"ერდოღანს არაფერი დაუკარგავს, ტრამპმა კი მას ყველაფერი მისცა" - რაზე შეთანხმდნენ თურქეთი და ამერიკა და ვინ არის გამარჯვებული? - კვირის პალიტრა

"ერდოღანს არაფერი დაუკარგავს, ტრამპმა კი მას ყველაფერი მისცა" - რაზე შეთანხმდნენ თურქეთი და ამერიკა და ვინ არის გამარჯვებული?

როგორ ავხსნათ შეთანხმება, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მიაღწია?

საინტერესოა ისიც, რომ გუშინ ანკარაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის გარდა იმყოფებოდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიანი და შეერთბული შტატების საგანგებო წარმომადგენელი სირიაში ჯეიმს ჯეფრი. შეხევდრებს ბუნებრივია ესწრებოდა ამერიკის ელჩი ანკარაში დევიდ სატერფილდი.

რაც შეეხება თურქეთის მხარეს, შეხევდრაში ამერიკელი პოლიტიკოსების კოლეგები იღებდნენ მონაწილეობას.

იმისთვის, რომ პასუხი გავცეთ ამ შეკითხვას, მასშტაბურად უნდა შევხედოთ იმას, რაც ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი 9 ოქტომბრის შემდეგ მოხდა.

ყველასთვის ცხადი ხდება, რომ სირიაში სამოქალაქო ომი და კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება (თუ არ ჩავთვლით მცირე საფრთხეებს, რომელიც საერთო სურათზე დიდ გავლენას, ჩემი აზრით, ვერ იქონიებს. ეს შეიძლება იყოს სირიის ოპოზიციისგან მომდინარე საფრთხე ან "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული შიშები, თუმცა ძნელი წარმოსადგენია დღევანდელ რეალობაში რომელიმემ ბაშარ ასადის ხელისუფლებას საფრთხე შეუქმნას, მით უმეტეს, გაზრდილი რუსული მხარდაჭერის ფონზე). კონფლიქტის დასასრულის მოახლოებასთან ერთად ჩნდება კითხვა - როგორ უნდა მორიგდნენ ერთმანეთში რეგიონული მოთამაშეები, რომელთაც ემატება შეერთებული შტატები?

ყველა მხარეს საკუთარი მოთხოვნები აქვს:

1. სირიის ხელისუფლებისა და რუსეთისთვის სირიის მთლიანობის აღდგენა და აქ სტაბილურობის დამყარებაა. დაახლოებით იგივეა ირანის ინტერესებიც;

2. თურქეთისთვის საკუთარი სამხრეთის საზღვრის "გაწმენდა" ქურთული დაჯგუფებებისგან, განსაკუთრებით კი "სახალხო თავდაცვის ძალებისგან". ამ დანაყოფის მებრძოლები "სირიის დემოკრატიული ძალების" შემადგენლობაშიც შედიან. "სირიის დემოკრატიული ძალები" კი ამერიკის მოკავშირეები იყვნენ.

3. შეერთებული შტატების ახლანდელი ადმინისტრაციისთვის ამერიკული ჯარების გამოყვანა სირიიდან არსებითად მნიშვნელოვანია. ეს ორი მიზეზით აიხსნება:

• წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე დონალდ ტრამპს სურს აჩვენოს საკუთარ ამომრჩეველს, რომ დაპირება შეასრულა და საზღვარგარეთის კონფლიქტებიდან ჯარები გამოჰყავს;

• ახლო აღმოსავლეთი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციისთვის ისეთ დიდ გამოწვევას, როგორც ჩინეთი, ამიტომ ახლა ყურადღება აზიელ კონკურენტზეა გამახვილებული. ეს ტენდენცია დონალდ ტრამპის რიტორიკასა და "ტვიტებშიც" ჩანს, რომელსაც აქ აღარ გავარჩევ.

როგორ შეიძლებოდა მხარეები შეთანხმებულიყვნენ ერთმანეთში?

ამაზე პასუხს გვაძლევს ტრამპის წერილი, რომელიც 9 ოქტომბრით თარიღდება. წერილში ტრამპი ერდოღანს უხსნის, რომ "ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ ზოგიერთი თქვენი პრობლემა მომეგვარებინა. მსოფლიოს იმედს ნუ გაუცრუებთ. თქვენ შეგიძლიათ დიდებული შეთანხმების მიღება. გენერალ მაზლოუმს სურს თქვენთან მოლაპარაკება და მზად არის ისეთი დათმობების გასაკეთებლად, რომელსაც წარსულში არასდროს გააკეთებდა."

გენერალი მაზლოუმი არის "სირიის დემოკრატიული ძალების" მეთაური.

დიდი ალბათობით, შედგა შეთანხმება სამ მხარეს - რუსეთს, თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომ ამერიკა ჯარებს გაიყვანდა სირიიდან, სავარაუდოდ, ქურთების დაჯგუფებებიც უნდა წასულიყვნენ დათმობებზე, სირიის საზღვარზე განლაგდებოდნენ სირიის ჯარები (რუსებთან ერთად) და ყველა მხარე კმაყოფილი დარჩებოდა.

მაშინ რატომ დაიწყო თურქეთმა ოპერაცია "მშვიდობის წყარო"?

სავარაუდოდ, ქურთების საკითხი მაინც ბუნდოვანი იყო. არ იყო გათვალისწინებული რეგიონიდან ქურთების გაყვანის საკითხი, რაც არსებითი, პრინციპული საკითხი იყო თურქეთისთვის და პირადად ერდოღანისთვის. ამერიკელებმა დაიწყეს ჯარების გაყვანა, რამაც საშუალება მისცა ერდოღანს შეჭრილიყო სირიის საზღვრებში და დაეწყო სამხედრო ოპერაცია.

დონალდ ტრამპის ორაზროვანმა პოზიციამ, რომელიც საჯარო განცხადებებშიც გამოჩნდა და "ტვიტერშიც", ასევე ძალიან კრიტიკულმა საერთაშორისო გამოძახილმა და პირველ რიგში, ძალიან მტკიცე პროტესტმა ამერიკული პოლიტიკური ელიტის, მათ შორის რესპუბლიკელი სენატორების მხრიდან, იძულებული გახადა ტრამპის ადმინისტრაცია პოზიციებისთვის გადაეხედა. ამიტომაც დაწესდა სანქციები და სწრაფადვე დაიგეგმა ამერიკული დელეგაციის ვიზიტი ანკარაში.

შეთანხმების საბოლოო ვარიანტზე კი უკვე მაიკ პენსმა ისაუბრა, სადაც ნათქვამია, რომ ქურთების დაჯგუფებები დატოვებდნენ თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას.

ვინ არის გამარჯვებული ამ ყველაფრით?

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის თუ ვესესხებით, "პრეზიდენტ ერდოღანს არაფერი დაუკარგავს, პრეზიდენტმა ტრამპმა კი მას ყველაფერი მისცა."

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშღლუმაც აღნიშნა, რომ მათ ყველაფერი მიიღეს რაც სურდათ.

როგორც ჩანს, კმაყოფილი არის რუსეთიც. მისი მთავარი მოწინააღმდეგე რეგიონიდან გადის, რეგიონულ მოთამაშეებთან კი დროთა განმავლობაში მორიგდება. ერთ-ერთ ასეთ მოთამაშესთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ვლადიმირ პუტინს შეხვედრა 22 ოქტომბერს ექნება სოჭში...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს