რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი
რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი
თურქეთის მხრიდან სიურპრიზები შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ალიანსისთვის არ წყდება. C-400-ების, სირიაში სამხედრო ოპერაციისა და მიგრანტების ნაკადთან დაკავშირებული მუქარების შემდეგ გადაწყვეტილება (რომელიც შეუძლებელია ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანხმობის გარეშე მომხდარიყო) ნატო-ს თავდაცვის გეგმის პრაქტიკულად დაბლოკვის შესახებ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.

გუშინ სააგენტო Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგება ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატო-ს ახალი საჯარისო ფორმირებები განლაგდეს მანამ, სანამ ალიანსი ტერორისტულ ორგანიზაციად არ
აღიარებს ერთ-ერთ ქურთულ დაჯგუფებას "სახალხო თავდაცვის ერთეულებს" (YPG).
ეს არის სერიოზული დარტყმა ნატო-სთვის, ვინაიდან უკვე ცხადად გამოჩნდა, რომ თურქეთს სერიოზული დისონანსი შეაქვს ალიანსში და მის ერთიანობას თუ არა, სულ მცირე მის იმიჯს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის.

ამ საკითხთან დაკავშირებით მალევე გაკეთდა განცხადებები ნატო-ს გენმდივნისა და
ლიტვის პრეზიდენტის მიერ. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის ამ ნაბიჯის მიუხედავად, ნატო-ს ერთიანი თავდაცვის სისტემას საფრთხე არ ემუქრება, ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კი აღნიშნა, რომ ამ საკითხის დრამატიზება არ შეიძლება და ალიანსში ყველა წევრს საკუთარი მოსაზრება აქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ეს განცხადებები მდგომარეობის ჩასაწყნარებლად უფრო არის გაკეთებული და ჩვენი აზრით, ნაკლებად ასახავს რეალობას.

რეალობა კი შემდეგნაირია.

ამ განცხადებების შემდეგ Reuters-მა უკვე თურქეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თურქეთი წინააღმდეგობას გაუწევს ნატო-ს ზეწოლას თავდაცვის გეგმის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს უკვე ნათლად აჩვენებს, რომ მდგომარეობა არც ისე მარტივია, როგორც ზემოთ აღნიშნულმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს და საუბარი მხოლოდ ალიანსში განსხვავებული აზრის ქონას არ შეეხება.

3-4 დეკემბერს ლონდონში ნატო-ს დაარსებიდან 70-ე სამიტი უნდა გაიმართოს, სადაც აუცილებლად დადგება თურქეთის მიერ სირიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის საკითხი, რაზეც ერდოღანს, სავარაუდოდ, მკაცრად გააკრიტიკებდნენ. როგორც ჩანს, ერდოღანმა თავად გადაწყვიტა შეტევაზე გადასვლა და სამიტამდე მოკავშირეებს სიურპრიზი დაახვედრა ერთი მხრივ თავდაცვის გეგმასთან, მეორე მხრივ კი C-400-ებთან დაკავშირებით, რომლის ტესტირებაც უკვე დაიწყეს ამერიკული გამანადგურებლების F-16 Viper-ებისა და F-4 Phantom II-ების წინააღმდეგ.

საინტერესოა, რომ ამაზე ამერიკელების მხრიდან პასუხი საკმაოდ ზომიერი იყო. არ არის გამორიცხული თურქეთთან მიმართებით ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში ურთიერთდაპირისპირებული აზრი არსებობდეს. დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში შედგა 13 ნოემბერს, ტრამპმა კოლეგის მიმართ საკმაოდ თბილი დამოკიდებულება გამოხატა. ამის მიზეზად ლიზელ ჰინცი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკლევარი და პროფესორი თურქეთის პრეზიდენტის პირად თვისებებს ასახელებს:
"ერდოღანი ძალიან კარგი მომლაპარაკებელია. ის ტრამპს მიმზიდველ არჩევანს სთავაზობს. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, თუ ერდოღანმა ტრამპს შესთავაზა, რომ სირიიდან ამერიკული ჯარი გამოიყვანოს და სახლში დააბრუნოს და ადგილზე ისლამურ სახელმწიფოს თურქეთი მიხედავს - ეს ტრამპისთვის შეიძლება ძალიან მიმზიდველი შემოთავაზება იყოს, რადგან მას სირიაში არსებული უკიდურესად კომპლექსური სიტუაცია არ ესმის. ერდოღანი ასევე სარგებლობს იმით, რომ შეერთებულ შტატებში საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში უთანხმოებაა - ტრამპი ყურადღებას არ აქცევს პროტოკოლს, წესებს, კონგრესს, ასუსტებს სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობას. ერდოღანი ამას ხედავს და სათავისოდ იყენებს."

შეიძლება ეს იყოს იმის მიზეზი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად მუქარებისა და წინასწარი გაფრთხილებებისა, არსებითი, ჯეროვანი პასუხი ვერ მივიღეთ C-400-ებთან დაკავშირებით (გარდა F-35-ების პროგრამიდან თურქეთის გარიცხვისა, რაც მცირეა იმ მასშტაბთან შედარებით, რაც თურქეთის ქმედებებს აქვს ნატო-სა და ამერიკისთვის) და ვერც თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე სირიაში.

თურქეთის მოთხოვნას YPG-ს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებასთანდ აკავშირებით კიდევ ერთი მხარე აქვს. როგორც ჩანს, ერდოღანს სურს, რომ საკუთარ ბრძოლაში ქურთების წინააღმდეგ ნატო-ს ალიანსიც ჩაითრიოს - აღიარების შემთხვევაში, თუ შემდეგ ამ დაჯგუფების მხრიდან განხორციელდება შეტევა თურქ სამხედროებზე სირიაში, თურქეთმა შეიძლება მე-5 მუხლის ამოქმედება და ალიანსის სრული სამხედრო დახმარება მოითხოვოს. ამის სურვილი, ჩვენი აზრით, ნატო-ში ნაკლებად აქვთ.

საინტერესოა ისიც, რომ ნატო-ს თავდაცვის გეგმისთვის მხარდაჭერის გამოცხადების წინააღმდეგობით თურქეთი ირიბად ატარებს რუსეთის ინტერესებსაც. ამ უკანასკნელის ინტერესებში შედის, რომ მის საზღვრებთან რაც შეიძლება ნაკლები იყოს სხვა ქვეყნებისა თუ ალიანსების სამხედრო დანაყოფები, ნატო-ში კი განხეთქილება მუდმივად არსებობდეს.

დღევანდელ რეალობას თუ შევხედავთ, თურქეთი რუსეთის მოკავშირედ უფრო გვევლინება, ვიდრე დასავლეთის, ამას კი თავისი მიზეზები აქვს. მაგალითად, თურქეთი ვერ შექმნიდა ე.წ. უსაფრთხოების ზონას სირიაში რუსეთის დახმარებისა და თანხმობის გარეშე.

დღეს არსებობს აზრი, რომ რუსეთისა და თურქეთის მოკავშირეობა მყიფეა და მათი შეთანხმებული მოქმედება დიდ ხანს ვერ გაგრძელდება. ასეთი შეხედულებები არსებობდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა პირველად განაცხადა C-400-ების შეძენაზე და ა.შ. თუმცა ურთიერთობების გაუარესების ნაცვლად, ვხედავთ საწინააღმდეგო პროცესს.

ვფიქრობ, თურქეთის გადაწყვეტილება ნატო-ს თავდაცვის გეგმასთან დაკავშირებით საქართველოსთვისაც საინტერესოა, ვინაიდან ჩნდება ერთი მთავარი შეკითხვა: თუ თურქეთი ნატო-ს თავდაცვის გეგმას პირადი ინტერესების გამო ეწინააღმდეგება, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დაუჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას მხარს?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გივი
01 დეკემბერი 2019 11:17
ამოდი ჭურიდან!
საღი აზრი
28 ნოემბერი 2019 15:25
ვინ ნატოში გაწევრიანებაში შეგვიშლის ხელს და ნატო ვინაა?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები