რას გულისხმობს პუტინისა და ერდოღანის "ისტორიული შეთანხმება"? - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს პუტინისა და ერდოღანის "ისტორიული შეთანხმება"?

ისტორიული შეთანხმება - ასე მოიხსენია თურქეთის მედიამ ის შედეგი, რომელსაც გუშინ, 23 ოქტომბერს, სოჭში შეხვედრის შემდეგ მიაღწიეს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. საინტერესო დეტალია, რომ შეხვედრა ორ პრეზიდენტს შორის 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეთანხმება საბოლოოდ მემორანდუმის სახით გამოქვეყნდა, რომელსაც აქაც გთავაზობთ:

1. ორივე მხარე თანხმდება, რომ მხარს უჭერენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნებას, ასევე თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

2. მხარეები ხაზს უსვამენ თავიანთ მზადყოფნას, ებრძოლონ ტერორიზმს მის ყველა გამოვლინებაში და ფორმაში და წინააღმდეგობა გაუწიონ სეპარატისტულ სწრაფვებს სირიის ტერიტორიაზე.

3. ამ კონტექსტში, არსებული სტატუს-კვო, ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" რაიონში, თელ-აბიადიდა და რას ალ აინის შორის, შენარჩუნდება.

4. ორივე მხარე ადასტურებს ადანის შეთანხმების მნიშვნელობას. რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს ადანის შეთანხმების განხორციელებას თანამედროვე გარემოებებში.

5. 2019 წლის 23 ოქტომბრის 12:00 საათიდან, სირია-თურქეთის საზღვრის სირიულ მხარეს, ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" ზონის გარეთ, შევლენ რუსეთის სამხედრო პოლიციისა და სირიის სასაზღვრო სამსახურის ძალები. ისინი ხელს შეუწყობენ ქურთების ძალებისა და მათი შეიარაღების გაყვანას, სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით, რომელიც უნდა დასრულდეს 23 ოქტომბრის 12:00 საათიდან 150 საათის შემდეგ. ამ მომენტიდან დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება, საზღვრიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, "მშვიდობის წყაროს" ოპერაციის რაიონიდან, გარდა ქალაქ ქამიშლისა.

6. ქურთების ყველა დანაყოფი და მათი შეიარაღება უნდა გამოვიდნენ მანბიჯიდან და თალ რიფათიდან;

7. ორივე მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს ტერორისტული ელემენტების აღმოფხვრისა და ინფილტრაციისთვის;

8. სირიაში ლტოლვილთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებისთვის ხელის შესაწყობად ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიღებული;

9. აღნიშნული მემორანდუმის მიმოხილვისა და კოორდინაციისთვის შეიქმნება ერთობლივი მექანიზმი მონიტორინგისა და ვერიფიკაციისთვის;

10. ორივე მხარე განაგრძობს სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრის მექანიზმის ძიებას, ასტანის მექანიზმის ფარგლებში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო კომიტეტის საქმიანობას.

ამ შეთანხმებაში მთავარი არის მე-5 მუხლი, რომელიც ქურთების მიერ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიის დატოვებისთვის ვადებს ზრდის 150 საათით ანუ 6 დღეზე ცოტა მეტი დროით. საინტერესო დამთხვევაა, რომ ანკარაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისა და მათ მიერ მიღწეული 120 საათიან (5 დღიან) ვადას 6 დღე დაემატა. ეს აჩენს შეკითხვას, ხომ არ შედგა გარკვეული შეთანხმება კულისებს მიღმა სამ ქვეყანას, თურქეთს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ქურთებთან დაკავშირებით?

წინა ბლოგებშიც გვისაუბრია ამგვარი შეთანხმების შესახებ და აღნიშნულიც სწორედ ამ ვარაუდს ამყარებს. ამით პირველ რიგში, შესრულდა რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნა დაეტოვებინათ ქურთებს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები. ასევე შესრულდა რუსეთისა და სირიის მთავრობის მიზნებიც - აღდგა გავლენა ქვეყნის იმ ტერიტორიებზე, სადაც ადრე ამერიკული ჯარები იყვნენ განლაგებული და სადაც ცენტრალური ხელისუფლება კონტროლს ვერ ახორციელებდა.

ძალიან ძნელია იმის წარმოადგენა, თუ როგორ შეიძლება ევროპის ქვეყნებმა ან შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ სცადონ სირიაში გავლენის მოპოვება. საინტერესოა გერმანიის თავდაცვის მინისტრის ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის ინიციატივა იმაზე, რომ ე.წ. უსაფრთხოების ზონაზე ევროპის ქვეყნებსაც უნდა ჰქონდეთ გავლენა. ამ რეალობაში გერმანიის ან სხვა ევროპული ქვეყნების როლი ან ის, თუ რა სახით შეიძლება ისინი წარმოდგენილი იყვნენ სირიაში, რთულია. ასევე კითხვის ნიშანს ბადებს ის, თუ რატომ უნდა დათანხმდნენ ასეთ ინიციატივას თურქეთი და რუსეთი, რომელნიც ერთად განახორციელებენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიებზე პატრულირებას?

რაც შეეხება რეგიონის მესამე მოთამაშეს, ირანს, ის მიესალმა მიღწეული შეთანხმების შედეგებს.

შედეგად მივიღეთ ის, რომ სირიის კონფლიქტიდან მომგებიანი პოზიციით გამოვიდნენ რეგიონული მოთამაშეები. რაც შეეხება ამერიკის პრეზიდენტს, ნუ გაგვიკვირდება, თუ ის გამარჯვებულად საკუთარ თავს დაასახელებს და იტყვის, რომ მის გარეშე ვერაფერი გამოვიდოდა...

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს