პროპორციული თუ მაჟორიტარული - რა წარმოადგენს გამოსავალს? - კვირის პალიტრა

პროპორციული თუ მაჟორიტარული - რა წარმოადგენს გამოსავალს?

ქართული პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები აგრძელებენ იმაზე ლაპარაკს, რომ პროპროციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე უარი, თან ნულოვანი ბარიერის პირობებში არის საზიანო ქვეყნისთვის და ამით საქართველოს საერთაშორისო არენაზე სახელი გაუტყდა. ასევე ისმის შეძახილები, რომ 18 ნოემბერს აქციის დაშლა "ძალადობრივი" იყო და პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებზე იძალადა, რითიც საქართველო უკვე პუტინის რუსეთს დაემსგავსა.

რეალურად, ვხედავთ ორ საკითხს, რომელსაც ქართული პოლიტიკური "ელიტის" ოპოზიციური მხარე აყენებს.

ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე აქციის დაშლის ხერხებს.

ქართველი პოლიტიკოსების, პოლიტიკური "ელიტის" წარმომადგენლების (ამ შემთხვევაში უკვე არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიცია) მოსმენისას მართებული იქნება თუ ვიკითხავთ - ეს ადამიანები ეცნობიან იმ ყველაფერს, რაც სხვადასხვა ქვეყნებში ხდება თუ ამომრჩევლის ხმების მისაღებად ისე ალამაზებენ ყველაფერს, როგორც ურჩევნიათ? (უფრო სავარაუდო მეორე ვარიანტია, მაგრამ ზოგიერთები ნამდვილად ტოვებენ ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მათი თვალსაწიერი რუსთაველის ძეგლიდან თავისუფლების მოედნამდე გრძელდება და პოლიტიკასაც ამ ერთი ქუჩიდან აფასებენ).

დავიწყოთ იმით, რომ როგორც პოლიტიკური "ელიტის" ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი აღნიშნავს (და ხელისუფლებაც ეთანხმება), პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესია, განსაკუთრებით ნულოვანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში. საინტერესოა, როგორ ახსნიან ეს პოლიტიკოსები პოლიტიკურ კრიზისებს იმ ქვეყნებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა არსებობს, დემოკრატიის ხარისხიც უფრო მაღალია და ბარიერიც კი აქვთ დაწესებული.

საუბარი გვაქვს ესპანეთზე, სადაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ოთხი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ხმების უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა, თუმცა ვერც კოალიციურ მთავრობას ქმნიან. რამდენად წარმატებით დასრულდება ბოლო მოლაპარაკებები და რამდენად ეფექტიანი იქნება ახალი ხელისუფლება ამას დრო გამოაჩენს, თუმცა ფაქტია, რომ საერთო ენის პოვნა პოლიტიკურ ძალებს შორის არ არის ისეთი მარტივი, როგორც დღეს ჩვენი ოპოზიციონერებისგან გვესმის, რომ შექმნიან კოალიციას და დემოკრატიულად გააგრძელებენ მმართველობას (აქ აღარ ვისაუბრებ იმაზე, რომ ზოგიერთმა ამ ოპოზიციონერებიდან წინა ხელისუფლების დროს დემოკრატიულობით ნამდვილად ვერ დაგვამახსოვრეს თავი).

ავიღოთ ისრაელის მაგალითი, სადაც ერთ წელიწადში ორჯერ, აპრილსა და სექტემბერში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, ვერც აქ მიიღო ხმების უმრავლესობა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ და მოლაპარაკებები გახდა საჭირო. სწორედ აქ იჩინა თავი იმ ყველაზე დიდმა სირთულემ, რისგან დაზღვეული საქართველო და მით უმეტეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ნამდვილად არ არის - პოლიტიკური ძალების ხედვები იმდენად განსხვავებულია და იმდენად დიდი დაპირისპირება არსებობს მათ შორის, რომ სექტემბრის არჩევნების შემდეგ ისრაელის ვერც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა შეძლო კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, ვერც მეორე კანდიდატმა, პარტია "ლურჯი და თეთრის" ლიდერმა ბენი განცმა. ახლა ნებისმიერ პარლამენტარს ექნება იმის უფლება, რომ პირველმა მოაგროვოს 61 დეპუტატის (ისრაელის ქნესეტში 120 წევრია) ხელმოწერა და მთავრობის ფორმირებაზე დაიწყოს მუშაობა. თუ ეს გეგმაც ვერ გაამართლებს, მაშინ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ახლა დავსვათ ასეთი შეკითხვა - როგორ შეძლებენ ქართული პოლიტიკური ძალების ლიდერები ერთმანეთთან მოლაპარაკებასა და კოალიციური მთავრობის ფორმირებას, მაშინ როცა ძაღლი-კატასავით არიან ერთმანეთზე გადაკიდებული?

პასუხი მარტივია - ვერ შეძლებენ. შესაბამისად, მათი მიზანი არის როგორმე პარლამენტში შესვლა და იქიდან საუბარი საქართველოს გადარჩენაზე. მთავარი არის არა არჩევნების ტიპი, არამედ მისი სამართლიანად ჩატარება და პოლიტიკური კულტურის ამაღლება.

რაც შეეხება მეორე, ბოლო აქციის დაშლის საკითხს, აქ რიტორიკულ შეკითხვას დავსვამთ - დაშლიდა თუ არა შეერთებული შტატების ან დიდი ბრიტანეთის პოლიცია იმ აქციას, რომლის ორგანიზატორების მიზანი კონგრესის ან უესტმინსტერის სასახლის ბლოკირება იქნებოდა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს