"ტვინმკვდარი ნატო"?! ანუ ვიცეკვოთ თუ ვიკითხოთ? - კვირის პალიტრა

"ტვინმკვდარი ნატო"?! ანუ ვიცეკვოთ თუ ვიკითხოთ?

7 ნოემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ  ბრიტანული The Economist-ისთვის მიცემულმა ინტერვიუმ დიდი რეზონანსი გამოიწვია. გასაგებია რატომაც - ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის პრეზიდენტმა ალიანსს "ტვინმკვდარი" უწოდა, ისაუბრა იმაზე, რომ ევროპა დღეს აღარ არის ქმედითი სტრატეგიული ერთეული, მას სჭირდება რეფორმირება და საჭიროა რუსეთთან თანამშრომლობა. ბუნებრივია, ასეთმა განცხადებებმა მსოფლიოს ლიდერების ყურადღება მიიქცია. გერმანიის კანცლერი და ნატო-ს გენერალურმა მდივანი ემანუელ მაკრონს არ დაეთანხმნენ, გერმანიაში სტუმრად მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ნატო-ს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რუსეთში კი ძალიან გაუხარდათ ფრანგი პრეზიდენტის ასეთი ხედვის მოსმენა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ნატო-სა და დასავლური ინსტიტუციების კრიტიკისგან მაინც შეიკავეს თავი. სერგეი ლავროვმა ირონიულად აღნიშნა, - თუკი საფრანგეთის პრეზიდენტი ასე ლაპარაკობს, ბუნებრივია, ამის მიზეზი ექნებოდაო.

საინტერესოა, რომ საქართველოში ამ ინტერვიუმ ისე ჩაიარა, თითქოს არც არაფერი ყოფილა (ისევე როგორც ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ევროკავშირის მხრიდან გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის თქმამ). არადა, საქმე შეეხება იმ სტრუქტურებს, რომელში გაწევრებაც ჩვენს პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოების ნაწილს აუციელბლად მიაჩნია. რატომ არ მიაქციეს აქ ყურადღება ამ ყველაფერს? - ალბათ იმიტომ, რომ უფრო საინტერესო პროცესები ხდება, მაგალითად, პარლამენტში ხინკლით მიდის გოცირიძე, ერთმენთს თავ-პირს ვალეწავთ იმის გამო, ვიცეკვოთ თუ - არა, ვმსჯელობთ იმაზე ფილმის ჩვენების ჩასაშლელად კინოკომბლე კომბლით მივა თუ  -უკომბლოდ, გაბუნიამ რა თქვა და ა.შ.

ემანუელ მაკრონის ინტერვიუში შეგვიძლია ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე მომენტი გამოვყოთ:

1. მაკრონის ხედვა ევროპაზე, ევროკავშირზე და მის როლზე თანამედროვე მსოფლიოში;

2. მაკრონის ხედვა ნატო-სთან დაკავშირებით;

3. მაკრონის ხედვა რუსეთთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით;

4. მცირე ახსნა-განმარტება იმაზე, თუ რატომ თქვეს უარი გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში.

მართლაც, დღეს ევროკავშირი ნელ-ნელა ქრება, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე და ემსგავსება კავშირს, რომელსაც აერთიანებს საერთო ბაზარი და რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მიღმა ვეღარაფერს ხედავს. რეალურად, ევროკავშირი დღეს ვერ უწევს წინააღმდეგობას ვერც რუსეთს, ვერც ჩინეთს, რომელიც შეიძლება მეტად საშიში აღმოჩნდეს ევროპის კონტინენტისთვის თავისი მზარდი ეკონომიკურ-ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამო, ვიდრე რუსეთი.

ამერიკის პრეზიდენტი სრულიად ცვლის ამერიკის საგარეო ხედვას. ის, რაც დღეს შეერთბულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ხდება უპრეცედენტოა - ორმა ყველაზე ახლო მოკავშირემ ერთმანეთს პრაქტიკულად სავაჭრო ომი გამოუცხადეს და ერთმანეთის პროდუქციაზე გადასახადები გაზარდეს. ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს და ორივე მხარე მოიყვანს არგუმენტებს, რომლითაც თავს გაიმართლებს, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება.

აღარ ჩავუღრმავდებით იმ პრობლემებს, რაც მაკრონმაც აღნიშნა და რაც ევროკავშირის შიდა გამოწვევებს წარმოადგენს - ესაა ბრექსიტი, მიგრანტების უკონტროლოდ მიღება, ერთიანი ხედვის არარსებობა საგარე გამოწვევებზე (მაგალითისთვის, მაშინ როცა ჩინეთს ქვეყნების ნაწილი გამოწვევად მიიჩნევს, მეორე ნაწილი ჩინეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას აღრმავებს), პოლიტიკური სპექტრის უკიდურესი დანაწევრება. მხედველობაში გვაქვს ის, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო უჭირთ ევროპის ქვეყნებში მმართველი უმრავლესობის მიღება არჩევნების შედეგად და აუციელებელი ხდება კოალიციების შექმნა. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიულობის მაღალი დონის მაჩვენებელი, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი დანაწევრება ქვეყნის ხელისუფლებას უკვე უუნაროს ხდის საგარეო თუ საშინაო გამოწვევების მიმართ...

რაც შეეხება ნატო-ს...

"ნატო ჩამოყალიბდა მტრისთვის, ვარშავას პაქტზე, პასუხის გასაცემად. 1990 წელს ჩვენ ახლიდან არ განგვისაზღვრია ამ გეოპოლიტიკური პროექტის მიზანი, მაშინ როცა თავდაპირველი მტერი აორთქლდა", - ასეთია მაკრონის პოზიცია. მართალია რუსეთი დარჩა გამოწვევად, მაგრამ ახლანდელ რუსეთსა და საბჭოთა კავშირს ვერ შევადარებთ.

როგორია დღეს ნატო-ს პოზიცია რუსეთის მიმართ და რამდენად მუშაობს ე.წ. შეკავების პოლიტიკა?

შეკითხვები ჩნდება დონალდ ტრამპის მიდგომასთან დაკავშირებითაც - როდესაც ნატო-ს ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოს ლიდერი ალიანსის წევრებზე იტყვის, რომ გარკვეული საკითხები მას არ ეხება, იმიტომ, რომ ეს მისი სამეზობლო არაა, ბუნებრივად გაჩნდება შეკითხვა - რა მოხდება, თუ ასადის ხელისუფლება თურქეთის სამხედროებზე ან მათ მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებზე შეტევას განახორციელებს სირიაში? მაშინაც ხომ არ იტყვის დონალდ ტრამპი, რომ მისთვის მთავარია სირიაში ნავთობის საბადოები და დანარჩენი მას არ ეხება? ეს შეკითხვები მაკრონსაც გაუჩნდა და ამიტომაც დასვა დიაგნოზი, რომ ის, რასაც დღეს ხედავენ, არის ნატო-ს ტვინის სიკვდილი.

რაც შეეხება რუსეთს...

აგვისტოში, ბრეგანსონში ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსება აუცილებელია. "ჩვენ გვაქვს უფლება, რომ არ ვიყოთ ჩვენი მეგობრების მტრების პირდაპირი მტრები", - ეს გასაგებ ენაზე ნიშნავს, რომ თუ ამერიკა და რუსეთი მსოფლიოში პირველობის გამო ჭიდაობენ, არ არის აუცილებელი ევროკავშირმა და ევროპის ქვეყნებმა მაინცდამაინც ამერიკის მხარე დაიჭირონ და საკუთარი ინტერესები დააზარალონ.

აქ ჩნდება შეკითხვა - თუ ემანუელ მაკრონი (და მისი სახით საფრანგეთის ან ევროპის პოლიტიკური ელიტის ნაწილი) უშვებს, რომ ამერიკის გამო შეიძლება არ ღირდეს რუსეთის მტრობა, რა პოზიციას დაიჭერს ის (და ევროპის პოლიტიკური ელიტა) საქართველოსთან დაკავშირებით?

რაც შეეხება ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საკითხს...

გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების უარი მაკრონმა ახსნა იმით, რომ უნდა მოხდეს გაწევრების პროცედურის რეფორმირება, ევროპა უნდა გახდეს უფრო თანმიმდევრული და ერთიანი აზრი ჩამოყალიბდეს გაფართოებასთან დაკავშირებით.

"ზოგიერთს სურს, რომ პურის ნაჭერი გაიზარდოს, მაგრამ როცა საქმე შეეხება კარაქის გაყოფას, მაშინ უარზე არიან", - ასეთი იყო მაკრონისეული შედარება.

ასეთი დამოკიდებულება, კრიტიკა ევროპისა და ნატო-ს მიმართ დღეს ჩვენს პოლიტიკურ "ელიტაში" და საზოგადოების უფროს თაობაში შიშს იწვევს და ეს ბუნებრივიც არის. მათი ხედვა და მიდგომა ევროკავშირისა და ნატო-სადმი ხედვა ჩმოყალიბდა 80-იან, 90-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის არსებობის ფონზე. ბუნებრივია, ამ ორს შორის რუსეთსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის დღეს შედარება არ არის. თუმცა არის დიდი განსხვავებაც - დღევანდელი ევროკავშირი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ადამიანის უფლებების დამცველ ერთ დიდ სტრუქტურას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ძალას, რომელიც ძლიერ მოკავშირედ გვევლინება.

გაიაზრო ის, რომ 90-იანების ევროკავშირი და ნატო, რომელიც საბჭოთა კავშირს ებრძოდა უკვე წარსულს ჩაბარდა ძალიან ძნელია. ამიტომაც არის, რომ უფროსი თაობის ნაწილი და პოლიტიკური "ელიტა" დასავლეთს, ევროკავშირს, ნატო-ს, ამერიკას 90-იანებში შექმნილი "რომანტიკული" შთაბეჭდილებების მიხედვით განიხილავენ და ავიწყდებათ ან ვერ ხედავენ დღევანდელს, ისეთს, როგორზეც ემანუელ მაკრონმა ისაუბრა.

ალბათ, რეალობისა და გამოწვევების უკეთ შესაფასებლად აჯობებს ნაკლები ვიცეკვოთ და მეტი ვიკითხოთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს