელს პოროშენკომ ბანკის ნაციონალიზაცია გადაწყვიტა, რასაც კოლომოისკი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საქმე მაინც პოროშენკომ მოიგო.

გასულ კვირაში კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა, რაც სავსებით ბუნებრივია. როგორ დალაგდება ზელენსკისა და მას შორის ურთიერთობა და როგორ პოლიტიკას გაატარებს ახალი პრეზიდენტი (მათ შორის, დააბრუნებს თუ არა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს) ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგი ვითარება აქვს საიმისოდ, რომ ბევრი კარგი გააკეთოს.

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს