ტრამპის დიპლომატია და გახარებული კიმ ჩენ ინი - პირველად ისტორიაში ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეაში შეაბიჯა - კვირის პალიტრა

ტრამპის დიპლომატია და გახარებული კიმ ჩენ ინი - პირველად ისტორიაში ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეაში შეაბიჯა

ისტორიას ახსოვს ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარი პირადი ხასიათისა და მანერების წყალობით ყოველთვის ახერხებდნენ ყურადღების მიქცევას და მიმდინარე ამბების გადაფარვას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს უახლეს ისტორიაში (ისევე როგორც შეერთებული შტატების) ასეთი ადამიანი ნამდვილად არის ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ადამიანი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკოსის გამოცდილება და რომელიც დიდად არ იწუხებს თავს საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს პოლიტიკურ ელიტაში, მაგრამ აქვს "უცნაური" მანერები, ურთიერთობის სტილი, საუბრის სტილი. მას შეუძლია კოლეგებს შეურაცხყოფაც მიაყენოს "ტვიტერში" ან რომელიმე ტელეარხთან ინტერვიუში. ბოლო ასეთი "მსხვერპლი" ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენია, რომელსაც ტრამპმა "მძინარა ჯო" დაარქვა და ძალ-ღონეს არ იშურებს მისი ეს მეტსახელი დაამკვიდროს. ყველას გვახსოვს როგორ იხსენიებდა ის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას ასევე პრეზიდენტობის კანდიდატს დემოკრატებისგან ჰილარი კლინტონს - მას მატყუარასა და "ყველა დროის უდიდეს ლუზერს" უწოდებდა.

დონალდ ტრამპმა 28-29 ივნისს იაპონიაში, ოსაკაში გამართული "დიდი ოცეულის" (G20) სამიტზეც მოახერხა ყურადღების მიქცევა - ყველა ელოდებოდა, თუ როგორ ჩაივლიდა მისი შეხვედრები ჩინეთის, თურქეთისა და განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტთან. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დიდი სურვილის არქონისა, ტრამპი საერთაშორისო ღონისძიებებზე ბევრად უკეთესად გამოიყურება და უფრო "პოლიტიკოსივით" იქცევა. შედარებისთვის შეიძლება გავიხსენოთ თუ როგორი იყო ტრამპი ორწელიწად ნახევრის წინ - მკლავჭიდის ჩემპიონისთვის შესაშური ხელის ჩამორთმევის მანერითა და განცხადებებით, რომელსაც არავინ ელოდა და ხანდახან "თეთრი სახლიც" ვერ ხსნიდა. მართალია ეს ყველაფერი (საბედნიეროდ) წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ტრამპი მაინც ტრამპად დარჩა - სამიტზე ერთ-ერთი ორმხრივი შეხვედრისას მან განაცხადა, რომ უკანა გზაზე, სამხრეთ კორეაში სტუმრობისას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონას ესტუმრებოდა და ძალიან გაუხარდებოდა, თუ კიმ ჩენ ინს იქვე ნახავდა და უბრალოდ ხელს ჩამოართმევდა. ეს განცხადება 29 ივნისს გაკეთდა, 30 ივნისს კი ნამდვილად ისტორიული კადრები ვიხილეთ - პირველად ისტორიაში ჩრდილოეთ კორეის საზღვარი ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა გადაკვეთა.

შეხვედრა მართლაც საინტერესო იყო, მაგრამ ეტყობოდა, რომ ნაჩქარევად მომზადდა - ამერიკის პრეზიდენტის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დაცვის წევრები ერთმანეთში ირეოდნენ, ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები კი ქაოტურად ირეოდნენ.

რა თქმა უნდა, მისასალმებელია ორი ლიდერის შეხვედრა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკას შორის უთანხმოების პრინციპული საკითხები არ იცვლება - პირველს სანქციების შერბილება სურს მინიმალური დათმობების ფონზე, მეორეს კი კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღება. ძნელი სათქმელია, დაითანხმებს თუ არა ტრამპი კიმ ჩენ ინს ამაზე.

მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის ასეთი შეხვედრები საკუთარი იმიჯისა და პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე შიდა პროპაგანდისათვის გენიალური შესაძლებლობაა და არც არის გასაკვირი, კიმი ამ ყველაფერს მოხერხებულად რომ იყენებს.

როგორი იქნება ჩრდილო კორეის მედიის მიერ გაშუქებული შეხვედრა? - მათ დიდებულ ლიდერს, კიმ ჩენ ინს საკუთარ ქვეყანაში ეწვია მსოფლიოს ზესახელმწიფოს პრეზიდენტი და შეხვედრისას თეთრ სახლშიც კი დაპატიჟა (წარმოიდგინეთ როგორი საინტერესო იქნება თეთრ სახლში, ვაშინგტონში, დემოკრატიის დამცველი ქვეყნის დედაქალაქში იმყოფება კიმ ჩენ ინი თავისი უცნაური ჩაცმულობით და როგორ ართმევენ ტრამპი და კიმი ერთმანეთს ხელს). კიმმა კი თავის მხრივ ფხენიანში დაპატიჟა ამერიკის პრეზიდენტი.

ძნელი სათქმელია როგორ შედეგს გამოიღებს ტრამპის დიპლომატია (ან ტრამპლომატია) და იტყვის თუ არა უარს კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღზე, მაგრამ ორი რამ ფაქტია: ორი ლიდერი გააგრძელებს ურთიერთობას და ახალი ორმხრივი სამიტისთვისაც დაიწყება მზადება, რაც ჰანოის სამიტის შემდეგ ნამდვილად კარგი შედეგია. მეორე კი არის ის, რომ კიმი ჯერჯერობით უარს არ ამბობს ბირთვულ იარაღზე, ალბათ ცდილობს ტრამპთან ურთიერთობაში მაქსიმალურად ხელსაყრელ შედეგს მიაღწიოს, რაც სავსებით გასაგებია.

რაზე ისაუბრეს ტრამპმა და კიმმა დახურულ კარს მიღმა ფანმუნჯომში (სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან დაახლოებით 1 საათის სავალ მანძილზე არსებული ქალაქი) არავინ იცის. ვნახოთ, თუ უახლოეს მომავალში რამდენიმე მცირე სიშორის რაკეტა კიდევ ისროლა კიმმა, ნიშნავს, რომ ურთიერთობები ისევ მწვავდება, ხოლო თუ ახალი ორმხრივი შეხვედრა მივიღეთ ტრამპსა და კიმს შორის, ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს