მარცხი სტამბოლში - რას ნიშნავს ექრემ იმამოღლუს გამარჯვება რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის? - კვირის პალიტრა

მარცხი სტამბოლში - რას ნიშნავს ექრემ იმამოღლუს გამარჯვება რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის?

თურქეთში, სტამბოლის მერის ხელახალი არჩევნები დასრულდა და დასრულდა საკმაოდ მძიმე შედეგებით მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიისთვის" (AKP) - არჩევნებში ოპოზიციური "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" (CHP) კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ უკვე მეორედ გაიმარჯვა. უნდა ითქვას, რომ მეორე გამარჯვება პირველთან შედარებით ბევრად უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა. ხმების 99.37%-ის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ იმამოღლუს მოსალეობის 54.03%-მა დაუჭირა მხარი, მაშინ როცა მმართველი პარტიის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა 45.09% მიიღო.

შედარებისთვის, 31 მარტს გამართულ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა სულ რაღაც 0.3%-ით მეტი ხმა მიიღო, რაც რამდენიმე მილიონიან ქალაქში ძალიან მცირე უპირატესობაა. აქვე შეგახსენებთ, როგორ დასრულდა 31 მარტის არჩევნები:

ანკარა (მოსახლეობა - 5,445,000 ადამიანი)

CHP – 50.93%,

AKP – 47.12%;

სტამბოლი (მოსახლეობა - 15,070,000 ადამიანი)

CHP – 48.80%,

AKP – 48.55%;

იზმირი (მოსახლეობა - 4,280,000 ადამიანი)

CHP – 58.10%,

AKP – 38.69%

ექრემ იმამოღლუ

თურქეთის სამ ყველაზე დიდ ქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ახლა სტამბოლის მოსახლეობამ ნათლად დააფიქსირა საკუთარი აზრი და განწყობა ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ - დაახლოებით 800 000-ით მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი იმამოღლუს.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ერდოღანის მმართველობას საფრთხე ემუქრება, მაგრამ ეს ნამდვილად უნდა იყოს მისთვის განგაშის ზარი - ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული მმართველობა მცირდება და იზრდება ავტორიტარული მმართველობა, აუცილებელი იქნება ცვლილებების დაწყება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სტამბოლში განმეორებითი არჩევნების დანიშვნა თავიდანვე წამგებიანი ნაბიჯი იყო ერდოღანისთვის. მოგების შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ მმართველმა პარტიამ სამართლიანი გამარჯვება წაართვა ოპოზიციას, წაგება (და ასეც მოხდა) კი იქნებოდა იმის მაგალითი, რომ მოსახლეობაში მისადმი და მისი მმართველობის სტილისადმი უკმაყოფილება იზრდება. გარდა ამისა, ახლანდელმა გამარჯვებამ კიდევ უფრო მეტი ლეგიტიმურობა შესძინა იმამოღლუს - თუ 31 მარტს 13 000 ხმით მეტი მიიღო, ახლა დაახლოებით 800 000-ით მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. აქცია იმამოღლუს მხარდასაჭერად ბუნებრივია, ასეთი რეალობა მძიმე ვითარებაში აგდებს ერდოღანს, მით უმეტეს შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკური და საერთაშორისო გამოწვევების ფონზე. საერთაშორისო გამოწვევად კი პრობლემად რჩება ამერიკასთან ურთიერთობა, რომელიც ყოველდღიურად უარესდება რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების С-400-ების შეძენის გამო.

როგორ შეიძლება აიხსნას თურქეთის პრეზიდენტის სიჯიუტე შეიძინოს რუსული იარაღი, მაშინ როცა ამერიკული მხარე მასზე ახორციელებს პოლიტიკურ ზეწოლას, ემუქრება სანქციებით და საკუთარ ანალოგს სთავაზობს ფასდაკლებით?

ერთადერთი ახსნა შეიძლება იყოს რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი დამოკიდებულება რუსეთისადმი და ვლადიმირ პუტინისადმი. გავიხსენოთ 2016 წლის ივლისში თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალება.

საინფორმაციო საშუალებები მაშინვე წერდნენ, რომ ერთადერთი, რამაც ერდოღანი გადატრიალებას გადაარჩინა, იყო რუსული ჩარევა. ეს ინფორმაცია ირანის საინფორმაციო სააგენტო "ფარსმა" გაავრცელა და აღნიშნავდნენ, რომ რუსულმა დაზვერვამ ხელში ჩაიგდო დაშიფრული მონაცემები გადატრიალების დაგეგმვასთან დაკავშირებით, შემდეგ კი ინფორმაცია ერდოღანს გაუზიარეს.

ბინალი ილდირიმი

რა თქმა უნდა, დახმარება საზღაურის გარეშე არ ხდება და სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან დაჟინებული მოთხოვნაა, რომ თურქეთმა შეიძინოს რუსული С-400-ები. ამით აიხსნება ამერიკული მხარის შიში იმაზე, რომ ნატო-ს სივრცეში გაჩნდება რუსული მაღალტექნოლოგიური იარაღი, რომელიც რაკეტების გარდა აღჭურვილია რადარებით და საფრენი აპარატების ამოცნობის საშუალებებით. ეს კი საფრთხეს უქმნის ამერიკული გამანადგურებლების F-35-ების ახალ თაობას.

შეიძლება ითქვას, რომ ერდოღანი ახლა ორ ცეცხლს შუა არის მოქცეული - შიდა პოლიტიკური ვითარება მისი პარტიის მომავალს კარგს არაფერს უქადის, საგარეო პოლიტიკაში კი გამოწვევები იზრდება. დონალდ ტრამპმა თურქეთს 31 ივლისამდე მისცა ვადა რუსულ იარაღზე უარის სათქმელად, რაც ძალიან დიდი ალბათობით არ მოხდება და ამერიკული მხარე სანქციებს დააწესებს. ეს თურქეთის ისედაც მყიფე ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, შესაბამისად გაიზრდება ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება ხალხში და ოპოზიციური პარტიების (მაგალითად CHP-ს) მხარდაჭერა, რაც მომავალ, 2023 წლის არჩევნებზეც აისახება, ამ წელს კი თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად ტარდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს