ახლების ტრიუმფი და ძველების მარცხი - რა მოხდა უკრაინის არჩევნებზე და როგორ წარიმართება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბედი?
22-07-2019
ახლების ტრიუმფი და ძველების მარცხი - რა მოხდა უკრაინის არჩევნებზე და როგორ წარიმართება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბედი?
უკრაინაში 21 ივლისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და შეიძლება ითქვას, რომ შედეგები სავსებით მოსალოდნელი იყო.
პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ "ხალხის მსახური" ხმათა უმრავლესობა მიიღო და ხმების 50%-ზე მეტის დათვლის შედეგად 42.44% დააგროვა. ძალიან დიდი სხვაობით, მაგრამ მეორე ადგილზე გავიდა პრორუსული პარტია - "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის", რომელიც უკრაინელ ოლიგარქსა და რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირს ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ რამდენიმე ადამიანს ეკუთვნის. მათ ხმების 12.87% მიიღეს. ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს "ევროპულმა
სოლიდარობამ" 8.65% მიიღო, თუმცა უნდა ითქვას, რომ საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე მან გაიმარჯვა. იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინამ" 8.02% მიიღო, მეხუთე ადგილზე კი ასევე ახლად შექმნილი პარტია გავიდა - მომღერალ სვიატოსლავ ვაკარჩუკის "ხმა" 6.39%-ით.
სვიატოსლავ ვაკარჩუკი
რა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები შეიძლება მცირედით შეიცვალოს, მაგრამ რეალური სურათი შემდეგნაირია
- რადაში ყველაზე ძლიერი პარტია "ხალხის მსახური" იქნება, რომელიც სავარაუდოდ მისთვის ყველაზე უფრო "ახლობელ" პარტიასთან "ხმასთან" შეკრავს კოალიციას და მყარი უმრავლესობა ექნება.

ძალიან საინტერესო და ყურადღება მისაქცევია ის, თუ როგორ დასრულდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ავანტიურა (ყოველ შეთხვევაში, ერთი სტადია მაინც) - მისმა "ახალი ძალების მოძრაობამ" მხოლოდ 0.48% მიიღო.

დაბალი, უფრო სწორად პრაქტიკულად მხარდაჭერის არქონას ზოგიერთი იმით ხსნის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის დრო არ რჩებოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მის პარტიას და არც მას დიდი მხარდაჭერა არც ჰქონია.
ვლადიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად არჩევნებზე
20 ივლისს მან მხარდამჭერებს პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შეიძლება ითქვას, რომ მან "ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა" - ხვდებოდა, რომ მხარდაჭერას ვერ მიიღებდა, ამიტომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მხარდაჭერა გამოუცხადა "ხალხის მსახურს". ეს იყო ერთგვარი მცდელობა მოსალოდნელი და საკმაოდ რეალური მარცხი რაიმეთი გაემართლებინა. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ამბიციები რომ არ ჰქონოდა და რეალურად ჰქონოდა ვლადიმირ ზელენსკის მხარდაჭერის სურვილი, მას და მის პარტიას უკრაინაში ჩასვლისთანავე დაუჭერდა მხარს და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას აღარ დაიწყებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მიშა მიშა აღარ იქნებოდა...

რაც შეეხება ვლადიმირ ზელენსკის - რაში უნდა სჭირდებოდეს მას მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა, როცა მოსახლეობის უმრავლესობამ (70%-ზე მეტმა) საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი სხვაობით ლიდერობდა გამოკითხვებში და შედეგიც შესაბამისი მიიღო? პასუხი მარტივია - არაფერში.

ახლა როგორ წარიმართება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბედი ძნელი სათქმელია, თუმცა მას ალბათ არავინ არ მიაკარებს ხელისუფლების არც ერთ შტოს. ის იქნება ერთ-ერთი "გაკოტრებული" პოლიტიკოსი, რომელიც თავისი ხასიათიდან გამომდინარე, მშვიდად ვერ გაჩერდება და დრო და დრო მოაწყობს ხოლმე რაიმე აქციას ან გამოსვლებს ხან პრეზიდენტ ზელენსკის მხარდასაჭერად, ხან შეიძლება მის წინააღმდეგაც. ის ხომ იმ მორიელს ჰგავს, რომელიც კუს ზურგზე შეჯდა მდინარის გადასაცურად, მაგრამ მასვე დაუწყო კბენა...
მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე
რაც შეეხება მოლოდინებს. უნდა აღინიშნოს, რომ დასავლური მედია და ექსპერტები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და არჩევნებში დემოკრატიის გამარჯვებას ხედავენ, რუსული მედია და ექსპერტები კი სკეპტიკურად არიან განწყობილი და თვლიან, რომ პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგები არჩევნების შემდეგ მალევე დაიწყებს კლებას. ამას იმით ასაბუთებენ, რომ როგორც მისი, ისე პარტია "ხმა" პოპულისტური პარტიებია და არ აქვთ ის გამოცდილება, რაც ქვეყანას სჭირდება.

ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგება უკრაინაში. ახალი პრეზიდენტის ახალ პარტიას ყველანაირი შანსი აქვს იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, ებრძოლოს კორუფციას და პირველ რიგში ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზე იზრუნოს.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, დონბასში ცეცხლის შეწყვეტას, იქ უკრაინის კონტროლის დამყარებას და ყირიმის დაბრუნებას - ქართულ გამოცდილებაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ამას სამწუხაროდ ათწლეულები დასჭირდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ნაკლებ სავარაუდოა ევროკავშირის დიდი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს უკრაინას (და საქართველოსაც, სხვათა შორის). ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნება ევროკავშირის მხრიდან "წინასაარჩევნო" საჩუქარი და ალბათ მინიშნებაც იყო ვლადიმირ ზელენსკისთვის - დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროებში, მაგრამ რადიკალურ ნაბიჯებს რუსეთთან მიმართებით არ გადადგამს.

როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა? - თუ გავითვალისწინებთ ირანთან, ჩინეთთან, ევროკავშირთან მიმდინარე პროცესებს და ზოგადად, ახლანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას, მხოლოდ შეკითხვები თუ გაჩნდება უკრაინასთან მის პოლიტიკასთან მიმართებით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
!
23 ივლისი 2019 09:49
უკრაინა სცენაა სადაც დაიწყება დიდი წარმოდგენა. ხალხი მზადაა სანახაობისთვის
nini
22 ივლისი 2019 23:29
უკრაინელი ხალხი არასერიოზული მეგონა, ნაცებმა წარმოდგენა დამაკარგვინეს მათზე, მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ ასე არაა, მიშამ ს არჩევნებში ხმები ვერ აიღო,უკრაინელები არც ისე სულელები ყოფილან.
გიორგი
22 ივლისი 2019 16:08
ზელინსკი მიშაზე გიჟი მგონია

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?