"ერდოღანი და ადამიანობა ერთ წინადადებაში ვერ თავსდება" - როგორ უპასუხებს აშშ თურქეთის ქურთებზე თავდასხმას?! - კვირის პალიტრა

"ერდოღანი და ადამიანობა ერთ წინადადებაში ვერ თავსდება" - როგორ უპასუხებს აშშ თურქეთის ქურთებზე თავდასხმას?!

"პირველად მრცხვენია ჩემი კარიერის განმავლობაში", - ასე დაიწყო საუბარი ამერიკული ტელეარხის Fox News-ის ჟურნალისტთან ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრომ, რომელიც სირიაში მსახურობს 1000-კაციან ამერიკულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად. მის სახელს Fox News-ი არ ასახელებს გასაგები მიზეზების გამო.

"თურქეთი არ აკეთებს იმას, რაც შეთანხმებული იყო", - აგრძელებს სამხედრო საუბარს. "ეს საშინელებაა. ჩვენ უსაფრთხოების ყველა შეთანხმება დავაკმაყოფილეთ. ქურთებმა თურქებთან არსებული ყველა შეთანხმება დააკმაყოფილეს. საზღვრის ამ ტერიტორიიდან თურქეთის მიმართ არანაირი საფრთხე არ არსებობდა".

"ახლო აღმოსავლეთში ქურთები ყველაზე ახლოს არიან დასავლურ აზროვნებასთან. ეს სირცხვილია. ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ. ეს საშინელებაა", - ამბობს Fox News-ის ანონიმური წყარო.

მკითხველი მარტივად მიხვდება, რომ ეს სიტყვები თურქეთის მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას სირიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე და შეერთებული შტატების მიერ ქურთების სამხედრო დაჯგუფების, სირიის დემოკრატიული ძალების მიტოვებას შეეხება.

სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) იყო ის დაჯგუფება, რომელიც წლების განმავლობაში შეერთებული შტატების სამხედროებთან ერთად იბრძოდა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. სირიაში ჯერ კიდევ რჩება 1000-მდე ამერიკელი სამხედრო. რაც შეეხება იმ ტერიტორიას, საიდანაც სამხედროები უკვე გაიყვანეს,  ამერიკელების რაოდენობა 50-ის ფარგლებში იყო, მაგრამ ეს იყო იმის გარანტი, რომ აქ თურქეთი ოპერაციას ვერ დაიწყებდა.

ძნელი სათქმელია, რა უთხრა კვირას, 6 ოქტომბერს ტელეფონში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპმს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ამ საუბრის შემდეგ ტრამპმა ძალების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო და ამას "ტვიტერში" მთელი რიგი განცხადებებიც მიაყოლა.

მაგალითად, "დროა შევეშვათ სასაცილო, უსასრულო ომებს", "თუქეთმა, სირიამ, ირანმა, ერაყმა, რუსეთმა და ქურთებმა თავად გაარკვიონ ურთიერთობები", "თუ თურქეთი გააკეთებს იმას, რასაც ჩემი დიადი და უბადლო სიბრძნე ზღვარგადასულად მიიჩნევს, გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას", "შეერთებულმა შტატებმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ვინმე ელოდა, მათ შორის ხალიფატის ტერიტორიის 100%-ის ხელში ჩაგდება."

ამ განცხადებებში ტყუილ-მართლის ძიებას აქ აღარ შევუდგებით, თუმცა საკითხის სერიოზულობის საჩვენებლად ტრამპის მოკავშირის, რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებებს მოვიყვანთ:

"ერდოღანი და ადამიანობა ერთ წინადადებაში ვერ თავსდება", - ალბათ საკმარისია იმის დასანახად, თუ როგორი განწყობა აქვს დიდი ხნის გამოცდილ პოლიტიკოსს ერდოღანის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის გადაწყვეტილებამ ჯარების გაყვანაზე და ერდოღანის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებამ (რომელსაც "მშვიდობის წყარო" უწოდეს) მწვავე იმპიჩმენტის სკანდალში დაპირისპირებული დემოკრატები და რესპუბლიკელები გააერთიანა, რაც იშვიათი ფაქტია.

ლინდსი გრემმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა სანქციების პროექტი, რომელსაც მასთან ერთად დემოკრატი სენატორი კრის ვან ჰოლენიც უჭერს მხარს და ახლა დანარჩენების მხარდაჭერას ელოდება. სანქციები ეხება თურქეთის პოლიტიკურ ელიტას (პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდნეტს, თავდაცვის, საგარეო, ფინანსთა, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მინისტრებს) და თურქეთთან სამხედრო სახის ტრანზაქციებს, ასევე თურქეთის ენერგეტიკის სფეროს.

თუ ეს პროექტი სენატმა და შემდეგ წარმომადგენელთა პალატამაც დაამტკიცა (და ალბათ ასეც იქნება "გაგანია" იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებული გამოძიებების ფონზე), ეს სერიოზული დარტყმა იქნება დონალდ ტრამპისთვის, თუმცა შეერთებულ შტატებს შეუნარჩუნებს სახეს და იმის ნიშანი მაინც იქნება, რომ ამერიკა მოკავშირეებს არ ტოვებს. თუმცა ჯერჯერობით...

ჯერჯერობით თურქეთის პრეზიდენტი დაახლოვებით იმავე ტერმინოლოგიით ამართლებს სირიაში შეჭრას, როგორც რუსეთი ამართლებდა 2008 წელს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლას ან 2014 წელს დონბასსა და ყირიმში მოქმედებებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ ეს კეთდება თურქეთის უსაფრთხოებისთვის, საზღვრების დაცვისთვის და სირიაში დევნილების დაბრუნებისთვის.

რუსეთის მხარეც დაახლოვებით ასე საუბრობს ხოლმე საქართველოსთან მიმართებით: ჯარები შემოიყვანა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საზღვრების უსაფრთხოების დასაცავად, ვინაიდან რუსეთისთვის მიუღებელია ამერიკული ან ნატო-ს სამხედროები განლაგდნენ საქართველოს ან უკრაინის ტერიტორიაზე...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს