კარგი ტაქტიკოსი, მაგრამ ცუდი სტრატეგი - ვინ არის ვლადიმირ პუტინი? - კვირის პალიტრა

კარგი ტაქტიკოსი, მაგრამ ცუდი სტრატეგი - ვინ არის ვლადიმირ პუტინი?

"კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს" - ეს არის ანდაზა, რომელიც გენიალურად აღწერს როგორც ზოგადად რუსულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ისე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ხასიათსა და მიდგომებს.

ჩემს გადაცემაში ხშირად მყავს ხოლმე სტუმრად საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი. გუშინდელი გადაცემისას და გადაცემის შემდეგაც ვსაუბრობდით რუსეთთან ურთიერთობაზე. საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი არის ძალიან ცუდი, როდესაც საქმე ეხება სტრატეგიას, მაგრამ არის ძალიან კარგი ტაქტიკოსი. ეს ხედვაც ზუსტად შეეფერება იმას, რაც გუშინ ჩვენ ყველამ ვნახეთ პუტინისგან.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი წამყვანის სრულიად მიუღებელმა მიმართვამ. ბუნებრივი იყო, რომ ამას უნდა მოჰყოლოდა პასუხი რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან - ეს იყო მისი პირადი შეურაცხყოფა და არ აქვს მნიშვნელობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა რუსეთის სახელმწიფო დუმა ან რა განცხადებებს გააკეთებდნენ სხვა პოლიტიკოსები. აუცილებელი იყო "რუსთავი 2-ის" უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალურ განცხადებაზე პასუხის გაცემა რუსეთის სახელმწიფოს პირველი პირის მხრიდან.

მაგრამ როგორი უნდა ყოფილიყო ეს პასუხი?

ან დამატებითი სანქციები, ან ის რაც ვნახეთ. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, არ ღირს სანქციების შემოღება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში აქეზებს ხალხი, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ ვნებენ ქვეყანას.

ალბათ, ეს იყო პუტინისთვის სწორი პოლიტიკური განცხადება, მაგრამ მალევე, ყველამ ვნახეთ მისი მეორე განცხადება, რომლითაც როგორც იტყვიან, ცივი წყალი გადაასხა ყველაფერ იმას, რისი გაკეთებაც და რისი მიღწევაც სურდა.

"ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (მგონი სწორად მახსოვს) 1774 წელს. შევიდა მთლიანად, როგორც სამხრეთი, ასევე ჩრდილოეთ ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს ასევე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. მოგვიანებით მოვლენები მიმდინარეობდა ერთიანი სახელმწიფოს ჩარჩოებში - ოსეთის სამხრეთი ნაწილი შევიდა ტიფლისის გუბერნიის შემადგენლობაში (არავითარი საქართველო არ იყო, ტიფლისის გუბერნია). აფხაზეთი ვითარდებოდა შემდეგნაირად: როდესაც ინგრეოდა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა. შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია. ოკუპანტები ძალიან სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად იქცეოდნენ ქართული ჯარები ოსეთში 1919 და 1920 წლებში. ეს არსობრივად იგივეა, რასაც დღეს გენოციდი ჰქვია. კარგი იქნება ამ ყველაფრის ცოდნა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ამის დავიწყება არასოდეს არ შეიძლება, თუ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ურთიერთობის მოგვარება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან. საბჭოთა კავშირის დროს სხვათა შორის, ჯერ ჩამოყალიბდა ხელშეკრულების საფუძველზე საკავშირო სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო. ეს საქართველოც არ იყო. სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ნაწილიც გახდა აფხაზეთი და სხვათა შორის, ჩვენი ადამიანის უფლებათა დამცველები ამას რატომღაც არასდროს აქცევენ ყურადღებას. ეს გასაკვირიც არის, მაგრამ სტალინის ბრძანებით "ენკავედემ" ბერიას ხელმძღვანელობით ძალიან მკაცრი ზომები მიიღო აფხაზების მიმართ, ძალიან მკაცრი, ახლა არ მინდა ამის მოყოლა (გახმოვანება) - საქართველოს მიერ ამ ტერიტორიის ჩასაყლაპად და აფხაზი ხალხის. ეს მძიმე მემკვიდრეობა არათუ გაითვალისწინა, არამედ სრულად უგულვებელყო თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა, როდესაც საერთოდ გააუქმა ყოველნაირი ავტონომია, აჭარისაც, აფხაზეთისაც და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა გამოიწვია აფეთქება და ძმათამკვლელი ომი", - განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან.

ძნელი სათქმელია რამდენად გაითვალისწინებს ან არ გაითვალისწინებს დუმას ხედვას სანქციებთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობა და დამტკიცდება თუ არა საქართველოსთან მიმართებით ახალი სანქციები. შეიძლება ახალი სანქციები მაინც დამტკიცდეს (და ეს იქნება დადგმული სპექტაკლი) - დუმამ პრეზიდენტისა და რუსეთის შეურაცხყოფის გამო სანქციების მიღებას მხარი დაუჭირა, პრეზიდენტი "საქართველოსადმი დამოკიდებულების გამო" ამას არ ემხრობა, მაგრამ მთავრობა დაარწმუნებს მას სანქციების აუცილებლობაში და ისიც "თავისი ნების საწინააღმდეგოდ", ხელს მოაწერს სანქციების შემოღების განკარგულებას.

ესეც ძალიან კარგი ტაქტიკური სვლა იქნება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ვერაფერს შეცვლის - რუსული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის იგივე იქნება.

ასეთ დროს რა უნდა ქნას საქართველომ?

ეს შეკითხვა გასულ თვეში გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს დავუსვი ინტერვიუში. გთავაზობთ ციტატას:

"პირველი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის კარგი ურთიერთობების შენარჩუნება რუს ხალხთან და რუს ვიზიტორებთან, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩამოდიან. ისინი ჯერ კიდევ აქ არიან და ვიმედოვნებ, რომ დიდი ნაწილი მომავალშიც გააგრძელებს აქ ჩამოსვლას. თითოეულ ქართველს საკუთარი წვლილის შეტანა და ქართული რბილი ძალის გაზრდა შეუძლია რუსებთან საუბრითა და იმის ახსნით, თუ როგორ უყურებენ ქართველები ამ საკითხებს და ბევრი რუსი ამას გაიგებს. ფაქტობრივად, ეს არის სუპერშესაძლებლობა ხალხებს შორის დიპლომატიისთვის. ამას სახალხო დიპლომატიას დავარქმევდი."

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს