სად გადის წითელი ზღვარი ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით? - კვირის პალიტრა

სად გადის წითელი ზღვარი ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით?

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებამ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სამართლიანი აღშფოთება და შეიძლება ითქვას, დაბნეულობაც გამოიწვია. მართლაც, ნუთუ შესაძლებელია ალიანსის წევრობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე და იმის იმედის ქონა, რომ შემდეგ, ოდესმე ეს ტერიტორიები ისევ დაგვიბრუნდება?

საუბარი ამ მიმართულებით და ვერსიები იმაზე, რომ საქართველოს შეუძლია ნატო-ს წევრი გახდეს ისე, როგორც ეს მოხდა თავის დროზე გერმანიის შემთხვევაში, დიდი ხანია მიმდინარეობს. არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. არის უფრო რადიკალურად განწყობილი ნაწილიც, რომელიც თვლის, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია, უკან დაბრუნების შანსი აღარ არსებობს და ახალ რეალობაზე მორგებით უნდა შეძლოს საქართველომ საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველყოფა. არის მესამე ნაწილიც, რომელიც არ ეთანხმება ამ აზრს. ძნელი სათქმელია რამდენად ასე იქნება, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ ათობით ათასი დევნილი ადამიანისთვის, რომლებიც იძულებული გახდნენ სახლები დაეტოვებინათ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასეთი პერსპექტივა არ იქნება მისასალმებელი...

რა იყო ძირითადი ბატონი რასმუსენის განცხადებაში?

1. მთავარი პრობლემაა ოკუპირებული ტერიტორიები. საქართველო ასრულებს აუცილებელ კრიტერიუმებს ნატო-ს წევრობისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა.

2. თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს, მაგრამ მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში;

3. ეს რისკია, მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება საქართველოს სამომავლო წევრობაზე ნატო-ში?

ჩემთვის, როგორც ბლოგის ავტორისთვის, ჩნდება კითხვები, რომლებზე პასუხს რასმუსენი არ ან ვერ გაგვცემს. მაგალითად, არის მისაღები ნატო-ს წევრობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე? ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ მომავალში ეს ტერიტორიები საქართველოს დაუბრუნდება და ნატო-ში ერთიანი საქართველო გააგრძელებს არსებობას? როგორი იქნება ან როგორ დარეგულირდება პოტენციურად ნატო-ში წევრობის შემდეგ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიით, რომლის მუშაობა ნაყოფიერია, მაგრამ არ არის საკმარისი?

და ჩნდება კიდევ ერთი მთავარი შეკითხვა:

ნატო-ში გაწევრიანება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ხომ არ იქნება პრობლემის მოგვარება ისევ და ისევ ნატო-სთვის და არა საქართველოსთვის? - ახლანდელი რეალობიდან გამომდინარე, ნატო-ს ხელმძღვანელობისთვის ზედმეტი თავისტკივილია აწარმოონ საქართველოსთან მოლაპარაკებები პოტენციურ წევრობაზე, იფიქრონ რუსეთის მხრიდან პოტენციურ პასუხზე და ამასთან ერთად საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციები გაუწიონ, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები. ხომ ჯობს ამ ზედმეტ ჯაფას, გაწევრიანდეს საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე და არსებული პრობლემა მომავლის საკითხი გახდეს?

ასევე ძალიან მაინტერესებს, რატომ შეუძლია ბატონ რასმუსენს დარწმუნებული იყოს, "რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში?" როდის შემდეგ გახდა რუსეთის პრეზიდენტი პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორი ნატო-სთვის? ნატო არ არის ის ალიანსი, რომელიც აწარმოებს რუსეთის შეკავების პოლიტიკას, ამზადებს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს პოტენციური თავდასხმების თავიდან ასაცილებლად და სამხედრო წვრთნებს მართავს რუსეთის საჩვენებლად, რომ ხელწამოსაკრავ ძალას არ წარმოადგენენ? იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დაიწყებს ნატო-ში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე გაწევრიანების მოლაპარაკებებს, რასაც აუცილებლად მოჰყვება პროვოკაციები დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რუსეთის მხრიდან, ვინ დაუჭერს მხარს საქართველოს და დაეხმარება არა წუხილით, ლოცვებითა და შეშფოთებით, არამედ რეალური დახმარებით?

ბატონმა რასმუსენმა აღნიშნა, რომ "პუტინმა იცის, ნატო და ევროკავშირი ნაკლებად მოინდომებენ ეს პრობლემები გადმოიტანონ ჩვენს ორგანიზაციებში". ჩვენც ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ 2008 წლის სცენარის შემთხვევაში სამხედრო ძალით ჩარევა ალიანსის მხრიდან არ მოხდება? - მაშინ რა არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არის ბატონი რასმუსენი დარწმუნებული, რომ "პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში?"

ასევე გასათვალისწინებელია საერთაშორისო პოლიტიკაში შექმნილი ვითარება და ის რეალობა, რომ 2008 ან შემდგომი წლებისგან განსხვავებით, ძალთა ბალანსი მსოფლიოში შეცვლილია, შეცვლილია პოლიტიკური რეალობაც. შეერთებული შტატების პრეზიდენტი სრულიად ამოუცნობი და არაპროგნოზირებადი პიროვნება აღმოჩნდა, ასევე შეიცვალა ჩვენი მეზობელი და ნატო-ს წევრი თურქეთიც, რომელიც ახლა რუსეთის მოკავშირედ უფრო გვევლინება, ვიდრე ამერიკის.

როცა ნატო-ში წევრობაზე ვსაუბრობთ ხოლმე რატომღაც მხოლოდ რუსეთზე მახვილდება ყურადღება, მაგრამ არაფერი ითქმება ხოლმე თურქეთზე. იქნება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის მისაღები საქართველოს ნატო-ში წევრობა? ესეც კიდევ ერთი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი სჭირდება.

რა თქმა უნდა, ბატონი რასმუსენის განცხადება ოფიციალურად მხოლოდ და მხოლოდ მისი აზრია, მაგრამ მაინც არის გარკვეული მინიშნება იმაზე, თუ რას გულისხმობს საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში და რამდენი შეკითხვა ჩნდება ამ თემასთან დაკავშირებით.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩვენს ე.წ. პოლიტიკურ "ელიტას" ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს