"ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო" - პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის დეტალები - კვირის პალიტრა

"ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო" - პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის დეტალები

თურქეთი და რუსეთი ორი სრულიად განსხვავებული სახელმწიფოა, როგორც სტრატეგიული მიზნებით, ისე რეგიონალური თუ საერთაშორისო მნიშვნელობით. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებისას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ამ ორი ქვეყნის ლიდერები საერთო ენის გამონახვას შეძლებდნენ.

ურთიერთობები მათ შორის განსაკუთრებით გამწვავდა 2015 წლის 24 ნოემბერს, მაშინ როცა თურქეთის F-16-მა რუსული Cу-24м ჩამოაგდო. მაგრამ ვითარება, დროსთან ერთად, მაინც გამოსწორდა. როგორც ამბობენ, "ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო" - ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მსგავსებებმა განსხვავებებს გადააჭარბა და დღეს მივიღეთ საკმაოდ საინტერესეო რეალობა.

რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობა ღრმავდება და ამის ძალიან კარგი მაგალითია C-400-ებთან დაკავშირებული შეთანხმება, რომელიც დასავლეთის ქვეყნებისა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მხრიდან მუქარების მიუხედავად, მაინც არ გაუქმდა. 27 აგვისტოს კი თურქეთმა დაიწყო რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის მეორე ბატარეის მიღება.

C-400-ების მიღებას დაემთხვა პრეზიდენტების - რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში, სადაც საკმაოდ საინტერესო განცხადებები გაკეთდა, განსაკუთრებით კი სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე.

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ერდოღანთან ისაუბრა Су-35-ებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე და შესაძლო მუშაობაზე ახალი ტიპის თვითმფრინავ Су-57-ებზე. "ჩვენ ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენ მოვახდინეთ იარაღის ახალი სისტემებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის ახალი სისტემების დემონსტრირება. ჩემი აზრით, ჩვენი თურქი პარტნიორები ბევრმა რამემ დააინტერესა არა მხოლოდ შეძენის, არამედ ერთობლივი წარმოების კუთხით. ამასთანავე, ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - განაცხადა პუტინმა.

სამხედრო სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა და გარკვეული ტიპის იარაღების ერთობლივი წარმოება ერდოღანისთვის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ამ მიმართულებით საკუთარ ქვეყანაში ტექნოლოგიები განვითარდეს და შეიქმნას ბაზა მომავალი დამოუკიდებელი მუშაობისთვის. ამ ფაქტორს, ბუნებრივია, პუტინი აუცილებლად გამოიყენებს, მით უმეტეს ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ნატოსთვის.

"გვსურს გავაგრძელოთ სოლიდარული მუშაობა რუსეთთან თავდაცვის ინდუსტრიის ბევრ სფეროში. ეს შეიძლება მოხდეს სამოქალაქო ან საბრძოლო თვითმფრინავებთან დაკავშირებით. მთელი არსი არის სოლიდარობის სული" - ეს კი თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

ბუნებრივია, ასეთი სიახლის მოსმენა ნატო-ს ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატებისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იქნებოდა. C-400-ების შეძენასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ერთადერთი რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა იყო თურქეთთან F-35-ებთან დაკავშირებული თანამშრომლობის შეჩერება, თუმცა ერდოღანმა მაშინვე განაცხადა, რომ თუ F-35-ებს ალტერნატივა ჰქონდა Су-57-ების სახით. რუსული ბოლო თაობის გამანადგურებელი კი ორმა პრეზიდენტმა ერთად დაათვალიერეს მოსკოვთან ახლოს ჟუკოვსვკში ავიაკოსმოსურ გამოფენაზე МАКС-2019.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა კი ღიად განაცხადა, რომ: "თურქეთმა გამოხატა გულწრფელი ინტერესი რუსულ შეიარაღებასთან, მათ შორის Су-35-ებთან დაკავშირებით".

სამხედრო სფეროში რუსეთთან ასეთი ახლო თანამშრომლობა არ არის მხოლოდ სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილება თურქეთის მხრიდან. ეს არის პოლიტიკური გზავნილიც დასავლეთისთვის.

როგორი შეიძლება იყოს პასუხი შეერთებული შტატებისგან ან თუ ჩანს არსებითი სანქციების დაწესების შესაძლებლობა თურქეთისთვის?!

როგორი ავტორიტარიც არ უნდა იყოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ის საკმაოდ კარგად ხედავს, თუ რის საშუალებას აძლევს მას არსებული პოლიტიკური რეალობა, რაზე დახუჭავენ თვალს მისი მოკავშირეები ნატო-ში, რა სისუსტეები აქვთ მის დასავლელ მოკავშირეებს და როგორ შეიძლება ამ სისუსტეებით მანიპულირება. ამ შემთხვევაში რეალობა შემდეგნაირია - რაც უფრო მეტ სიმკაცრეს გამოიჩენს ამერიკა ან ნატო თურქეთთან მიმართებით, მით უფრო მეტად გადაიხრება ერდოღანი რუსეთისკენ (ასევე ჩინეთისკენაც, რომელთან ურთიერთობებს ასევე ავითარებს თურქული მხარე), რუსეთის პრეზიდენტი კი სიხარულით გააკეთებს იმას, რაც ნატო-ს დაასუსტებს.

"თურქეთმა უნდა აირჩიოს: სურს მას რომ დარჩეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად? თუ სურს რომ რისკის ქვეშ დააყენოს ამ პარტნიორობის უსაფრთხოება თავზეხელაღებული გადაწყვეტილებებით, რომელიც ძირს უთხრის ალიანსს?" - ეს განცხადება შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 2019 წლის 3 აპრილს გააკეთა, მაშინ, როცა C-400-ების ბატარეები ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული თურქეთს, მაგრამ შეთანხმება რუსეთთან გაფორმებული იყო და მის გაუქმებაზე ერდოღანი უარს აცხადებდა.

თურქეთმა გააკეთა არჩევანი, თუმცა ამერიკისა და ნატო-ს პასუხი ამაზე ჯერჯერობით არც ისე ძლიერი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის სხვა დეტალებს.

განსაკუთრებით საინტერესოა შეკითხვა, თუ როგორ შეძლებენ ვლადიმირ პუტინი და თაიფ ერდოღანი სირიასთან დაკავშირებით თანამშრომლობას, მაშინ როდესაც საწინააღმდეგო ბანაკებს უჭერენ მხარს, სირიის ხელისუფლებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურს, თურქეთს კი საკუთარი სამხედრო პოსტები აქვს განლაგებული იდლიბის პროვინციაში, აკონტროლებს აფრინის პროვინციას და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის ჩატარებას აანონსებს ქურთული დაჯგუფებების წინააღმდეგ.

თუმცა, როგორც ჩანს, საერთო ენას სირიასთან დაკავშირებითაც გამონახავენ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები.

"ჩვენ გვესმის თურქეთის შეშფოთების, რომელიც უკავშირდება მათი სამხრეთის საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ვთვლით, რომ ეს თურქეთის რესპუბლიკის კანონიერი ინტერესია", - ასეთი განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმა და დაამატა: "ჩვენ ვეყრდნობით იმას, რომ უსაფრთხოების ზონის შექმნა თურქეთის რესპუბლიკისთვის მის სამხრეთის საზღვართან კარგი პირობა იქნება თავად სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის".

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იდლიბის პროვინციის დაბომბვა მაისის შემდეგ უკვე ინტერნსიურად მიმდინარეობს, რომელსაც ჯამში 500 ადამიანი ემსხვერპლა და 1200 დაშავდა, ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთმა სირიასთან მიმართებით უკან დაიხიოს. ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე მისაღები გამოსავალი მართლაც უსაფრთხოების ზონის შექმნაა, სადაც არ იქნებიან სირიის ოპოზიციისა და ჯიჰადისტური დაჯგუფებები, სადაც ასევე არ იქნებიან ქურთული დაჯგუფებები და სადაც ოფიციალური კონტროლი სირიის ხელისუფლების ქვეშ იქნება, თურქეთს კი უფლებას მისცემენ რამდენიმე სამხედრო პოსტი შეინარჩუნოს. ამ მოსაზრებით, შენარჩუნდება როგორც სირიის ტერიტორიული მთლიანობა და დაკმაყოფილდება თურქეთის მოთხოვნები მის სამხრეთ საზღვართან უსაფრთხოებაზე.

თუკი არსებულ განცხადებებს დავუმატებთ იმას, რომ თურქეთი და რუსეთი ასევე თანამშრომლობენ გაზსადენის "თურქეთის ნაკადის" მშენებლობასა და აკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, დავინახავთ, რომ ნელ-ნელა ორმა ქვეყანამ მაინც მონახა გადაკვეთის წერტილები და მათი თანამშრომლობა ღრმავდება.

არსებობს აზრი, რომ ეს თანამშრომლობა მყიფეა და არ არის სანდო, მაგრამ რა უდგას წინ იმას, რომ ორმა ქვეყანამ მართლაც გადალახოს ისტორიული მტრობა და განსხვავებები და საერთო რეგიონალური თუ სტრატეგიული მიზნების განხორციელებას შეეცადონ?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს