უკრაინის ეკლესია ახალი განხეთქილების ზღვარზე - რატომ დაუპირისპირდა ფილარეტი ეპიფანეს?
12-06-2019
უკრაინის ეკლესია ახალი განხეთქილების ზღვარზე - რატომ დაუპირისპირდა ფილარეტი ეპიფანეს?
2019 წლის 6 იანვარს უკრაინის ეკლესიამ მიიღო ტომოსი კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან, რითაც უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა. ამ მოვლენას საკმაოდ დიდი გამოძახილი ჰქონდა რეგიონში. თუმცა მოვლენები მაისში მოულოდნელად შემოტრიალდა და დღეს უკრაინა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატიო პატრიარქმა ფილარეტმა 11 ივნისს განაცხადა, რომ არ აღიარებს ტომოსს, რადგან წინასწარ მისთვის უცნობი იყო მისი შინაარსი.

"ამ ტომოსს ჩვენ ვერ მივიღებთ, რადგან ჩვენ არ ვიცოდით იმ ტომოსის შინაარსი, რომელიც მოგვცეს. მისი არსი
რომ გვცოდნოდა, 15 დეკემბერს ხმას არ მივცემდით ავტოკეფალიას. ჩვენ არ გვჭირდება ერთი დაქვემდებარებიდან მეორეში გადასვლა. მოსკოვის პატრიარქატი მოსკოვის ინტერესებს ემსახურება, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ემსახურება ბერძნებს. ვინ მოემსახურება უკრაინას?" - ასეთი იყო ფილარეტის განცხადება.

გარდა ამისა, მან ახალი ადგილობრივი კრების მოწვევის შესახებ განაცხადა, რომელიც 20 ივნისს
უნდა ჩატარდეს და სადაც მხარს არ დაუჭერენ იმ კრების გადაწყვეტილებას, რომელიც 2018 წლის 15 დეკემბერს ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 15 დეკემბერს წმინდა სოფიას ტაძრში ჩატარდა საეკლესიო კრება და შეიქმნა ერთიანი ეკლესია უკრაინაში, "უკრაინის ავტოკეფალური ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია". აქამდე უკრაინაში არსებობდა სამი ეკლესია: კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ფილარეტ დენისენკო მეთაურობდა, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც მაკარი მალეტიჩ მეთაურობდა და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ეს უკანასკნელი, ბუნებრივია, ახალ ეკლესიასთან არ გაერთიანდა და რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში დარჩა.

ერთი შეხედვით მოვლენები სხვაგვარად უნდა განვითარებულიყო. უკრაინის ეკლესიის მიერ ტომოსის მიღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო სხვა ეკლესიების მიერ მისი აღიარების პროცესი (არ არის აუცილებელი ეს სწრაფად მომხდარიყო, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი, ბუნებრივია, უნდა დაწყებულიყო). ეს იქნებოდა კიდევ ერთი დარტყმა რუსეთისთვის, რასაც პოლიტიკური მნიშვნელობაც ექნებოდა და რუსეთი როგორც პოლიტიკურ, ისე საეკლესიო იზოლაციაში უნდა მოქცეულიყო. საინტერესოა, რომ ეს პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, უკრაინის ეკლესიაში დაწყებული დაპირისპირების ფონზე კი არ არის გამორიცხული საერთოდ შეწყდეს.
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეო ხელს აწერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს
რატომ გადაწყვიტა ფილარეტმა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო და არ ეღიარებინა ტომოსი?

ამის ასახსნელად ჯერ კიდევ 23 მაისს მიცემულ ინტერვიუში ფილარეტმა სამი მიზეზი დაასახელა:
1. ტომოსის მიხედვით, საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელები კონსტანტინოპოლის საპატრიაქროს იურისდიქციაში გადავიდნენ. "ტომოსი გვეუბნება, ის უკრაინელები, რომლებიც თქვენ გეკუთვნოდნენ, ახლა ჩვენ გვეკუთვნის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს" - აღნიშნა ფილარეტმა.

2. ტომოსის მიხედვით, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია მირონის მოხარშვა, რაც ავტოკეფალიის მინიჭებისას უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. "დასახელებით ავტოკეფალური ეკლესია ვართ, სინამდვილეში კი მირონზე ვართ დამოკიდებული - მოგვცემენ თუ არა" - აღნიშნა ფილარეტმა.

3. თუკი უკრაინის ეკლესიაში კონფლიქტური ვითარება შეიქმნება, მას კონსტანტინოპოლის საპატრიარქო გადაწყვეტს.

საინტერესოა ისიც, რომ ფილარეტმა მიტროპოლიტი ეპიფანე მსოფლიო პატრიარქის ბართოლომეოსის გავლენაში მყოფ ადამიანად მოიხსენია:
"ეპიფანე - მსოფლიო პატრიარქის მსახურია. სავიკარო (მოადგილე) ეპისკოპოსად ბერძენი დაადგინა, რათა მან გაუწიოს ზედამხედველობა და ინფორმაცია მიაწოდოს მსოფლიო პატრიარქს, რათა მისი გავლით იგზავნებოდეს განკარგულებები, რა გაკეთდეს" - განაცხადა ფილარეტმა.

ყველაზე საინტერესო ამ დავაში ის არის, რომ ფილარეტი აცხადებს, არ იცოდა რა ეწერა ტომოსში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ პირობებს არ დათანხმდებოდა. სწორედ აქ ჩნდება კითხვა: რამდენად შესაძლებელია ფილარეტს არ სცოდნოდა რა ეწერა მსოფლიო პატრიარქის მიერ გამოგზავნილ ტომოსში, მაშინ როდესაც უკრაინაში ეკლესიის გაერთიანებამდე საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა და ყველა დეტალს დიდი ყურადღება ექცეოდა?

მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება იმის ახსნა, თუ რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფილარეტი და ეპიფანე, თუმცა ეს ძალიან შორს წაგვიყვანს (მით უმეტეს, როცა ნამდვილი მიზეზი მხოლოდ ფილარეტმა იცის), თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ის შედეგი, რაც ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ჰქონდა ჩაფიქრებული არ დადგა. ავტოკეფალიის მინიჭებამ მას არც რეიტინგების ამაღლებაში უშველა და ვერც უკრაინის მოსახლეობა გააერთიანა. პირიქით, ახლა უარესი შედეგი შეიძლება მივიღოთ - უკრაინაში იარსებებს ავტოკეფალური ეკლესია, კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ისევ ფილარეტი უხელმძღვანელებს და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ეს მოსახლეობის კონსოლიდირებას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს.
რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს, ბუნებრივია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტომოსს უკან არ გაიწვევს და იმ უპირატესობებს, რაც უკრაინის ეკლესიასთან მიმართებით მიიღო, ხელიდან არ გაუშვებს.

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ახალ ხელისუფლებას და ახალ პრეზიდენტს ახალი საზრუნავი გაუჩნდებათ, უკვე არა პოლიტიკური, არამედ საეკლესიო ხასიათის, რომლის მოგვარებას შეიძლება უფრო მეტი გამოცდილება სჭირდებოდეს, ვიდრე პოლიტიკურ საკითხებს. რამდენად შეძლებს ახალი ხელისუფლება გამოწვევებთან გამკლავებას, დრო გვიჩვენებს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
...
02 ივლისი 2019 09:51
იქნებ ეხლა მინც მიხვდნენ ზოგიერთები , რატომ არ ჩქარობდა ჩვენი ეკლესია ეღიარებინა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია
erqwr
13 ივნისი 2019 13:56
უკანონო არა იხვის სარდელი.

წაიკითხეთ საქართველოს ავტოკეფალია როგორ მიენიჭა ვახტანგ გორგასალის დროს ! :)
!
13 ივნისი 2019 10:40
განდგომილებზე, უკანონო ტომოსი იყო გადაცემული და შედეგმაც არ დააყოვნა.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?