დონალდ ტრამპი VS აიათოლა ალი ხამენეი და 10 წუთით ადრე შეჩერებული სამხედრო დარტყმა - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპი VS აიათოლა ალი ხამენეი და 10 წუთით ადრე შეჩერებული სამხედრო დარტყმა

ირანსა და ამერიკას შორის დაძაბულობა, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი სანქციები დაუწესა ირანს. სანქციები პირველად ისტორიაში დაწესდა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეისა და ირანის სხვა ოფიციალური პირების მიმართ, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) რვა სამხედრო მეთაურის მიმართ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აბას მუსავიმ განაცხადა, რომ ახალი სანქციებით საბოლოოდ გაქრა დიპლომატიური მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

ამას ემატება გასულ კვირაში მომხდარი ინციდენტიც. 20 ივნისს IRGC-ის საჰაერო ძალებმა ამერიკული დრონი ჩამოაგდეს. ამ ნაბიჯს, ბუნებრივია, საკმაოდ მწვავე პასუხი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამერიკის მხრიდან. საკითხიც შესაბამისად იდგა - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარემოცვა ირანისთვის შესაბამისი, პროპორციული პასუხის გაცემას ემხრობოდა, რაც სულ მცირე, გულისხმობს წერტილოვან საჰაერო დარტყმებს იმ სამიზნეებზე, საიდანაც რაკეტები გაუშვეს ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოსაგდებად.

ცოტა ხნით აქ შევჩერდები და გავიხსენოთ, თუ როგორ ახასიათებენ დონალდ ტრამპსა და მის გარემოცვას. ერთი შეხედვით ეს არის ძალიან ხისტი "ქორების" ჯგუფი, რომლებიც საგარეო პოლიტიკაში რისკიან გადაწყვეტილებებს არ ერიდებიან. მაგრამ მოხდა ის, რასაც ალბათ არავინ არ ელოდა - ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჰაერო დარტყმები 10 წუთით ადრე გააუქმა, ამის მიზეზად კი არაპროპორციული პასუხი დაასახელა - ირანმა ამერიკის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო ანუ ადამიანური მსხვერპლი (საბედნიეროდ) ინციდენტს არ მოჰყოლია, ამერიკული დარტყმების შედეგად კი ირანის მხრიდან 150 ადამიანი დაიღუპებოდა. ეს ინფორმაცია თავიდან ამერიკულ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი ტრამპმა თავად დაადასტურა "ტვიტერის" გვერდსა და ამერიკული ტელეარხისთვის, NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან წინდახედული ნაბიჯი იყო დონალდ ტრამპის მხრიდან (რომელიც როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტრამპმა გამოიჩინა და არა მისმა გარემოცვამ) - ამერიკის მხრიდან ირანისთვის საპასუხო დარტყმებს შეიძლებოდა ასევე მოჰყოლოდა პასუხი ირანის მხრიდან. არ არის გამორიცხული, ირანის მხრიდან ამერიკული დრონის ჩამოგდება პროვოკაცია ყოფილიყო - ახლა ირანი უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია, შეიძლება ითქვას, რომ კუთხეში არის მიმწყვდეული (ევროკავშირის მხრიდან ძალისხმევამ ირანის ბირთვული შეთანხმების გადარჩენაზე ვერ გაამართლა - კომპანიები მაინც ერიდებიან ირანში საქმიანობას შესაძლო ამერიკული სანქციების ფონზე). ასეთ დროს ომი არის გამოსავალიც - ერთი მხრივ რეჟიმის მმართველობისათვის მეტი ლეგიტიმაციის მისაცემად, მეორე მხრივ ხალხში მხარდაჭერის გაზრდისათვის. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანში არსებობს საკმაოდ მძლავრი რადიკალური ფრთა, რომლისთვისაც ამერიკასთან ომი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საჩუქარია.

ნამდვილად მისასალმებელია, რომ შესაძლო კონფლიქტის სცენარი ამჯერად არ განვითარდა, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები ძნელი სათქმელია.

ირანმა შეიძლება კიდევ სცადოს პროვოკაციები. დრონის ჩამოგდება, ბუნებრივია, ფინანსურის გარდა (დრონი $130 მილიონი ღირდა) პოლიტიკური დარტყმა არის ამერიკისთვის და საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი ირანის მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ ირანი მზად არის ომისთვის და არ მოერიდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმას. ბუნებრივია, კიდევ თუ გაგრძელდება მსგავსი სახის ინციდენტები, ამერიკული მხარე იძულებული იქნება საპასუხო ნაბიჯები გადადგას (შესაძლო კონფლიქტი კი არავისთვის არ არის სასურველი, მით უმეტეს საქართველოსთვის, რომელიც დევნილების თავშესაფრად შეიძლება იქცეს, რასაც დამატებითი ეკონომიკური პრობლემები მოჰყვება ისედაც არსებულის ფონზე).

რაც შეეხება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სანქციების გამკაცრებაზე - ეს აუცილებელი გადაწყვეტილება იყო.

ეკონომიკურ სანქციებს თავისი შედეგები მოაქვს ირანის ეკონომიკისთვის - 2018 წელს საქნციების განახლების შემდეგ ირანის ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით შემცირდება. გასულ წელს, ირანული რიალი 60%-ით გაუფასურდა, ინფლაცია 37%-ს აღწევს, ფასებმა კი 40-დან 60%-მდე მოიმატა სურსათსა და მედიკამენტებზე. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ სანქციების შედეგებს უკვე მოსახლეობა გრძნობს - მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდა კი უფრო დიდი საფრთხეა ხელისუფლებისთვის, ვიდრე წერტილოვანი საჰაერო დარტყმები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს