რუსული С-400-ები უკვე თურქეთშია - რა ეშველება აშშ-თურქეთის ჩიხში შესულ ურთიერთობებს? - კვირის პალიტრა

რუსული С-400-ები უკვე თურქეთშია - რა ეშველება აშშ-თურქეთის ჩიხში შესულ ურთიერთობებს?

დღეს თურქეთში საკმაოდ მნიშვნელოვანია დღეა - 15 ივლისი, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამი წელი გავიდა. ამ სამი წლის განმავლობაში თურქეთის პრეზიდენტმა მოახერხა და ქვეყანა ავტორიტარულ რელსებზე დააყენა. დააპატიმრეს და სამსახურიდან გაანთავისუფლეს ათობით ათასი ადამიანი, საუბარი აღარაა იმაზე, თუ როგორ გამოჰქონდა სასამართლოს განაჩენი და როგორ მიმდინარეობდა დაკითხვები. იყო ძალადობა და ამის არაერთი მაგალითი არსებობს...

თუმცა დღევანდელი დღის მნიშვნელობას ამძაფრებს ის პროცესი, რომელიც 12 ივლისს დაიწყო და როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, სრულად 2020 წლის აპრილისთვის უნდა დასრულდეს. ლაპარაკია თურქეთში რუსული საზენიტო-სარაკეტო დანადგრების С-400-ების მიწოდების დაწყებაზე. გასული შაბათ-კვირის განმავლობაში რამდენიმე რეისი განხორციელდა და თურქეთმა უკვე მიიღო შეიარაღების საკმაოდ მსხვილი ნაწილი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის და რუსული იარაღის სრულად ასამოქმედებლად დრო არის საჭირო.

საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად ამეირიკის შეერთებული შტატების მუქარისა სანქციებთან დაკავშირებით, მთელი ეს პერიოდი თურქეთის მხარე აცხადებდა, რომ С-400-ების შეძენა გადაწყვეტილი და დასრულებული საქმე იყო და ვერავითარი საქნციები ამას ვერ შემოაბრუნებდა. თავის მხრივ, ამერიკული მხარე ხან სანქციებით იმუქრებოდა, ხან უფრო სარფიან შეთავაზებას აკეთებდა თურქეთის მიმართ, რათა მათ რუსულის მაგივრად ამერიკული ანალოგები MIM-104 Patriot-ები შეეძინათ. დიდი ოცეულის სამიტზე ორმხრივი შეხვედრისას დონალდ ტრამპმა თაიფ ერდოღანთან საუბრისას ისიც კი განაცხადა, რომ თურქეთის ასეთი გადაწყვეტილება ამერიკის წინა ადმინისტრაციის ბრალი იყო და პასუხისმგებლობა ბარაკ ობამას აჰკიდა. თუმცა მაინც არაფერმა არ გაჭრა.

С-400-ების შეძენა შეიძლება აიხსნას, როგორც ერთი მხრივ, თანამედროვე შეიარაღების მიღება თურქეთის მხრიდან, თანაც საკმაოდ იაფად ამერიკულ ანალოგთან შედარებით, მეორე მხრივ კი რეჯეფ თაიფ ერდოღანის სურვილით, აწარმოოს უფრო მეტად დამოუკიდებელი პოლიტიკა და ახლო აღმოსავლეთში წამყვანი ძალა გახდეს.

რატომ შეიძლება გასჩენოდა სურვილი თურქეთის პრეზიდენტს უფრო მეტად დამოუკიდებელი პოლიტიკა ეწარმოებინა?

ეს შეიძლება აიხსნას ერდოღანის ხასიათით. შემთხვევით არ ხდება, რომ მას ხშირად ადარებენ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, რომელნიც ასევე საკმაოდ დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ და დასავლეთთან მიმართებით მტრული პოლიტიკა აქვთ. ეს უფრო მეტად რუსეთს შეეხება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რამდენიმე წელიწადში ჩინეთიც ასევე დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს, მით უმეტეს ტაივანთან ამერიკის მიერ წარმოებული პოლიტიკის ფონზე ...

არის კიდევ ერთი ფაქტორი - С-400-ების შეძენა არის პოლიტიკური განაცხადი შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მიმართ, რომ თურქეთი დამოუკიდებლად წყვეტს საკუთარი ქვეყნისთვის რა არის უკეთესი და ვისთან იქონიოს ურთიერთობა.

არის მეორე ახსნაც - ერდოღანი ხედავს, რომ დასავლეთის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების პასუხები ავტორიტარული რეჟიმების მიმართ არც ისე მკაცრია ხოლმე, ხოლო თუ ძალიან მკაცრია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი მაინც რბილდება და იცვლება (ასეთი პოლიტიკის კარგი მაგალითია რუსეთის დაბრუნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რაც გერმანიამ და საფრანგეთმა იმით ახსნეს, რომ რუსეთის 140 მილიონ ადამიანს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოზე წვდომა ჰქონოდა. კი მაგრამ, როცა 2014 წელს წევრობა შეუჩერეს რუსეთს, მაშინ არ სჭირდებოდა 140 მილიონ ადამიანს ადამიანის უფლებების სასამართლო?).

ერდოღანი ასევე ხედავს, თუ რა მოხდა სირიაში - რუსეთმა საერთაშორისო სანქციებისა და ევროკავშირი-შეერთებული შტატების მქუხარე მუქარების მიუხედავად თავისი გაიტანა და ასადი დატოვა ხელისუფლებაში, მეორე მხარე კი ამას შეეგუა... ერდოღანი ხედავს, რომ ასევე მქუხარე განცხადებების მიუხედავად, ამერიკულმა პოლიტიკამ ჯერჯერობით ვერც ვენესუელაში მოიტანა შედეგი - ნიკოლას მადურო ისევ ხელისუფლებაშია, ხუან გუაიდო კი ნელ-ნელა ყველას ავიწყდება. ხედავს და ალბათ საკუთარ თავს ეკითხება - თუ "გასდის" ვლადიმირ პუტინს, "გასდის" ბაშარ ასადს, "გასდის" მადუროს, მაშინ თავად რატომ არ უნდა მოიქცეს ასე? მით უმეტეს, ნატო-დან მას ჯერჯერობით ვერ გააგდებენ, სანქციები კი ადრე თუ გვიან შერბილდება.

არის მეორე მხარეც - ის რასაც ერდოღანი ვეღარ ხედავს. სიმბოლური სანქციებიც კი თურქეთის ისედაც დაღმავალ ეკონომიკას ძალიან რთულ ვითარებაში ჩააგდებს. ყველას გვახსოვს გასული წლის აგვისტოში ამერიკის მიერ დაწესებული სიმბოლური სანქციები თურქეთისთვის, რამაც თურქულ ვალუტაზე დამანგრეველი გავლენა მოახდინა...

უნდა აღინიშნოს ერთიც - ახლა შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ჩიხში შევიდა - თურქეთი С-400-ებს უკან აღარ გაგზავნის, ამერიკა კი სანქციების დაწესებას გვერდს ვერ აუქცევს. პირიქით, ყოველი პაკეტის შემდეგ დამატებითი სანქციების დაწესება იქნება აუცილებელი, რათა ერდოღანს აზრი შეაცვლევინონ.

როდის ველოდოთ ამერიკულ სანქციებს? სავარაუდოდ, კვირის ბოლოს, ვინაიდან დღეს თურქეთში სამხედრო გადატრიალების სამი წლისთავია, ამ დღეს სანქციების გამოცხადება კი ახალ შესაძლებლობას მისცემს ერდოღანს აკრიტიკოს ამერიკა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს