"მშვიდობის წყარო" - გაკვეთილი პატარა ქვეყნებისთვის, ანუ რა უნდა ისწავლოს საქართველომ? - კვირის პალიტრა

"მშვიდობის წყარო" - გაკვეთილი პატარა ქვეყნებისთვის, ანუ რა უნდა ისწავლოს საქართველომ?

"ჩვენ არ გვყავს მარადიული მეგობრები და ჩვენ არ გვყავს სამუდამო მტრები. მუდმივი და სამუდამო არის ჩვენი ინტერესები, მათი განხორციელება კი ჩვენი მოვალეობა", - ჰენრი ჯონ ტემპლის (1784 - 1865) ეს ციტატა ისტორიას შემორჩა და მეხსიერებაში სხვადასხვა ფორმით ჩაიბეჭდა, თუმცა ფაქტია, პოლიტიკის არსს ეს სიტყვები ყველაზე კარგად აღწერს. ეს სიტყვები ავტორს საკუთარმა გამოცდილებამ ათქმევინა. სხვადასხვა დროს ის იყო ინგლისის პრემიერ მინისტრი, შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამ სიტყვების ნამდვილობა ძალიან კარგად გამოჩნდა თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე. გახდება თუ არა ეს ოპერაცია "მშვიდობის წყარო" ძნელი სათქმელია, თუმცა ოპერაციამ კარგად დაგვანახა, თუ ვის როგორი ინტერესები აქვს რეგიონსა და სირიაში.

მთავარი შეკითხვა ახლა არის შემდეგი - მაინც რატომ დაიწყო შეერთებულმა შტატებმა ჯარების ასე ერთბაშად გაყვანა სირიიდან? რატომ არ ჰქონდა რუსეთს მკაცრი რეაქცია თურქეთის ნაბიჯებზე?

ჩემი აზრით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ დაწყებული ოპერაცია კარგი საშუალება აღმოჩნდა დონალდ ტრამპისთვის, რომ სირიიდან ჯარები გაეყვანა და ამით შეექმნა ილუზია, რომ წინასაარჩევნო დაპირება ნაწილობრივ მაინც შეასრულა (გავიხსენოთ, რომ ავღანეთში თალიბანთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რაც ამძაფრებს დაპირების შესრულების რეალობას).

სირიის ხელისუფლებისა და მასთან ერთად რუსეთისთვის ეს იყო შანსი, რომ იმ ტერიტორიებზე, რომელთაც ადრე ამერიკული მხარე აკონტროლებდა, თავად აღედგინა კონტროლი. ასეც მოხდა. ქურთულმა დაჯგუფებებმა დამასკოსთან შეთანხმებას მიაღწიეს და სირიის არმიამ თურქეთის საზღვართან დაიწყო განლაგება.

თურქეთის ინტერესებს აქ აღარ ჩავუღრმავდებით - ბოლო თვეების განმავლობაში ერდოღანი და თურქეთის პოლიტიკური ელიტა აქტიურად საუბრობდა სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის შექმნის აუცილებლობაზე, სადაც სირიელ დევნილებს გაანაწილებდა.

თუმცა ყველაზე უარეს მდგომარეობაში ახლა ქურთული დაჯგუფებები აღმოჩნდნენ - "ზურგში დანის ჩარტყმა" - ასე უწოდეს მათ ამერიკული მხარის მიერ ჯარების გაყვანას. რეალურად, დავინახეთ, თუ როგორ გამოიყენა შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო კოალიციამ ქურთული დაჯგუფებები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად და სირიაში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასავრცელებლად. ეს უკანასკნელი წარმატებით ნამდვილად ვერ განხორციელდა - სირიაში წამყვან მოთამაშედ რუსეთი დარჩა, ახლო აღმოსავლეთში კი ირანთან და თურქეთთან ერთად პოზიციები მაინც შეინარჩუნა.

ქურთები კი ისევ მარტო დარჩნენ, მომავალი "მოკავშირის" შემყურე.

ალბათ ეს მაგალითი ყველა პატარა ქვეყანამ კარგად უნდა გაითავისოს - დიდ სახელმწიფოებთან მოკავშირეობა გრძელდება მანამ, სანამ საერთო ინტერესები არსებობს, გამონაკლისი კი ამ შემთხვევაში არც საქართველო იქნება და არც უკრაინა, არც რომელიმე სხვა ქვეყანა...

აქვე უნდა ითქვას, რომ ამერიკამ თურქეთს სანქციები დაუწესა. სიაში თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მოხვდნენ. შეზღუდვები დაუწესდათ თურქეთის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტის მინისტრებს. ვაშინგტონი გეგმავს თურქეთიდან შემოსულ ფოლადზე ტარიფი 50%-მდე გაზარდოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, თურქეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყდება. მომავალში კი შეზღუდვები შესაძლოა ფინანსურ სექტორსა და ვიზის გაცემასაც შეეხოს.

გამოდის, რომ ამერიკა სანქციებს აწესებს სამხედრო ოპერაციის გამო, რომლის დაწყების საბაბი სირიიდან ჯარების გაყვანა გახდა.

რა თქმა უნდა, ამერიკის პრეზიდენტის პოზიცია იმაზე, რომ ჯარები სამშობლოში დააბრუნოს მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა მეორეა, როგორ აისახება ეს რეგიონში ძალთა ბალანსზე?

ჯერჯერობით, ეს რუსეთისა და სხვა რეგიონული მოთამაშეების წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა ამაზე უკვე მომდევნო ბლოგში ვისაუბრებთ...

იხილეთ ასევე: ბაშარ ასადი ქურთების გვერდით ერდოღანის თურქეთის წინააღმდეგ - პუტინის მორიგი სამხედრო-დიპლომატიური გამარჯვება?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს