აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1 500 ჯარისკაცს გზავნის - რისთვის ემზადება დონალდ ტრამპი? - კვირის პალიტრა

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1 500 ჯარისკაცს გზავნის - რისთვის ემზადება დონალდ ტრამპი?

6 მაისის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკა სპარსეთის ყურეში დამატებით სამხედრო ძალებს გზავნიდა (ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი, სამხედრო ხომალდები, B-52 ტიპის ბომბდამშენები, უნივერსალური სადესანტო ხომალდი არლინგტონი და Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო საზენიტო კომპლექსები), დაიწყო ვარაუდები იმის შესახებ, თუ რამდენად მოსალოდნელია შეერთებული შტატებისა და ირანის სამხედრო დაპირისპირება.

პრაქტიკულად მთელი თვის განმავლობაში ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, რომ თითქოს პენტაგონს განზრახული ჰქონდა ახლო აღმოსავლეთში 120 000 ჯარისკაცის დამატებით გაგზავნა, რაც შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო. შემდეგ გაჩნდა ინფორმაციები, თითქოს დამატებით 10 000 ან 5 000 ჯარისკაცი უნდა გაეგზავნა შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში, რათა, როგორც თავად ამბობენ, ირანისგან მომდინარე საფრთხე აეცილებინათ თავიდან.

ეს ინფორმაციაც გასულ ხუთშაბათს უარყო როგორც ტრამპმა, ისე თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენაჰანმა.

ამ უცნაურმა რიტორიკამ და ძალიან მძაფრმა მოლოდინებმა არა მხოლოდ პოლიტიკოსები დააფიქრა. პარასკევს, 24 მაისს გადამდგარმა ამერიკელმა სამხედრო პირებმა, დიპლომატებმა და მთავრობის ყოფილმა წევრებმა ღია წერილით მიმართეს ამერიკის პრეზიდენტს. წერილს ხელი 76-მა პირმა მოაწერა.

წერილი, როგორც თავად ამბობენ, დაიწერა იმისათვის, რომ გამოხატონ საკუთარი ღრმა შეშფოთება ირანთან დაძაბულობის ზრდისა და დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით.

რა წერია წერილში? - გთავაზობთ ნაწყვეტებს?

"ომი ირანთან, იქნება ეს განზრახ თუ გაუთვლელობის გამო, გამოიწვევს დრამატულ შედეგებს ისედაც დესტაბილიზირებულ ახლო აღმოსავლეთში და ჩაითრევს შეერთებულ შტატებს ახალ შეიარაღებულ კონფლიქტში განუსაზღვრელი ფინანსური, ადამიანური და გეოპოლიტიკური საფასურის ხარჯზე.

როგორც ეროვნული უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები, რომელთაც ხანგრძლივი კარიერა გვქონდა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიურ სამსახურში, ჩვენ ვართ პირველი თვითმხილველები იმისა, თუ როგორ სწრაფად შეიძლება დაიკარგოს კონტროლი საკამათო საკითხებზე. შეერთებული შტატებისა და ირანის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს შორის არის პირდაპირი დიალოგის ნაკლებობა, რაც დაძაბული რიტორიკის ფონზე მხოლოდ ზრდის შეცდომის შესაძლებლობას, რომელსაც შეიძლება უნებლიეთ სამხედრო კონფლიქტი მოჰყვეს.

ეკონომიკურმა სანქციებმა ირანის წინააღმდეგ სასარგებლოდ იმოქმედა მათი მხარდაჭერის შემცირებაზე ლიბანში ჰეზბოლას მიმართ. მიუხედავად ამისა, არც სანქციებსა და არც სამხედრო სახის მუქარებს არ შეუცვლია რეჟიმის ქმედებები და სავარაუდოდ, დაარწმუნა თეირანში რადიკალური პოზიციის მქონეები, რომ შეერთებულ შტატებთან კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია.

ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დასაცავად და ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის უფრო მეტად საჭიროა გააზრებული სახელმწიფო მმართველობა და აგრესიული დიპლომატია, ვიდრე უსარგებლო სამხედრო კონფლიქტი."

ამ წერილის ფასს და მნიშვნელობას ზრდის ავტორების წარსული და გამოცდილება. ეს 76 ადამიანი არ არიან არც თანამედროვე ექსპერტები და არც მედიის წარმომადგენლები, არამედ ისინი, ვინც სავარაუდოდ, თავად იყვნენ ჩართული ამერიკის მიერ წარმოებულ სხვადასხვა კონფლიქტებსა თუ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.

ძნელი სათქმელია ეს წერილი ამერიკის პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდა თუ არა, მაგრამ წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ახალი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა ტრამპმა - ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1 500 ჯარისკაცს გაგზავნის ამერიკა.

რაც შეეხება პასუხს ირანის მხრიდან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო ძალების ზრდა საფრთხის შემცველია საერთაშორისო მშვიდობისთვის.

ეს რიცხვი, რა თქმა უნდა, მცირეა იმ 70 000 სამხედროსთან შედარებით, რა რაოდენობის სამხედროებიც ამერიკას ჰყავს ეგვიპტედან ავღანეთამდე რეგიონში. მიუხედავად ამისა, სპეკულაციები იმაზე, ემზადება თუ არა ამერიკა ირანთან საომრად ალბათ კიდევ გაგრძელდება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს