რა ჩამოიტანა შტაინმაიერმა საქართველოში? - კვირის პალიტრა

რა ჩამოიტანა შტაინმაიერმა საქართველოში?

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში ჩამოვიდა და ჩამოიტანა, უფრო სწორად თუ ვიტყვით, წინ წაიმძღვარა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც, ჩვენი აზრით, ამ ვიზიტის არსს და მიზანს წარმოადგენს. გაზეთ "კვირის პალიტრას" მან ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ვკითხულობთ:

"კარგია, რომ ისევ აღდგა საუბრის არხები საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ამასთან, საქართველო დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს და ამავე დროს აქვს თავისი პარტნიორების მხარდაჭერა".

რა თქმა უნდა, შტაინმაიერი მხოლოდ ამის სათქმელად არ ჩამოსულა ჩვენთან, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მიმართულია საზოგადოების დიდი ნაწილის, ექსპერტებისა და პოლიტიკოსებისკენ.

ჩვენ გვახსოვს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის უარყოფითი შეფასებები საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თაობაზე. გვახსოვს ასევე ექსპერტების შეფასებები, თითქოს ეს შეხვედრა იყო წამგებიანი და არაფრის მომტანი. იყო განცხადებები, რომ არსებულ ვითარებაში რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს და ა.შ.

საინტერესოა ისიც, თუ რა ხდება შტაინმაიერის ამ განცხადებების პარალელურად რუსეთთან მიმართებით საერთაშორისო პოლიტიკაში.

გასულ სამშაბათს, 1-ლ ოქტომბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამ ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნებას და განაცხადა:

"სრულად მხარს ვუჭერ გაკეთებულ არჩევანს, რომ რუსეთი დარჩეს ევროპის საბჭოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი ახლოს არის ევროპულ ჰუმანიზმთან. რუსეთი ფუნდამენტურად ევროპული ქვეყანაა", - ასეთი იყო ემანუელ მაკრონის სიტყვები.

გავიხსენოთ ისიც, რომ იმავე დღეს უკრაინამ, რუსეთმა და უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა (საუბარია ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებზე) წერილობითი თანხმობით დაადასტურეს თანხმობა ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის ამოქმედებაზე. მოკლედ თუ ვიტყვით, ეს არის მოდელი, რომლის მიხედვითაც უნდა დაიწყოს უკრაინაში კონფლიქტის რეგულირება - დონბასის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომლის დროსაც ეს ტერიტორია განსაკუთრებულ სტატუსს მიიღებს, ხოლო თუ არჩევნების შედეგებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია აღიარებს, მაშინ განსაკუთრებული სტატუსი (რეალურად ფართო ავტონომია) მუდმივი გახდება.

აქ აღარ დავაკონკრეტებ ე.წ. ფორმულის დეტალებს. უბრალო დამკვირვებლისთვისაც ნათელია, რომ ამ შემთხვევაში უპირატესობას იღებს რუსეთის მხარე. რატომ? რუსეთისთვის სავსებით მისაღებია ე.წ. რესპუბლიკებს დონეცკსა და ლუგანსკში ფართო ავტონომია ჰქონდეთ. ამით ის ერთხელ და სამუდამოდ ხაზს გადაუსვამს უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრების პროცესს და პრობლემაც მოგვარდება.

ამ ფონზე ისიც საინტერესოა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი მიესალმა ფორმულაზე თანხმობას და იმედი გამოთქვა, რომ ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში სამიტი მალე ჩატარდება.

შევაჯამოთ - რას ვხედავთ ევროპის წამყვანი ქვეყნების მხრიდან საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით?

1. ვხედავთ ძალიან დიდ დათმობას უკრაინასთან მიმართებით. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყირიმის საკითხს ე.წ. ფორმულა არ ეხება და პრაქტიკულად მოხსნილია დღის წესრიგიდან (სიტყვიერ განცხადებებს თუ არ ჩავთვლით, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია და ის ოკუპირებულია);

2. ვხედავთ გერმანიის პრეზიდენტის ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოს მიმართ რუსეთთან დიალოგის მათი მხრიდან მხარდაჭერაზე;

3. ვხედავთ საფრანგეთის პრეზიდენტის ძალიან საინტერესო განცხადებებს რუსეთთან მიმართებით. ერთი ზემოთ მოვიყვანეთ, მეორე 28 აგვისტოს არის გაკეთებული: "ვფიქრობ, ევროპაში უსაფრთხოების და ნდობის ახალი მოდელი უნდა შევქმნათ. ეს იმიტომ, რომ ევროპის კონტინენტი ვერასდროს ვერ იქნება სტაბილური და უსაფრთხო, თუ რუსეთთან ურთიერთობას არ გავარკვევთ და არ მოვაწესრიგებთ. მოდით, გარკვევით ვთქვათ, რომ ეს არ არის ზოგიერთი ჩვენი მოკავშირის ინტერესებში. ზოგი ყოველთვის ეცდება ზეწოლა მოახდინოს, რომ მეტი სანქციები დაწესდეს. ეს მათ ინტერესებშია, თუნდაც ისინი ჩვენი მეგობრები იყვნენ, მაგრამ არა - ჩვენს ინტერესებში".

4. ელმარ ბროკმა, ევროკომისიის თავმჯდომარის სპეციალურმა მრჩეველმა უკრაინის საკითხებში ხაზი გაუსვა, რომ "სავაჭრო ბალანსი შეერთბულ შტატებსა და რუსეთს შორის გაიზარდა. სანქციების გამო (იგულისხმება რუსეთისთვის დაწესებული სანქციები) საფასურს იხდის ევროპა და არა შეერთებული შტატები. ისინი კი სარგებელს იღებენ სანქციებისგან. აი ასეთია რეალობა. ამის მიზეზი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და გეოგრაფიული მდებარეობაა".

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აღნიშნულიდან?

დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში, როცა შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნებისთვის გამოწვევები იცვლება და ჩინეთი ნომერ პირველი ხდება, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების ქონა წამგებიანია. ბევრად უფრო მომგებიანია ორივე მხარისთვის რუსეთის გამოყენება ჩინეთის წინააღმდეგ (რაც არც თუ ისე ადვილი ამოცანაა). ამ რეალობაში ევროკავშირისთვის არსებითია უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირება (თუნდაც რუსეთთან დათმობების ხარჯზე), სანქციების შერბილება ისევ და ისევ ეკონომიკური სარგებლისთვის და ახალ გამოწვევებზე ორიენტირება.

არის ეს რუსული დიპლომატიის გამარჯვება? - არის.

როგორი იქნება საქართველოს მიმართ დამოკიდებულება და მისი როლი? - ამაზე პასუხი გერმანიის პრეზიდენტისგან მივიღეთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს