რა შედეგებით დასრულდა ევროპარლამენტის არჩევნები?
რა შედეგებით დასრულდა ევროპარლამენტის არჩევნები?
ფოტო:ემანულე მაკრონი და ანგელა მერკელი
ევროკავშირის პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა. ეს არჩევნები 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა და 28 ქვეყნის მასშტაბით 400 მილიონ ამომრჩეველს შეეძლო ხმის მიცემა. ერთადერთი შედეგი, რასაც ყველა მხარე დადებითად აფასებს და ამაზე თანხმდება არის ის, რომ წინა წლებთან შედარებით ამომრჩევლების აქტივობამ მოიმატა და 50,5% შეადგინა, რაც 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 8%-ით მეტია.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ როგორი პოლიტიკური პროცესების ფონზე მიმდინარეობდა აღნიშნული არჩევნები, რაც უკეთ დაგვეხმარება
არჩევნების შედეგების გაანალიზებაში.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ "ბრექსიტი", რაც 2016 წლის ივნისში დაიწყო. წინასწარი მოლოდინებით "ბრექსიტი" ახლა უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო და დიდ ბრიტანეთს 29 მარტს დაეტოვებინა ევროკავშირი, თუმცა მთელი რიგი პრობლემებისა და ყველასთვის კარგად ნაცნობი საპარლამენტო კენჭისყრების (სადაც სამჯერ ჩავარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის
მიერ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება) შემდეგ "ბრექსიტის" საბოლოო თარიღად 31 ოქტომბერი დასახელდა. ბრექსიტს მხოლოდ ტერეზა მეის თანამდებობა არ უმსხვერპლია.

მან თითქოს დაანგრია ევროკავშირის ერთიანობისა და სიძლიერის იდეა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანა შეიძლება იყოს ევროკავშირში, მაგრამ არ მოსწონდეს ევროკავშირი.

რა თქმა უნდა, განსხვავება ბრექსიტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ძალიან მცირე იყო და დღევანდელი გამოკითხვებით ევროკავშირში დარჩენის მომხრე უფრო მეტია ბრიტანეთში, ვიდრე გასვლის, თუმცა ევროპარლამენტის არჩევნებმა მაინც საინტერესო რეალობა დაგვანახა:
ნაიჯელ ფარაჟი
ბრიტანეთის მთავარმა, კონსერვატიულმა და ლეიბორისტულმა პარტიებმა სრულიად დაკარგეს მხარდაჭერა. სამაგიეროდ, გაიზარდა ახლადშექმნილი "ბრექსიტის პარტიისა" და ლიბერალური პარტიის რეიტინგი. ნაიჯელ ფარაჟის პარტიას მოსახლეობის 31,71%-მა დაუჭირა მხარი, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას კი 18,55%-მა. ეს, ბუნებრივია, იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ბრიტანეთის მოსახლეობაში არსებობს დიდი უკმაყოფილება სწორედ კონსერვატორებისა და ლეიბორისტების მიმართ, რომელთა შორის ქიშპმაც ვერ გამოიღო სასურველი შედეგი და ბრექსიტი ჯერ კიდევ ბუნდოვან რეალობად რჩება.
მარინ ლე პენი
საინტერესო შედეგებით დასრულდა არჩევნები საფრანგეთშიც, სადაც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მარინ ლე პენმა აჯობა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. მისმა პარტიამ "ეროვნულმა ფრონტმა" ხმების 23,53% მიიღო, ემანუელ მაკრონის პარტიამ "წინ რესპუბლიკამ" 22,47% მიიღო. მართალია ევროპარლამენტში ლე პენის პარტია მხოლოდ 1 ადგილით მეტს მიიღებს, მაგრამ ეს მაინც სერიზული დარტყმაა საფრანგეთის პრეზიდენტისთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ გასულ შაბათ-კვირას ე.წ. ყვითელ ჟილეტიანებმა 28-ე აქცია გამართეს და მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტების რაოდენობა იკლებს, ჯერჯერობით დასასრული მაინც არ უჩანს.

საინტერესო რეალობა მივიღეთ საბერძნეთშიც. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის სოციალისტურმა პარტიამ ლიბერალ-კონსერვატიულ პარტიასთან ბრძოლა წააგო. "სირიზამ" 24% მიიღო, "ახალმა დემოკრატიამ" კი ხმების 33% მოაგროვა. ამის გამო ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
ვიქტორ ორბანი
როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა პარტია "ფიდეშმა", რომლის ლიდერიც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია, მან ხმების 52,33% მიიღო. იტალიის ვიცე-პრემიერის მატეო სალვინის პარტია ლიგამ ასევე უმრავლესობა მოიპოვა ხმების 33,64%-ით. რაც შეეხება პოლონეთს, მმართველმა "კანონისა და სამართლიანობის" პარტიამ 43,1% მიიღო. ეს სამი ქვეყანა შემთხვევით არ გვიხსენებია ერთად: სამივე პარტიას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული საწინააღმდეგო განწყობო არალეგალური მიგრაციისა და ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ.

რაც შეეხება გერმანიას, ტრადიციულმა პარტიებმა: გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა პარტიებმა, მწვანეთა პარტიამ და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა ხმების უმრავლესობა მიიღეს.

რატომ მივაქციეთ ასეთი დიდი ყურადღება სწორედ იმ მხარეებს, რომელნიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გამოირჩეოდნენ ევროსკეპტიკური განწყობით? ამის მიზეზი მარტივია: ევროკავშირში არსებული პრობლემებისა და გაზრდილი მხარდაჭერის ფონზე სწორედ ევროსკეპტიკოსების მიმართ ყველას აინტერესებდა თუ რა შედეგს დადებდნენ ეს პარტიები.
იაროსლავ კაჩინსკი
ევროპარლამენტში 751 ადგილია, სადაც უმრავლესობაში ყოფნისთვის 376 ადგილის ქონაა აუცილებელი. ბოლო მონაცემებით, ზემოთ ჩამოთვლილმა ევროსკეპტიკურმა პარტიებმა ჯამში 172 ადგილი უნდა მიიღონ, რაც მათ უმრავლესობაში ყოფნას გამორიცხავს და ასევე გამორიცხულია ის, რომ რომელიმე პარტიამ (ევროპის სახალხო პარტიამ, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმა ან ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის) მათთან კოალიციაზე დაიწყოს მსჯელობა. უფრო სავარაუდოა, რომ მემარჯვენე ძალები შეეცდებიან ერთიანი კოალიციის შექმნას და ძირითადი პოლიტიკური კურსის შეცვლას.

ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის სიძლიერე სწორედ ისაა, რომ ევროპარლამენტში ყველა ძალაა წარმოდგენილი, თუმცა ეს ევროკავშირის, როგორც გლობალური პოლიტიკური მოათამაშის როლს რამდენად გააძლიერებს ან დაასუსტებს ცალკე საკითხია და ხელაღებით ამას ვერავინ იტყვის.

ფაქტია, რომ მემარჯვენე პარტიები ყველანაირად შეეცდებიან მთელ რიგ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე შეცვალონ მიდგომები. დღევანდელი რეალობით, მაშინ როცა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სულ უფრო ხისტ პოლიტიკას ატარებს სხვა ქვეყნებთან მიმართებით, სადაც იზრდება ჩინეთის როლი და რუსეთი ისევ გამოწვევად რჩება შეიმჩნევა, რომ ევროკავშირი კარგავს საკუთარ პოზიციებს. რატომ გაძლიერდება მისი პოლიტიკური მნიშვნელობა ახლანდელი არჩევნების შემდეგ ძნელი სათქმელია...

*მონაცემები მოყვანილია წინასწარი შეფასებებისა და ეგზიტპოლების მიხედვით, საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?