"დიდი შვიდეულის" სამიტი და "ცარიელი მოსაწვევი" პუტინისთვის, ანუ დონალდ ტრამპი, როგორც "განხეთქილების ვაშლი"? - კვირის პალიტრა

"დიდი შვიდეულის" სამიტი და "ცარიელი მოსაწვევი" პუტინისთვის, ანუ დონალდ ტრამპი, როგორც "განხეთქილების ვაშლი"?

დაძაბული ურთიერთობები ირანთან, სავაჭრო ომი ჩინეთთან, ხანძარი ამაზონის ტყეში, ბრექსიტი, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების შესაძლო სავაჭრო შეთანხმება, რუსეთის დაბრუნება "კლუბში" - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც უკვე მეორე დღეა საფრანგეთში, ბიარიცში დიდი შვიდეულის (შეერთებული შტატები, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა) ქვეყნების ლიდერები მსჯელობენ. ადვილი დასანახია, რომ ამ საკითხებზე საერთო აზრს ქვეყნების ლიდერები ვერ მიაღწევენ, შესაბამისად, სამიტის ბოლოს ერთობლივ სიმბოლურ შეთანხმებაზე ხელმოწერა არ იგეგმება ისევ და ისევ უთანხმოებების თავიდან ასაცილებლად.

  • მართლაც, როგორ უნდა შეთანხმდნენ ამერიკის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები ჩინეთთან დაკავშირებით სავაჭრო ურთიერთობებზე, მაშინ როცა ამერიკას ცხარე სავაჭრო ომი აქვს გაჩაღებული ირანთან და 1-ლი ოქტომბრიდან $550 მილიარდის ოდენობის ჩინურ პროდუქციაზე გადასახადები გაიზრდება, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კი ღრმავდება?
  • ან როგორ უნდა მივიდნენ ერთ ხედვამდე ამერიკის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, მაშინ როცა გერმანია გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2" მშენებლობას აგრძელებს, ქვეყნის ბიუჯეტიდან სამხედრო ხარჯები 2%-ს არ უტოლდება, დონალდ ტრამპს კი ამ თემებზე სრულიად განსხვავებული და საპირისპირო მოსაზრებები აქვს?
  • ან როგორ უნდა შეთანხმდნენ ირანთან დაძაბულობის მოგვარებაზე, მაშინ როცა ისევ და ისევ ამერიკის პრეზიდენტს ძალიან ხისტი პოზიცია აქვს, ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას უჭერენ მხარს და ირანთან ზომიერი ურთიერთობების შენარჩუნებას ემხრობიან?

ამ თემებზე უკვე დიდი ხანია უთანხმოება არსებობს და ბუნებრივია, ვერც ბიარიცის სამიტზე მიაღწევენ საერთო აზრს.

ალბათ ყველაზე რეზონანსული იყო რუსეთთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები. როგორც ცნობილია, რუსეთი 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების, ყირიმის შეერთებისა და ქვეყნის აღმოსავლეთში გაჩაღებული ომის გამო დიდი რვიანის "კლუბიდან" გარიცხეს, მაგრამ მის წევრობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მაინც დაისვა. დონალდ ტრამპმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ ვლადიმირ პუტინი, სტუმრის სტატუსით, "დიდი შვიდეულის" მომდევნო შეხვედრაზე მიიპატიჟოს, მომდევნო შეხვედრა კი შეერთებულ შტატებში გაიმართება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ტრამპის ეს განცხადება უბრალო ვარაუდის დონეზე გაკეთდა, ისეთივე დონეზე, როგორც ის აცხადებს ხოლმე კარგ და მეგობრულ ურთიერთობებზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ან ჩინეთის პრეზიდენტთან. ამ განცხადების შემდეგ მკაცრად უარყო "კლუბში" რუსეთის დაბრუნების შესაძლებლობა ევროსაბჭოს პრეზიდეტმა დონალდ ტუსკმა და როგორც აღნიშნა, უფრო მეტი მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ რუსეთი დიდი შვიდეულის გარეთ დარჩეს, ვიდრე დაბრუნდეს.

განცხადებები განცხადებებად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან მართლაც ყველაფერია მოსალოდნელი. არავინ ელოდა, რომ ის ჩრდილოეთ კორეის საზღვარს გადაკვეთდა, თუმცა ის კიმ ჩენ ინმა სტუმრად მიიღო. ასეთი მაგალითების ჩამონათვალი ბევრია და შორს წაგვიყვანს, მაგრამ მაინც რა შეუშლის ხელს დონალდ ტრამპს მომავალ სამიტზე სტუმრის სტატუსით რუსეთის პრეზიდენტიც დაპატიჟოს?

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ-ევროპული ერთიანობა რუსეთთან მიმართებით თითქოს შენარჩუნებულია, მაგრამ სიმყარეს კარგავს. ამაზე მეტყველებს სამიტამდე საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე 19 აგვისტოს გაკეთებული განცხადებები.

მაკრონის მიერ საუბარი რუსეთის "ღრმა ევროპულობაზე" და იმაზე, რომ ევროპა ლისაბონიდან იწყება და ვლადივასტოკამდე გრძელდება ვერ ჩაითვლება უბრალო, დიპლომატიურ განცხადებად, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ზრდილობის გამო წარმოთქვა, მით უმეტეს, რომ ასეთი განცხადებები შემთხვევით არასდროს არ კეთდება. დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი

ჩვენი აზრით, ეს არის ზოგადი პასუხი ამერიკის პრეზიდენტის მიერ დაწყებულ საგარეო პოლიტიკაზე, რომელსაც ევროპის ქვეყნები არ ეთანხმებიან სავსებით გასაგები მიზეზების გამო - რუსეთთან ურთიერთობების ზედმეტად გაფუჭებით უკვე ევროპის ქვეყნებიც იზარალებენ, როგორც ეკონომიკურად ისე პოლიტიკურად. ის მეგობრული ურთიერთობები და საერთო პოლიტიკის გატარება ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ნელ-ნელა სუსტდება და ეს ტენდენცია, თუ დონალდ ტრამპი მეორე ვადით გახდება ამერიკის პრეზიდენტი (და დიდი ალბათობით გახდება), შენარჩუნდება.

ამ შემთხვევაში კი ევროპის ქვეყნებს, პირველ რიგში კი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, ისეთებს, როგორებიც არიან საფრანგეთი და გერმანია, დასჭირდებათ ბიზნეს პარტნიორი - ქვეყანა, სადაც საკუთარ პროდუქციას გაიტანენ და გაყიდიან. თუკი ამეირკის პრეზიდენტი სავაჭრო ომს ევროპის ქვეყნებთანაც გააგრძელებს (და დიდი ალბათობით ასეც იქნება), მაშინ განვითარებული ეკონომიკის მქონე ევროპის ქვეყნები იძულებული იქნებიან ალტერნატიული ბაზარი ეძებონ რუსეთის (და არა მარტო) სახით. ეს კი ზოგიერთი სანქციის შერბილებასა და გარკვეული პრაგმატული ნაბიჯების გადადგმას გამოიწვევს. ერთი ასეთი ნაბიჯი, რუსეთის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება იყო.

ასევე კამათის საგანს წარმოადგენს ბრექსიტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები. უნდა აღინიშნოს, რომ ბრექსიტი ისედაც უთანხმოების საგანი იყო როგორც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს შორის, ისე თავად პოლიტიკოსებს შორის დიდ ბრიტანეთში. ბორის ჯონსონი და დონალდ ტრამპი

შორს რომ არ წავიდეთ, ახალი უთანხმოება გამოიწვია პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებამ იმაზე, რომ შეთანხმება ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის უნდა შეიცვალოს, კერძოდ ე.წ. "ბექსთოფის", ანუ სათადარიგო გეგმა უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ის დიდი ბრიტანეთის ინტერესებს არ ემსახურება. სათადარიგო გეგმის მიზანია, რომ საზღვარი ირანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის არ უნდა ჩაიკეტოს.

რამდენად მიაღწევს ბორის ჯონსონი მიზანს ძნელი სათქმელია, ვინაიდან ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია შეთანხმების გადახედვას ან შეცვლას არ ითვალისწინებს. ჯონსონი კი ასეთ შემთხვევაში ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლით იმუქრება, ეს კი დამატებით პრობლემებს შექმნის ისედაც პრობლემებში ჩაფლული ევროპის ქვეყნებისთვის.

და ირანი... საკითხი, რომელზეც შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ევროკავშირის ქვეყნები ვერ თანხმდებიან, უფრო სწორად, ორივე მხარე აღიარებს, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მაგრამ ევროკავშირი ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას უჭერს მხარს, ამერიკის პრეზიდენტს კი ამაზე, როგორც იტყვიან, არც ერთი სიტყვის გაგონება არ სურს. პირიქით, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ევროპის ქვეყნები ამერიკის პოლიტიკას არ უჭერენ მხარს.

ირანთან დაკავშირებით დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სანამ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქნება, დაძაბულობა ამ ქვეყანასთან არათუ არ შემცირდება, არამედ შეიძლება გაიზარდოს კიდეც. შეიძლება ისეთი ინციდენტებიც განმეორდეს, როგორიც დრონების ჩამოგდებასთან დაკავშირებით ვიხილეთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს