უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - თავდასხმა საუდის არაბეთში, ნავთობის საბადოებზე შეიძლება ომის მიზეზად იქცეს?
უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - თავდასხმა საუდის არაბეთში, ნავთობის საბადოებზე შეიძლება ომის მიზეზად იქცეს?
გასული ზაფხულის განმავლობაში არაერთხელ ვნახეთ, თუ როგორ დაიძაბა ურთიერთობა სპარსეთის ყურეში ირანსა და შეერთებულ შტატებს, ასევე რეგიონში მის მოკავშირეებს შორის. ეს, რა თქმა უნდა, გამოწვეულია ზოგადი დაძაბულობით, თუმცა 20 ივნისს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC-ის) საჰაერო ძალებმა ამერიკული დრონი ჩამოაგდეს, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჰაერო დარტყმები ირანზე შეტევამდე 10 წუთით ადრე გააუქმა, ამის მიზეზად კი არაპროპორციული პასუხი დაასახელა - ირანმა ამერიკის უპილოტო საფრენი აპარატი
ჩამოაგდო, ანუ ადამიანური მსხვერპლი ინციდენტს არ მოჰყოლია, ამერიკული დარტყმების შედეგად კი ირანის მხრიდან 150 ადამიანი დაიღუპებოდა.

ამას მალევე მოჰყვა დაპირისპირების ახალი ტალღა. 4 ივლისს გიბრალტარის სრუტეში დააკავეს ირანის მფლობელობაში არსებული ნავთობის ტანკერი Grace 1, რასაც მალევე მოჰყვა ირანის მხრიდან სპარსეთი ყურეში უკვე დიდი ბრიტანეთის მფლობელობაში
არსებული ტანკერის Stena Impero დაკავება. აღსანიშნავია, რომ Grace 1, რომელსაც შემდეგ Adrian Darya 1 უწოდეს, უკვე გაანთავისუფლეს, ბრიტანული ტანკერი კი ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება.

ამის შემდეგ ვნახეთ, რომ უკვე ამერიკელებმა ჩამოაგდეს ირანული დრონი სპარსეთის ყურეში, საკუთარი სამხედრო ხომალდების დაცვის მიზნით, თუმცა ამას რაიმე ძლიერი პასუხი ირანის მხრიდან არ მოჰყოლია.

ეს შესავალი იმისთვის გავაკეთეთ, რომ ბოლოს მომხდარი თავდასხმა საუდის არაბეთში არსებულ ნავთობტერმინალებზე აბკაიკსა და ჰურაისში ამ მოვლენებთან კავშირში უნდა განვიხილოთ. ეს არის ირანი-შეერთბულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის დაპირისპირების გაგრძელება, რაც ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო სახიფათო ხდება.
მართალია თავდასხმაზე იემენში არსებულმა ჰუსიტების დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს დაახლოვებით იმ სცენარს ჰგავს, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონში არსებული დე-ფაქტო მთავრობა საზღვარს გადმოწევს, ოფიციალური მოსკოვი კი განაცხადებს ხოლმე, რომ მათ ამასთან საერთო არაფერი აქვთ.
იგივე ვითარება გვაქვს ამ შემთხვევაშიც - ჰუსიტების დაჯგუფებას ზურგს უმაგრებს ირანი. თეირანი ოფიციალურად უარყოფს, რომ არათუ თავდასხმაში არ მიუღია მონაწილეობა, არამედ ამასთან საერთო არაფერი აქვთ, თუმცა მარტივი მისახვედრია, რომ როდესაც საქმე ეხება ამ მასშტაბის შეტევას, ეს ირანის ჩარევის გარეშე ვერ განხორციელდება.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების მთავობამ უკვე გაასაჯაროვა სატელიტიდან გადაღებული ფოტოები, რომელზე დაყრდნობითაც ამბობენ, რომ შეტევა განხორციელდა ერაყის მხრიდან. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეომ ირანი დაადანაშაულა და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას თავდასხმების დაგმობისკენ.
აბკაიკის ნავთობტერმინალზე თავდასხმის იბიექტებისთვის სატელიტით გადაღებული ფოტო

გარდა ამისა, საინტერესოა ის ცნობები, რაც მედიაში (New York Times, ABC და Reuters) ვრცელდება არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, სამიზნეებზე თავდასხმის 19 წერტილი აღინიშნება და თავდასხმა განხორციელდა არა ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან, რომელიც საუდის ნავთობის საბადოების სამხრეთით მდებარეობს, არამედ დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან.

საინტერესოა, თუ რატომ განხორციელდა დარტყმები ახლა?

ამის მიზეზად შეიძლება რამდენიმე ვარიანტი ვივარაუდოთ:
1. 17 სექტემბერს გაიხსნება გაერო-ს გენერალური ასამბლეა, რომელსაც ირანის პრეზიდენტიც უნდა დაესწროს. შესაძლოა, ამ ღონისძიებაზე ირანს ძლიერი მხარის პოზიციიდან საუბრისთვის დასჭირდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა;

2. გასულ კვირაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ ამერიკის პრეზიდენტი ირანის პრეზიდენტს შესაძლოა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეხვედროდა. შესაძლოა სწორედ ისევ ძლიერი მხარის პოზიციიდან საუბრისთვის განხორციელდა თავდასხმა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ირანის პრეზიდენტის ბოლო განცხადებით, ის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრას არ გეგმავს;

3. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი. შესაძლოა ეს თავდასხმა გარკვეულწილად იყოს ტესტი დონალდ ტრამპისთვის - როგორ უპასუხებს ის გამოწვევას ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრე ბოლტონის გარეშე?

4. ყველაზე უფრო სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი - უკვე თვეების განმავლობაში ირანს საერთაშორისო სანქციები ადევს და რაც ყველაზე მთავარია, ვერ ახორციელებს ნავთობის იმ რაოდენობით ექსპორტს, რაც მას სჭირდება. შედეგი არ გამოიღო არც ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებებმა. ამას ემატება ის, რომ საუდის არაბეთი ირანის რეგიონალური მეტოქეა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული თავდასხმა არის სამაგიერო საერთაშორისო სანქციებისთვის და პირველ რიგში კი შეერთებული შტატებისთვის.

რაც შეეხება თავდასხმით ირიბად სარგებლის მქონე მხარეს რუსეთს - ბუნებრივია, გაზრდილი ფასები ნავთობზე მას ხელს აძლევს - რაც უფრო მეტად გაძვირდება ნავთობი, მით უკეთესია მისთვის. დღეს, 17 სექტემბერს ნავთობზე ფასებმა მოიმატა - ბრენტის ტიპის ნავთობი ბირჟებზე ვაჭრობის დაწყებისას $60-დან $66 გახდა. საინტერესოა ისიც, რომ დაზიანებულ საბადოებზე ვითარების გამოსწორებას თვეები შეიძლება დასჭირდეს.

ასევე საინტერესოა ისიც, თუ როგორი იქნება ამ ყველაფერზე შეერთებული შტატების პასუხი. The Washington Post-ის მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამხედრო მოქმედებასაც განიხილავდა თავდასხმის საპასუხოდ, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს. დონალდ ტრამპმა კი შემდეგ „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ სამხედრო მზადყოფნაში არიან, თუმცა საბოლოო პასუხისთვის საუდის არაბეთს ელოდებიან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა