შეერთებული შტატები ირანთან ომს აპირებს? - კვირის პალიტრა

შეერთებული შტატები ირანთან ომს აპირებს?

სურს შეერთებულ შტატებს ირანთან ომი? - ერთი შეხედვით, მას ეს ნამდვილად არ სურს და ძნელი სათქმელია საერთოდ შეუძლია თუ არა. თეორიულად, რა თქმა უნდა შეუძლია და ირანთან შედარებით ამერიკის სამხედრო ძალები როგორც მომზადებით, ისე ტექნიკური თვალსაზრისით ბევრად წინ არიან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებს ჯარების გაყვანა სურს ავღანეთიდან (მაგრამ ჯერ არ გამოსდის და გამოუვა თუ არა ძნელი სათქმელია), ასევე ოფიციალურად გაცხადებული აქვს რომ სირიიდანაც სურს ჯარების გაყვანა (მაგრამ არც ეს გამოვიდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნაჩქარევი განცხადების ან მზადყოფნის არქონის გამო) - ირანთან რაიმე კონფლიქტის დაწყება ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. მით უმეტეს, ეს პირდაპირ აისახება დონალდ ტრამპის იმიჯზეც - მისი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ამერიკული ჯარების გამოყვანა იყო საზღვარგარეთის კონფლიქტებიდან...

გარდა ამისა, ირანთან ომი არც ადვილი არ იქნება. ირანთან ომი ან თუნდაც წერტილოვანი დარტყმები ძალიან დიდ უარყოფით შედეგებს გამოიღებს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ეს შედეგები იქნება როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის, ისე ეკონომიკური. ამის კარგი მაგალითია სპარსეთის ყურეში განვითარებული მოვლენები და იმის ცხადი დასტური, რომ ურთერთობების დაძაბვის შემთხვევაში, ირანი, როგორც ამბობენ, „ვა ბანკზე წავა“ და ნამდვილად არ არის გამორიცხული სრულიად ჩაკეტოს სრუტეში მოძრაობა, რასაც თავისი უარყოფით შედეგები ექნება ნავთობით ვაჭრობასა და ზოგად ეკონომიკურ ვითარებაზე.

ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ომი არ სურთ არც ირანში და მათი ოფიციალური პირების განცხადებით, რასაც აკეთებენ მხოლოდ საპასუხო ნაბიჯებია შეერთებული შტატების მიერ მიღებულ ზომებზე. აქ აღარ შევუდგები იმაზე ლაპარაკს, რომ ურთიერთობები შტატებსა და ირანს შორის დაიძაბა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა გადაწყვიტა...

ამის შემდეგ ამერიკის ხელისუფლებამ რადიკალური ზომების მიღება დაიწყო - პირველი ასეთი ზომა შეეხო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს. 8 აპრილს დონალდ ტრამპმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო, რაც უპრეცედენტო ნაბიჯი იყო - ამერიკამ სხვა სახელმწიფოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურა პირველად აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად.

1-ელ აგვისტოს კი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ეს გულისხმობს იმას, რომ ზარიფის ანგარიშები ამერიკაში და ამერიკულ დაწესებულებებში გაიყინება, შეიზღუდება მისი მიმოსვლა შეერთებულ შტატებში, იმ ადამიანებს ან კომპანიებს, რომელთაც ზარიფთან ურთიერთობა ექნებათ, მათაც სანქციების საფრთხე დაემუქრებათ შეერთებული შტატების მხრიდან. ამან შეიძლება გაამწვავოს ზარიფის საქმიანი ვიზიტები ან მოგზაურობა სხვა ქვეყნებში. მაგალითისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა ბერლინში და შეხვდა თავის კოლეგას ან პირიქით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მესამე ქვეყანაში შეხვდა ჯავად ზარიფს - როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების ხელისუფლება?

ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ არის, ისევე როგორც არ არის ცნობილი, დაუშვებენ თუ არა ზარიფს ნიუ იორკში არსებულ გაერო-ს შტაბბინაში, სადაც სექტემბერში გენერალური ასამბლეა უნდა დაიწყოს.

ჩნდება მთავარი შეკითხვა - შეერთებულ შტატებს ნამდვილად არ სურს ომი ირანთან? ფაქტია, რომ ამერიკას და ნუ დაგვავიწყდება, რომ ისრაელსაც სურთ ირანში რეჟიმის შეცვლა, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? საერთოდ როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებების პროცესი ირანსა და ამერიკას შორის? ხომ არ არის ეს იმის ნიშანი, რომ შეერთებულ შტატებს საერთოდ არ სურს მოლაპარაკებები ირანთან?

ამ შეკითვებზე პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ შესაძლო, თეორიული მოლაპარაკებებიც კი ირანსა და ამერიკას შორის ახლა უკვე პრაქტიკულად წარმოუდგენელი ხდება - ირანის როგორც პრეზიდენტს ისე სხვა ოფიციალურ პირებს გაცხადებული აქვთ, რომ ბირთვულ შეთანხმებაზე ხელახალ მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ, თავის მხრივ კი ამერიკას აქვს ძალიან მკაცრი მოთხოვნები, რაზე თანხმობაც ასევე რთული წარმოსადგენია.

რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მოჰამედ ჯავად ზარიფისთვის სანქციების დაწესებამ?

თუ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაგალითს გავიხსენებთ, რომლის შემდეგაც ირანმა შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, ხელისუფლება კი ტერორიზმის დამფინანსებლად აღიარა, არ არის გამორიცხული შტატების სახელმწიფო მდივნის წინააღმდეგ ახლა უკვე ირანელებმა დააწესონ მსგავსი სანქციები. ამის შემდეგ საერთოდ ძნელი წარმოსადგენი იქნება როგორ შეიძლება ორი მხარის მოლაპარაკებები განვითარდეს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს