ამერიკული და რუსული რაკეტების ევროპული პოლიგონი - რას ნიშნავს INF Treaty-ს გაუქმება?
05-08-2019
ამერიკული და რუსული რაკეტების ევროპული პოლიგონი - რას ნიშნავს INF Treaty-ს გაუქმება?
მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, მეორე მსოფლიო ომისა თუ ცივი ომის შემდეგ პერიოდში შექმნილი რეალობა კი ამ გამოწვევებს უფრო და უფრო ზრდის. ეს გამოწვევები ერთი მხრივ ტექნოლოგიური წინსვლისა და მიღწევების ბოროტად გამოყენებას უკავშირდება (მაგალითად, სოციალური ქსელებით სარგებლობა სხვა ქვეყნებში ამომრჩევლებზე ზემოქმედებისთვის), მეორე მხრივ კი ისეთი ქვეყნების განვითარებას და გაძლიერებას, რომლებიც ცივი ომის პერიოდში დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

ასეთი ქვეყნებია: ჩინეთი, რომელიც დიდ ეკონომიკურ და სამხედრო გამოწვევას წარმოადგენს; ირანი,
რომელიც მიილტვის ბირთვული იარაღის შექმნისკენ და ამით როგორც თავად აღნიშნავენ, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფიკენ; ჩრდილოეთ კორეა, რომელმაც, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბოლო კვირის განმავლობაში სამჯერ გამოსცადა მცირე სიშორის რაკეტები; რუსეთი, რომელიც აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ საშუალებებს გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს,
გამოწვევას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომლის მოქმედებებსაც ბევრი აკვირდება და რომელიც ხანდახან არც თუ ისე დადებით მაგალითს აძლევს ხოლმე მოკავშირეებსა თუ მოწინააღმდეგეებს (მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ 2019 წლის 25 მარტს, ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაციის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება. ასევე შეიძლება ჯამალ ხაშოგის, საუდელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმის გახსენება გასული წლის ოქტომბერში, რომელიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა ან იემენის გახსენება, რომელსაც საუდის არაბეთი ბომბავს, მაგრამ შეერთებული შტატების მოკავშირეობით მაინც სარგებლობს).

კიდევ ერთი გამოწვევა არის შეიარაღების კონტროლი, რომლის წარმოებაც და მიწოდებაც დღევანდელ რეალობაში ალბათ უფრო გამარტივდა. შეიარაღების კონტროლისთვის გაფორმდა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება (INF Treaty) 1987 წლის 8 დეკემბერს. ამ შეთანხმებამ 2019 წლის 2 აგვისტოს დაასრულა არსებობა. ამერიკის მხარე რუსეთს ადანაშაულებს შეთანხმების დარღვევაში (მათი თქმით, 9M729 ტიპის რაკეტები შეთანხმებას არ არღვევს, ვინაიდან მათი მოქმედების რადიუსი 480 კილომეტრია, ამერიკული მხარე კი აცხადებს, რომ მცირე მოდიფიცირების შემთხვევაში მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრს გადააჭარბებს, შესაბამისად, ირღვევა შეთანხმება), რუსეთი ამერიკას ადანაშაულებს და ბრალდებას უარყოფს, თუმცა ორივე მხარე აღიარებს, რომ კარგი იქნებოდა შესაძლო ახალ შეთანხმებაში (რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერი ზოგადი განცხადებების ფონზე არსებობს) ჩინეთიც შევიდეს.

დღევანდელი რეალობიდან გამომრინარე, ძნელი სათქმელია მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. რუსეთსა და ამერიკას შორის რაიმე არსებით მოლაპარაკებებზე საუბარი ალბათ შეუძლებელია ურთიერთსაპირისპირო ინტერესების ფონზე, ასევე შეუძლებელია რაიმე სამხედრო შეთანხმებაზე საუბარი ჩინეთსა და ამერიკას შორის მიმდინარე „სავაჭრო ომის“ ფონზე. რატომ უნდა მოინდომოს ჩინეთის ხელისუფლებამ რაიმე შეთანხმებაზე მოლაპარაკება მაშინ, როდესაც მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონელზე ამერიკას დამატებითი გადასახადები აქვს დაწესებული?

შესაბამისად, რაიმე ახალ შეთანხმებაზე ლაპარაკი ახლო მომავალში შეუძლებელია. ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს რუსეთის საზღვრებთან ახალი შეიარაღების გაჩენას, ევროპის ქვეყნების საზღვრებთან ახალი რუსული რაკეტების გაჩენას და ა.შ.

ის, რომ რაკეტების განლაგება ამერიკის ინტერესებშიც შედის საიდუმლოს არ წარმოადგენს - ამერიკის თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის სიტყვებში კარგად გამოჩნდა აზიაში საშუალო სიშორის რაკეტების განლაგების სურვილი. ჯერჯერობით უცნობია რა ტერიტორიებზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ ეს ჩინეთის ხელისუფლებაში საპასუხო ნაბიჯების გადადგმის სურვილს ნამდვილად გამოიწვევს.

ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიოში ახალი პოლიტიკური წესრიგის ფორმირება მიმდინარეობს და დიდ სახელმწიფოებს საკუთარი ადგილის დამკვიდრება სურთ. განსხვავებით ცივი ომის შემდგომი პერიოდისგან, ახლა ასეთი მხარეების რიცხვი მეტია - ევროპის ქვეყნებს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ახლა უკვე ჩინეთი შეუერთდა, მათ გარდა კი არსებობენ ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც გლობალურ ჭიდილში მონაწილეობის რესურსები არ აქვთ, მაგრამ რეგიონალურ დონეზე სურთ დომინირების მიღწევა. ასეთები არიან: თურქეთი, ირანი და სხვები.
ახლო მომავალში მათ შორის სამხედრო დაპირისპირების შესაძლებლობა მცირეა (თუ არ ჩავთვლით ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ვითარებას), მაგრამ ახალი წესრიგის ფორმირებას ინტერესთა კონფლიქტიც ახასიათებს. მაგრამ რამდენად შეძლებენ აღნიშნული ქვეყნების ლიდერები ინტერესთა კონფლიქტის ხელშეკრულებებით, მშვიდობიანი გზით მოგვარებას, რთული სათქმელია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?