როდის გამოაგდებს ვლადიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან, ანუ კუსა და მორიელის იგავი - კვირის პალიტრა

როდის გამოაგდებს ვლადიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან, ანუ კუსა და მორიელის იგავი

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა. თითქოს რა დროს მის გამოგდებაზეა ლაპარაკი, მაგრამ...

ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევამდეც უკვე არსებობდა ვარაუდები, რომ ის გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას დაუბრუნებდა, ყველაფერი მართლაც ასე მოხდა.  სააკაშვილი უკვე უკრაინაშია, უნდა ითქვას, რომ დრო ამისათვის ნამდვილად კარგად არის შერჩეული. უკრაინის პრეზიდენტმა უკვე დაითხოვა პარლამენტი და 21 ივლისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. მიხეილ სააკაშვილის პარტიის "ახალი ძალების მოძრაობა" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის წარმატებით ჩასატარებლად აუცილებელი იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის დაბრუნება.

პრეზიდენტ ზელენსკის პირველი ნაბიჯები ზოგმა შეიძლება აღიქვას, როგორც ქმედითი, აქტიური ადამიანის საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებები, იქნება ეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თუ სხვა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ ყველაფერში მაინც უცხო ხელსა და უცხო გეგმას ხედავენ. ამ უკანასკნელი აზრის გასამყარებლად კი არსებობს კითხვა - საიდან აქვს პრეზიდენტ ზელენსკის, პოლიტიკური გამოცდილების არმქონე ადამიანს ასეთი მიხვედრილობა?

ეჭვები კი ისევ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან მიდის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა ანდრეი ბოგდანი, ადვოკატი, რომელსაც ახლო კავშირები აქვს ოლიგარქთან. ბოგდანი "პრივატბანკის" საქმის" წარმოებისას ბანკის მხარეს წარმოადგენდა, ასევე იყო კოლომოისკის მრჩეველი მისი გუბერნატორიბის პერიოდში (იგორ კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი იყო 2014 წლის 2 მარტიდან 2015 წლის 24 მარტამდე).

ძნელი სათქმელია მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება იყო თუ არა იგორ კოლომოისკის ინტერესებში. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ამ ორს შორის ურთიერთობა საკმაოდ გაფუჭებული იყო, ასე რომ ოლიგარქი არ უნდა ყოფილიყო სააკაშვილის დაბრუნების მომხრე. თუმცა არის მეორე ვარაუდიც:

ახლა პრეზიდენტ ზელენსკის წინაშე ძალიან დიდი ამოცანა დგას - ბრძოლა კორუფციისა და ოლიგარქების წინააღმდეგ. ეს იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რის მიხედვითაც გადანაწილდება ხალხის მხარდაჭერა მისი პარტიის მიმართ. როგორი უარყოფითი დამოკიდებულებაც არ უნდა არსებობდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ერთი რამ უდავოა: მას შეუძლია ხმამაღალი განცხადებებითა და ამოუწურავი ქარიზმით სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა (ისევე როგორც შემდგომ ამ სისტემის საკუთარ თავზე მორგება...).

პრეზიდენტ ზელენსკის ბრძოლა ოლიგარქების წინააღმდეგ რამდენად შეეხება იგორ კოლომოისკის ამას წინასწარ ვერავინ გათვლის, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ყველაზე ნაკლებად დაზარალდება. თუ დავუშვებთ მის გავლენას პრეზიდენტ ზელენსკიზე, ასევე ისეთი ადამიანის არსებობის საჭიროებას, რომელმაც იცის როგორ "იბრძოლოს" კორუფციისა და ოლიგარქების წინააღმდეგ, მაშინ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზეზი გასაგები იქნება.

"არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი" - ამ პრინციპის მიხედვით კოლომოისკი სააკაშვილის ხელით იმოქმედებს სხვა ოლიგარქების წინააღმდეგ და გარკვეულწილად კორუფციის პრობლემაც მოგვარდება, თუმცა სარგებელს ნახავს თავად კოლომოისკიც სხვა ოლიგარქების მოშორებით...

მიხეილ სააკაშვილის პირველ განცხადებებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ საკმაოდ ფრთხილი და მოზომილია.

"მე უკრაინაში შურისძიებისთვის ან რაიმეს დანგრევისთვის არ ჩამოვსულვარ, მე ჩამოვედი იმისთვის, რაც ყველაზე კარგად ვიცი - შენებისთვის", - ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდნეტმა. მას დახვდნენ ოვაციებით (და არა მხოლოდ. ზოგიერთი საკმაო უკმაყოფილებითაც) და უნდა ვივარაუდოთ, რომ მალე მოხდება შეხვედრა მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს შორის. დასაწყისისთვის სააკაშვილმა შეიძლება მართლაც შეიკავოს თავი ხმამაღალი განცხადებებისგან, მაგრამ რა იქნება შემდეგ?

აქ შეიძლება სულხან-საბა ორბელიანის იგავის გახსენება, კუსა და მორიელის შესახებ:

"ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ, მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო, კუმ უთხრა:

- ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო! - შეაჯდა მორიელი ზურგს.

კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმა ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა:

- ძმაო, რას იქმო? - მორიელმან უთხრა:

- რა ვქნა, არც მე მნებავს, მაგრამ ასეთის გვარისანი ვართ. მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვუკბინოთო. კუმ დაიყურყუმალავა, მორიელი წყალს მისცა და უთხრა:

- ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიან ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო".

გავიხსენოთ, ასევე როგორ დაიწყო და როგორ დასრულდა მიხეილ სააკაშვილისა და უკვე ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშნეკოს ურთიერთობა - ძალიან დიდი იმედებით და დასრულდა სამკვდრო-სასიცოცხლო ომით (სადაც, ბედის ირონიით, მაინც მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა).

არ არის გამორიცხული, რომ იგივე მოხდეს ახლაც - სააკაშვილი დიდხანს ვერ შეეგუება მეორეხარისხოვანი პიროვნების როლს უკრაინაში. ის თავისდაუნებურად შეეცდება ყველაფერი ისევ საკუთარ თავზე მოირგოს, რაც ბუნებრივია დაუპირისპირდება როგორც ვლადიმერ ზელენსკის, ისე იგორ კოლომოისკის ინტერესებს და არც ისაა გამორიცხული, გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელახლა ვნახოთ შენობასთან მობილიზებული პოლიცია და შენობის სახურავზე "გამაგრებული" ოდესის ყოფილი გუბერნატორი.

ასე რომ, ახლა შეგვიძლია ვივარაუდოთ, როდემდე გაძლებენ ვლადიმერ ზელენსკი და მიხეილ სააკაშვილი ერთად.

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს